|
2018-04-18 19:54:06, 1586 ნახვა
საზოგადოება
Check in Georgia-ს 2018 წლის სეზონი ენიო მორიკონეს კონცერტით გაიხსნება
19 მაისს, Check in Georgia-ს 2018 წლის სეზონი ენიო მორიკონეს კონცერტით გაიხსნება, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელიც ლეგენდარული კომპოზიტორის, ენიო მორიკონეს კონცერტთან დაკავშირებით თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში ჩატარდა. როგორც ქუმსიშვილმა აღნიშნა, მაესტროსთან ერთად საქართველოში 121-კაციანი ორკესტრი ჩამოვა და ყველასთვის საყვარელ მუსიკას შეასრულებს. „სასიხარულოა ისიც, რომ მაესტროსთან ერთად კონცერტში ჩვენი ოპერის 70-კაციანი გუნდი იღებს მონაწილეობას. ეს ძალიან მხარებს, რადგან ქართველებს ექნებათ ცოცხალ კლასიკოსთან მუშაობის, გამოცდილების დაგროვების შესაძლებლობა და მეორეც - ეს იქნება შემოსავალი ჩვენი მუსიკოსებისთვის. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ეს იქნება ზეიმი ყველასთვის. მოგეხსენებათ, რომ წელს გვაქვს დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლის იუბილე და სწორედ აღნიშნული იუბილესადმი იქნება მიძღვნილი ეს კონცერტი. ვფიქრობთ, რომ კარგი და ღირსეული არჩევანი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ჩვენი დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლის იუბილე ასეთი ღირსშესანიშნავი კონცერტით აღვნიშნოთ“, - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა. პრესკონფერენციაში ასევე მონაწილეობდნენ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე და შპს „ბლექ სი არენა“-ს დირექტორი ანი კავლელიშვილი. იტალიელი კომპოზიტორი საქართველოში პირველად ჩამოდის. პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში მისი კონცერტით 19 მაისს „ბლექ სი არენას“ 2018 წლის სეზონი გრანდიოზულად გაიხსნება. ენიო მორიკონე კონცერტს რომის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად გამართავს. 19 მაისს დაგეგმილი კონცერტი მაესტროს მოღვაწეობის 60–წლიანი იუბილეს ფარგლებში მიმდინარე მსოფლიო ტურნეს ნაწილია. ტურნეს ყველა კონცერტი ანშლაგებით გაიმართა და მაყურებლის მხრიდან დიდი ოვაციები, ხოლო მედიის მხრიდან – დადებითი შეფასებები მიიღო. აღსანიშნავია, რომ მაესტრო მორიკონე პირადად უდირიჟორებს ორკესტრს. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს თბილისის ოპერის გუნდი 70–კაციანი შემადგენლობით. ენიო მორიკონემ, თავისი მრავალწლიანი წარმატებული კარიერის განმავლობაში, შექმნა 600–ზე მეტი მუსიკალური ნაწარმოები, აქედან 500–ზე მეტი – კინოსა და ტელევიზიისთვის. კომპოზიტორს ეკუთვნის ბრწყინვალე საუნდტრეკები ისეთი ფილმებისთვის, როგორებიცაა: „ერთხელ ამერიკაში“, „მისია“, „ხელშეუხებელნი“, „ერთი მუჭა დოლარისთვის“ და სხვ. მაესტროს მიერ შექმნილი მუსიკა ფილმისთვის „კარგი, ცუდი, ბოროტი“ მსოფლიო საუნდტრეკების 200–ეულშია შესული. 2016 წელს კვენტინ ტარანტინოს ფილმის, „საძულველი რვიანი“ ორიგინალური მუსიკისთვის ენიო მორიკონეს რამდენიმე პრესტიჟული პრიზი ერგო, მათ შორის რიგით მეექვსე „ბაფტა“, მესამე „ოქროს გლობუსი“ და „ოსკარი“. მთლიანობაში რეჟისორი ექვსჯერ იყო წარდგენილი „ოსკარის“ ნომინაციაზე, 2007 წელს ენიო მორიკონეს კინემატოგრაფში შეტანილი დიდი წვლილისათვის ოსკარის პრემია მიენიჭა. მას ასევე მიღებული აქვს „გრემის“ სამი ჯილდო. 2016 წელს ასევე შეიქმნა მისი კიდევ ერთი შესანიშნავი ნამუშევარი ჯუზეპე ტორნატორეს „მიმოწერისთვის“. საგულისხმოა, რომ ამ ფილმში, ისევე, როგორც „მისია“–ში (1986 წ.), რომლის მუსიკაც ასევე ენიო მორიკონეს ეკუთვნის, ცნობილი მსახიობი, ჯერემი აირონსი მონაწილეობდა. მორიკონესა და ტორნატორეს დიდი ხნის თანამშრომლობა აკავშირებთ, მათი ერთობლივი ნამუშევრებია: „ახალი კინოთეატრი პარადისო“, „მალენა“, „ლეგენდა პიანისტზე“, „საუკეთესო შეთავაზება“. 2017 წელს ენიო მორიკონეს, ტურნეს განმავლობაში ყველაზე მეტი, 500 000 ბილეთის გაყიდვისთვის, კომპანია Gea Live–ის სპეციალური ჯილდო გადაეცა. ენიო მორიკონეს მოღვაწეობის 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილი მსოფლიო ტურნეს ფარგლებში კონცერტები იმართება ევროპის ყველაზე მნიშვნელოვან არენებზე, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში კომპოზიტორისა და დირიჟორის 40–ზე მეტი კონცერტი 30 ევროპულ ქალაქში ჩატარდა. ენიო მორიკონე ტურნეს შესახებ აღნიშნავს: „სხვადასხვა ასაკისა და კულტურის მქონე მსმენელის წინაშე ჩემი მუსიკის შესრულება საოცრად საინტერესო გამოცდილებაა. წელს აღვნიშნავ ჩემი შემოქმედებითი ცხოვრების 60 წლისთავს, რომლის განმავლობაშიც 600–ზე მეტი ნაწარმოები შევქმენი. ტურნეს ფარგლებში ვასრულებ ლეგენდარულ კომპოზიციებს სერჯიო ლეონეს ფილმებიდან, ასევე „მისიიდან“, მაგრამ ტურნეს საერთო კონცეფცია მაინც განსხვავებულია, რადგან ვგეგმავ, წარმოვადგინო მუსიკა, რომელიც კვენტინ ტარანტინოსთან თანამშრომლობისას შეიქმნა და ასევე კომპოზიციები სერჯიო ლეონეს ფილმებიდან, რომლებიც სხვა კონცერტებზე არ წარმომიდგენია“. კომპოზიტორი თანმხლებ პირებთან ერთად ჩარტერული რეისით, კონცერტამდე ერთი დღით ადრე, 18 მაისს ჩამოფრინდება. სულ საქართველოში 121 ადამიანი ჩამოვა. ისინი ხუთვარსკვლავიან დელუქს სასტუმროში დაბინავდებიან. ენიო მორიკონეს კონცერტის ბილეთების გაყიდვა 20 აპრილს, დილის 9.00 საათიდან tkt.ge-ს საშუალებით დაიწყება. ბილეთების ფასი 60 ლარიდან დაიწყება.
(NS)
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)