|
2018-04-12 20:01:41, 1437 ნახვა
ეკონომიკა
„ერთი გზა - ერთი სარტყელის“ ინიციატივის ფარგლებში საქართველოსა და ჩინეთის მთავრობას შორის შეთანხმება გაფორმდება
„ერთი გზა - ერთი სარტყელის" ინიციატივის ფარგლებში საქართველოს როლისა და მნიშვნელობის გაზრდის თაობაზე სპეციალური კვლევის დოკუმენტი მომზადდება, რომელსაც საქართველოს და ჩინეთის მხარეები ხელს მოაწერენ. დოკუმენტი განსაზღვრავს კონცეფციას, რომელიც საქართველოსა და ჩინეთს შორის ინიციატივის ფარგლებში განსახორცილებელი ღონისძიებებისა და კონკრეტული პროექტების შესახებ ახალი ტალღის დაწყების საფუძველი იქნება," – ეს შეთანხმება მიღწეული იქნა საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის შეხვედრაზე ჩინეთის ეროვნული განვითარებისა და რეფორმების კომიტეტის ხელმძღვანელ პირებთან. შეთანხმებას ჩინეთის მხრიდან ხელს მოაწერენ საგარეო საქმეთა და კომერციის სამინისტროები, საქართველოს მხრიდან კი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. ამ მიზნით, მაისში საქართველოში ჩამოვა კომიტეტის სპეციალური ჯგუფი, რომელიც კვლევის დოკუმენტის მოსამზადებლად საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრებს გამართავს. „ერთი სარტყელი - ერთი გზის" ინიციატივის კოორდინაცია, პროექტების ხელშეწყობა და ძირითადი სამოქმედო გეგმის ჩამოყალიბება წარმოადგენს ჩინეთის ეროვნული განვითარებისა და რეფორმების კომიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს. შესაბამისად, საქართველოსთვის პრიორიტეტია აღნიშნულ კომიტეტთან მჭიდრო თანამშრომლობის ჩამოყალიბება. მათ შორის, საქართველოს მთავრობა დაინტერესებულია, რომ საქართველოზე გამავალი ე.წ. „შუა დერეფანი" უკეთ გამოიკვეთოს „ერთი სარტყელი - ერთი გზის" რუკაზე ეკონომიკური და სარკინიგზო დერეფნების ფარგლებში, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ნინგ ძიჭთან შეხვედრაზე. შეხვედრაზე საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, რომ საქართველო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და მსხვილი ეკონომიკის მქონე სახელმწიფოსთან, ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას. მისი თქმით, ბოლო წლების განმავლობაში, თვალსაჩინო პროგრესია მიღწეული ორმხრივ ურთიერთობებში სხვადასხვა მიმართულებით, თუმცა, ჯერ კიდევ აუთვისებელია სრული პოტენციალი. პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ამოქმედებამ ურთიერთობები ახალ ეტაპზე აიყვანა. მისი თქმით, საქართველო, ინვესტიციების განხორციელების და ბიზნესსაქმიანობის წარმართვის კუთხით, წარმოადგენს რეგიონში ერთ-ერთ საუკეთესო ქვეყანას ჩინური კომპანიებისთვის. მეორე მხრივ, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ხელს შეუწყობს მრეწველობის სხვადასხვა დარგების განვითარებას საქართველოში, რაც გაზრდის ქვეყნის საექსპორტო პოტენციალს და მის დივერსიფიცირებას მოახდენს. გარდა ამისა, დიმიტრი ქუმსიშვილის შეფასებით, აღნიშნული შეთანხმება ასევე ხელსაყრელი შესაძლებლობა იქნება რეგიონულ კონტექსტშიც - საქართველო თანდათანობით იმკვიდრებს თავს როგორც რეგიონალური ცენტრი საერთაშორისო სავაჭრო და ბიზნესსაქმიანობისთვის. შეხვედრაზე ითქვა, რომ აღნიშნული ინიციატივები იძლევა იმის შესაძლებლობას, რათა საქართველოზე გამავალი ე.წ. „შუა დერეფანი" უკეთ გამოიკვეთოს „სარტყლისა და გზის ინიციატივის" რუკაზე და ამით ქვეყანა კიდევ უფრო მიმზიდველი გახდეს საერთაშორისო, მათ შორის, ჩინელი ინვესტორებისთვის, ხოლო სატრანსპორტო კორიდორი - მეტად ხელმისაწვდომი და კონკურენტუნარიანი საერთაშორისო ტრანზიტისთვის, აგრეთვე გახადოს აღნიშნული კორიდორი სტაბილური და მდგრადი. შეხვედრაზე მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ ჩინეთის ეროვნული განვითარებისა და რეფორმების კომიტეტი მხარდაჭერას აღმოუჩენს საქართველოს მთავრობას 2019 წელს თბილისის აბრეშუმის გზის ტრადიციული ფორუმის გამართვაში.
(NS)
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
უკრაინაში დაღუპული ბაჩო ბებია და დავით ღოღაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
შსს-მ გენოციდის ხსოვნის დღეს თურქეთის საელჩოსთან აქციის გამართვის უფლება არ მისცა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)