23:43 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-03 17:29:22, 1512 ნახვა

საზოგადოება
დავითაშვილი: RMG Copper-მა 31 დეკემბრამდე მდინარე კაზრეთულაში საწარმოს მხრიდან ნებისმიერი დაბინძურება უნდა აღკვეთოს

კომპანია RMG Copper-მა 2018 წლის 31 დეკემბრამდე მდინარე კაზრეთულაში საწარმოს მხრიდან ნებისმიერი დაბინძურება უნდა აღკვეთოს- ამის შესახებ, გარემოს დაცვისა და სოფლიოს მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვიოლმა განაცხადა.

ლევან დავითაშვილმა კომპანიის საქმიანობაში გამოვლენილ დარღვევებზე დღეს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე, ისაუბრა.

მინისტრის განმარტებით, კომპანიების RMG Gold-ის და RMG Copper-ის, როგორც სალიცენზიო ასევე სანებართვო საქმიანობის კომპლექსური შემოწმება სახელმწიფომ 2015-2016 წლებში განახორციელა. შემოწმდა ორივე კომპანიის საოპერაციო არეალი, რომელიც საკმაოდ მასშტაბურ სამუშაოებს უკავშირდებოდა. დეტალურად შემოწმდა საწარმოების ტერიტორიები, კარიერები, კუდსაცავი, სანაყაროები, მადნის გადამამუშავებელი ქარხანა.

ლევან დავითაშვილის გნცხადებით, RMG Cooper-ის საქმიანობის შედეგად გარემოზე ზემოქმედების სანებართვო პირობები  სხვადასხვა მიმართულებით არის დარღვეული.

„საქმიანობის ექსპლუატაციის შედეგად გამოიკვეთა ზემოქმედება წყლის რესურსებზე  – მდინარეებზე მაშავერა, ფოლადაური და კაზრეთულა, ნიადაგზე და ატმოსფერულ ჰაერზე. გარდა აღნიშნულისა, დარღვევები გამოვლენილია საწარმოს ტერიტორიაზე ნარჩენებით გარემოს დაბინძურების და სხვა მრავალი მიმართულებით“, – განაცხადა მინისტრმა.

დავითაშვილმა  აღნიშნა, რომ მასალები, სადაც დეტალური დასკვნებია მოცემული თითოეულ დარღვეულ სანებართვო პირობასთან დაკავშირებით, ბოლნისის რაიონულ სასამართლოს გაეგზავნა. რაიონულმა  სასამართლომ კი, ისევე როგორც სააპელაციომ, კომპანია სამართალდამრღვევად სცნო.

„გამომდინარე იქედან, რომ რეგიონში განსაკუთრებით მწვავედ დგას კომპანიის საქმიანობის შედეგად წყლის დაბინძურების საკითხი, სამინისტროს მიერ დადგენილი გონივრული ვადების ფარგლებში, კომპანიებმა უპირველესად უნდა აღმოფხვრან საოპერაციო არეალების მიმდებარედ არსებული მდინარეების დაბინძურება.  ზედაპირული წყლების დაცვის მიზნით, სამინისტროს მიერ კომპანია RMG Copper-ს დაევალა დაუყოვნებლივ დაიწყოს ყველა შესაძლო ღონისძიების განხორციელება მდინარე კაზრეთულას დაბინძურებისაგან დაცვის მიზნით. კომპანიამ 2018 წლის 31 დეკემბრამდე მდინარე კაზრეთულაში  უნდა აღკვეთოს საწარმოს მხრიდან ნებისმიერი დაბინძურება“, – განაცხადა დავითაშვილმა.

მისი თქმით, როცა სამინისტრო შეამოწმებს ვალდებულების შესრულების მდგომარეობას, კაზრეთულას დაბინძურების ფაქტები  არ უნდა ფიქსირდებოდეს.

„ეს არის მეტად მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ვფიქრობთ, რომ ამ ვადაში მიღწევადია. საუბარია 9-თვიან ვადაზე და ისეთ მასშტაბურ სამუშაოებზე, რაც ამ 9 თვიანი პერიოდისათვის ნამდვილად არ არის მარტივი საწარმოს ფართობისა და საქმიანობის მასშტაბების გათვალისწინებით“, – ამბობს დავითაშვილი.

მისი თქმით, გამწმენდი ნაგებობების მოსაწყობად აუცილებელია, გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურა.

მინისტრის განცხადებით, კომპანიები სამინისტროს წარმოუდგენენ გამწმენდი ნაგეგობების დეტალურ პროექტებს, რასაც გეოლოგები და ჰიდროლოგები ადგილზე შეისწავლიან, იმისთვის რომ სამომავლოდ წყლის დაბინძურების რისკი თავიდან იქნეს აცილებული.

„კომპანიის მხრიდან ჩასატარებელი სამუშაოების მასშტაბი საკმაოდ დიდია, გამომდინარე ტერიტორიის სიდიდისა, თუმცა ამ შემთხვევაში, სამინისტროს მიდგომა იყო მაქსიმალურად მკაცრი, რათა მოკლე ვადებში აღმოიფხვრას წყლის დაბინძურების პრობლემები რეგიონში“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics