2015-01-18 17:57:24, 422 ნახვა
საზოგადოება
ეროვნულ გამოცდებზე არჩევით საგნებს სამოქალაქო განათლება დაემატება
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე არჩევით საგნებს სამოქალაქო განათლება დაემატება.
ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა განათლების სამინისტროში შესაბამისი პროგრამა წარადგინა, რომელიც რამოდენიმე დღეში დამტკიცდება.
„პროგრამა ამ ეტაპზე შემოწმებას გადის. რა თქმა უნდა ის იმ სტანდარტს და სავალდებულო პროგრამას უნდა შეესაბამებოდეს, რომელიც საჯარო სკოლებშია. რამოდენიმე დღეში შემოწმება დასრულდება და მას დავამტკიცებთ. შესაბამისად ის უნივერსიტეტებს მიეწოდება და ფართო საზოგადოებისათვის გახდება ცნობილი“, – აღნიშნა სანიკიძემ.
რაც შეეხება თავად სამოქალაქო განათლების საგანს, მინისტრის განმარტებით, ის ისტორიის და პირთა უფლებების კომპონენტებს მოიცავს.
შესაბამისად, სანიკიძის თქმით, სტუდენტებისთვის, ვინც იურიდიულ ფაკულტეტზე აბარებს, ამ საგნის არჩევა ლოგიკურია.
„ ეს არის იურიდიული და გარკვეულ წილად ისტორიის საგანი. არის უფლებების ნაწილიც. შესაბამისად, ისეთი პროფესიებისათვის, როგორიც არის იურიდიული განათლება, ლოგიკური იქნება არჩევით საგნებში სამოქალაქო განათლება იყოს“, – განაცხადა თამარ სანიკიძემ.
ამასთან, როგორც მან აღნიშნა, 2013 წელს ეროვნულ გამოცდებზე არჩევითი საგნების ნუსხას რამდენიმე დაემატა.
ცვლილებას კი, მინისტრის თქმით, აბიტურიენტები დადებითად შეხვდნენ.
„2013 წელს არჩევითი საგნების ნუსხას რამდენიმე დავამატეთ. შესაბამისად, ამ კუთხით მუშაობა გაგრძელდა და წელს უკვე შეგვიძლია არა სავალდებულო,არამედ არჩევითი საგნების ნუსხაში სამოქალაქო განათლება დავამატოთ. ეს ყველაფერი კი კეთდება იმისათვის, აბიტურიენტს ჰქონდეს იმის საშუალება, რომ მის არჩეულ პროფესიასთან ყველაზე უფრო ახლოს მყოფი საგანი აირჩიოს და ჩააბაროს. ამას აბიტურიენტები და უნივერსიტეტები ძალიან კარგად შეხვდნენ“, – განაცხადა თამარ სანიკიძემ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან