|
2018-04-04 14:00:21, 1194 ნახვა
საზოგადოება
თბილისის სატრანსპორტო ქსელის რესტრუქტურიზაციისა და მოდელირების პროექტისთვის 500 ათასი ევროს ოდენობის გრანტი გამოიყოფა
დედაქალაქის მთავრობამ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD) საგრანტო ხელშეკრულება გააფორმა. გრანტის მეშვეობით, საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული ფრანგული კომპანია „სისტრა“ თბილისის მერიას ავტობუსების ქსელის რესტრუქტურიზაციის დეტალურ გეგმას შესთავაზებს. საგრანტო ხელშეკრულებას ხელი თბილისის მერმა კახა კალაძემ და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის კავკასიის, მოლდოვისა და ბელარუსის წარმომადგენლობის დირექტორმა, ბრუნო ბალვანერამ მოაწერა. პროგრამის შედგენამდე, კომპანია ავტობუსების ქსელის რესტრუქტურიზაციაზე იმუშავებს, რაც ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მარშრუტების შესწავლასა და ხელახალ დაგეგმვას ითვალისწინებს. აღნიშნულ პროცესში გათვალისწინებული იქნება მეტროპოლიტენის მუშაობის სპეციფიკაც. დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, შეთანხმების შედეგად, კვლევა, რომელიც ახლო მომავალში ჩატარდება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარების მნიშვნელოვანი დოკუმენტი ექნება. „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან გაფორმებული ხელშეკრულებით, ძალიან მნიშვნელოვან პროექტს ეყრება საფუძველი. ეს არის ავტობუსების ქსელის რესტრუქტურიზაციის გეგმა, რომელსაც ფრანგული კომპანია „სისტრა“ შეიმუშავებს. აღნიშნული შეთანხმების შედეგად, კვლევა, რომელიც ახლო მომავალში ჩატარდება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარების მნიშვნელოვანი დოკუმენტი ექნება. შედეგად კი, დედაქალაქის მოსახლეობამ კომფორტული, სწრაფი და უსაფრთხო საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა მიიღოს, რომელიც მგზავრთა საჭიროებებზე იქნება მორგებული და ქალაქის დატვირთვას სრულად დააკმაყოფილებს“, - განაცხადა კახა კალაძემ. კალაძემ ევროპელ პარტნიორებს მადლობა გადაუხადა, რომლებმაც თბილისისთვის მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებაში ქალაქის მთავრობას არაერთხელ დაუჭირეს მხარი. „ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგებაა, რადგან ქალაქის განტვირთვა და არსებული ეკოლოგიური გამოწვევების გარკვეულწილად დაძლევა მასზეა დამოკიდებული. მომდევნო წლების განმავლობაში, დედაქალაქში არსებული ავტობუსები სრულად ჩანაცვლდება. წელს კი, 100 ახალი ავტობუსის შემოყვანას ვგეგმავთ“, - აღნიშნა თბილისის მერმა. EBRD-თან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ფუნქციონირება გაუმჯობესდება, რომელშიც უსაფრთხოებისა და გენდერული თანასწორობის ელემენტების მხედველობაში მიღება მოხდება. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის კავკასიის, მოლდოვისა და ბელარუსის წარმომადგენლობის დირექტორმა ბრუნო ბალვანერას განცხადებით, „სისტრა“, როგორც კვლევას, ასევე, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომხმარებლების გამოკითხვას ჩაატარებს. „ფრანგული კომპანიის, „სისტრას“ მიერ ჩატარდება კვლევა, რათა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაუმჯობესებისთვის ყველა საჭიროების იდენტიფიცირება მოხდეს. მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში, „სისტრა“, როგორც კვლევას, ასევე, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომხმარებლების გამოკითხვას ჩაატარებს, თუ სად იწყება მათი მგზავრობა, სად მთავრდება, რომელი საავტობუსო თუ მიკროავტობუსების მარშრუტები სად გადის, რამდენად ეფექტური და რენტაბელურია თითოეული მათგანი და ამის შემდგომ წარადგენს თავის რეკომენდაციებს სატრანსპორტო მარშრუტების შეცვლის, განახლების ან ახალი მიმართულებების დადგენის მიზნით“, - განაცხადა ბრუნო ბალვანერამ. „თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობას კარგად ესმის, თუ რა არის საჭირო იმისთვის, რომ კერძო ტრანსპორტზე ორიენტირებული სისტემის საზოგადოებრივი ტრანსპორტით ჩანაცვლება მოხდეს. ვთანხმდებით იმაზე, რომ ევროკავშირი თბილისის მუნიციპალიტეტს ყველა მსგავსი ღონისძიების განხორციელებაში მხარს დაუჭერს. ჩვენი პარტნიორის - EBRD-ის მხარდაჭერით, შევძლებთ, ავტობუსების ქსელის რესტრუქტურიზაციასა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის სამარშრუტო ქსელის ოპტიმიზაციას, რათა თბილისში აღნიშნული მიმართულება გაუმჯობესდეს. მინდა მოვუწოდო თბილისის მთავრობას, რომ რაც შეიძლება მოკლე დროში მოხდეს ტრანსპორტის რეფორმა, რომელიც თავისთავად, მოქალაქეებისა და ზოგადად, გარემოს გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს“, - განაცხადა კარლო ნატალემ. აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში, „სისტრამ“ მერიას თითოეული მარშრუტი რუკების, მარშრუტზე მოძრავი ავტობუსების რაოდენობის, გაჩერებების განრიგის, გადაჯდომის არეალების, ფეხით სავალი მანძილებისა და სხვა მნიშვნელოვანი ასპექტების გათვალისწინებით უნდა წარუდგინოს. ამავდროულად, „სისტრა“ თბილისს გადასცემს სატრანსპორტო მოდელს - იმ სპეციალიზებულ პროგრამას, რომელიც ქალაქის სატრანსპორტო ქსელის შედგენისას გამოიყენება. იგი ქუჩათა ქსელსა და მგზავრთა გადაყვანასთან დაკავშირებული მონაცემების გათვალისწინებით ტრანსპორტის მოძრაობის მოდელირებას ახდენს. ამავდროულად, ეფექტურია ახალი მშენებლობების დაგეგმვისას სატრანსპორტო ნაკადების გამტარუნარიანობისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტით ქალაქის უბნების მომსახურების შესამუშავებლად. აღსანიშნავია, რომ დღეს თბილისის 101 მარშრუტს დაახლოებით, 530 ავტობუსი ემსახურება, რაც არასაკმარისია. თბილისის მერია უახლოესი ოთხი წლის განმავლობაში, 700 ახალი ავტობუსის შეძენას გეგმავს. მათგან 100 დედაქალაქს წლის ბოლომდე შეემატება. „სისტრას“ რეკომენდაციების საფუძველზე, მერიას ექნება ზუსტი ინფორმაცია, თუ რა მოცულობისა და რამდენი ავტობუსი ესაჭიროება თბილისს, რაც შესყიდვების პროცესში გათვალისწინებული იქნება. პროექტის საერთო ღირებულება 800 ათას ევროს შეადგენს, საიდანაც 500 ათასი ევროკავშირის გრანტია, ხოლო 300 ათასი მერიის დაფინანსება. ხელშეკრულების განმახორციელებელი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკია. თბილისის მთავრობის მიერ მოწონებულ საგრანტო ხელშეკრულებაზე საკრებულოდან თანხმობა უკვე მიღებულია.
(NS)
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)