23:43 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-02 14:08:31, 1694 ნახვა

საზოგადოება
„სახელმწიფო ებრძვის უფრო მეტად ნარკომომხმარებელს, ვიდრე ნარკომანიას“ - ომბუდსმენის ანგარიში

„სახელმწიფო ნარკოპოლიტიკა, უმეტესად, სადამსჯელო ღონისძიებებზეა ორიენტირებული და მიმართულია შავ ბაზარზე ნარკოტიკულ საშუალებათა მიწოდების შეზღუდვაზე, რაც სამართლებრივი დევნის ობიექტად აქცევს არა მხოლოდ გამსაღებელს, არამედ, მომხმარებელსაც“, - ამის შესახებ სახალხო დამცველის 2017 წლის ანგარიშშია აღნიშნული.

ანგარიშის თანახმად, ნარკოპოლიტიკის რეპრესიულ შემადგენელსა და ძალოვან ღონისძიებებზე გამოყოფილი ადამიანური და ფინანსური რესურსების მოცულობა განაპირობებს მკვეთრ დისბალანსს ანტინარკოტიკული პოლიტიკის სადამსჯელო და ზრუნვის/დახმარების ვექტორებს შორის.

„მკაცრი ნარკოპოლიტიკა ართულებს მკურნალობა-რეაბილიტაციის და პრევენციის პროგრამების ეფექტურ განხორციელებას, რასაც ემატება ქვეყნის არასაკმარისი ძალისხმევა პრევენციის და მკურნალობა- რეაბილიტაციის მიმართულებით. გარდა ამისა, ნარკომომხმარებელთა ოჯახების სოციალურ- ეკონომიკური მდგომარეობა მძიმდება სახელმწიფოს მიერ დაკისრებული ჯარიმებით, საპროცესო გარიგებებით და ა.შ. 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ სახელმწიფოს მკაცრი ნარკოპოლიტიკა აღარ ტოვებს ნარკომომხმარებელთა ეფექტური მკურნალობა- რეაბილიტაციისთვის საკმარის სივრცეს. სახელმწიფო ებრძვის უფრო მეტად ნარკომომხმარებელს, ვიდრე ნარკომანიას. სახელმწიფოსა და საზოგადოების მიერ ნარკომომხმარებელთა კრიმინალიზაცია და სტიგმა აიძულებს მათ დამალონ თავისი პრობლემა, რაც, თავის მხრივ, კიდევ უფრო ამწვავებს ნარკომანიის თანმდევ უარყოფით შედეგებს“, - ნათქვამია ანგარიშში.

ნინო ლომჯარიას თქმით, მკაცრი ნარკოპოლიტიკით ვერ ხერხდება ზიანის შემცირება და ნარკომომხმარებელთა რიცხვი დღითიდღე იზრდება.

„უნდა აღინიშნოს, რომ ნარკოტიკების მომხმარებელთა მიმართ სტიგმა და დისკრიმინაცია მთელ რიგ ბარიერებს ქმნის ამ პრობლემის დაძლევის თვალსაზრისით. კერძოდ, ართულებს წამალ- დამოკიდებულების ადრეულ გამოვლენასა და დროულ მკურნალობას, ზღუდავს პაციენტთა მიმართვიანობას სამკურნალოდ, ხელს უწყობს მათ მარგინალიზაციას და სოციალურ იზოლაციას, დაუსაქმებლობას - რაც, ფაქტობრივად ქმნის მანკიერ წრეს და უზღუდავს მათ ამ მანკიერი წრიდან გამოსვლის საშუალებას. თვითსტიგმა, ისევე, როგორც საზოგადოებაში არსებული სტიგმა, წამალდამოკიდებული პირებისათვის დროული და ეფექტური მკურნალობის მიღების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბარიერია. ამ მხრივ, კიდევ უფრო მძიმეა, როდესაც საქმე ქალ წამალდამოკიდებულებს ეხება, რომელთა მიმართ საზოგადოების დამოკიდებულება გაცილებით უფრო დაუნდობელია“,- აღნიშნა ლომჯარიამ.

სახალხო დამცველი აცხადებს, რომ ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზაცია ნარკომომხმარებელთა მიერ დახმარებისთვის სახელმწიფოსადმი მიმართვიანობას გაზრდის და პარლამენტს კანონპროექტის მიღებისკენ მოუწოდებს.

„საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო სტრატეგიით განსაზღვრულ ამოცანებს, ყველაზე მეტად, 2017 წლის 22 ივნისს „საქართველოს ნარკოტიკის ეროვნული პლატფორმის“ ავტორობით და საქართველოს პარლამენტის წევრთა (ა. ზოიძე, ლ. კობერიძე, დ. ცქიტიშვილი, ს. ქაცარავა და ი. ფრუიძე) ინიცირებით შემოთავაზებული ნარკოპოლიტიკის რეფორმა შეესაბამება.

აღნიშნული რეფორმის ფარგლებში, ძირითადად იგეგმება, ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზაცია, რაც თავის მხრივ, გაზრდის სახელმწიფოსადმი ნდობას და შესაბამისად ნარკომომხმარებელთა მიერ დახმარებისთვის სახელმწიფოსადმი მიმართვიანობას. ასევე, ხელს შეუწყობს ნარკოტიკული დანაშაულისთვის სანქციების ლიბერალიზაციასა და ნარკოტიკული საშუალებების მცირე ოდენობების სამართლიან განსაზღვრას; იძულებითი ნარკოლოგიური შემოწმების პროცედურის სამართლებრივად გამართვას და ადამიანის უფლებების სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას; ნარკოტიკულ დანაშაულში მსჯავრდებულ პირთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას; ახლებური ზრუნვის (მომსახურების) გარემოს შექმნას, რომელშიც ნარკოტიკებთან დაკავშირებული პრობლემის მქონე პირები მიიღებენ დახმარებას; მკურნალობა-რეაბილიტაციის და პრევენციის სისტემების გაუმჯობესებას და გადარწმუნების კომისიების შექმნას“,- ვკითხულობთ ანგარიშში.

ნინო ლომჯარია  კონკურენციის სააგენტოს, ჯანდაცვის სამინისტროსა და საქართველოს მთავრობას რეკომენდაციებით მიმართავს.

„გაიზარდოს „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით“ გათვალისწინებული ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამით გათვალისწინებული პრეპარატების ჩამონათვალი, პროგრამით მოსარგებლეთა ჯანმრთელობის დაცვის ინტერესისა და მათი სოციალურ- ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით.

შეიმუშაოს ფარმაცევტულ ბაზარზე კონკურენციის არამართლზომიერი შეზღუდვების გამოვლენის და მონიტორინგის ყოველწლიური სამოქმედო გეგმა“,- ნათქვამია ომბუდსმენის ანგარიშში. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics