|
2018-03-29 17:41:09, 1971 ნახვა
სამართალი
იზოლატორში საპროტესტო აქციის 14 მონაწილის მიმართ არაადამიანური მოპყრობის გამო, სასამართლომ 2 ყოფილი საჯარო მოხელე დამნაშავედ ცნო
იზოლატორში საპროტესტო აქციის 14 მონაწილის მიმართ ჩადენილი დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის გამო სასამართლომ ორი ყოფილი საჯარო მოხელე დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული: „თბილისის საქალაქო სასამართლოში დასრულდა საპატიმრო დაწესებულებაში საპროტესტო აქციის 14 მონაწილის მიმართ ჩადენილი დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე მიმდინარე საქმის განხილვა. სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შსს ყვარლის დროებითი მოთავსების იზოლატორის ყოფილი უფროსი თ.ვ. და ამავე იზოლატორის ყოფილი ინსპექტორი ვ.ს. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებებში. სახელმწიფო ბრალდების მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით და სასამართლოს განაჩენით დადასტურებულია: 2011 წლის მაისის თვეში, თბილისში, საზოგადოებრივ მაუწყებელთან მიმდინარეობდა ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო აქციები ,,სახალხო კრების" წევრების და ოპოზიციურად განწყობილი პოლიტიკური პარტიების მხარდამჭერთა მონაწილეობით. იმ მიზნით, რომ ქუჩის საპროტესტო აქციებს არ მიეღო ფართომასშტაბიანი ხასიათი და მოეხდინათ საპროტესტო ტალღის ჩაცხრომა, 2011 წლის 18 მაისიდან 22 მაისამდე პერიოდში სამართალდამცავების მიერ დაიწყო ოპოზიციური პოლიტიკური მოძრაობის აქტიური წევრების და აქციის ორგანიზატორების დევნა, რა მიზნითაც როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში ჩატარდა რამდენიმე სპეცოპერაცია, რა დროსაც დაკავებულ იქნა აქციაში მონაწილე პოლიტიკური პარტიების 14 აქტივისტი, რომლებსაც ადმინისტრაციული წესით 30-დან 45 დღემდე ვადით პატიმრობა შეეფარდათ და შეასახლეს შსს ყვარლის პოლიციის სამმართველოს შენობაში განთავსებულ დროებითი მოთავსების იზოლატორში. პატიმრების შეყვანის შემდეგ, იზოლატორის უფროსმა თ.ვ-მ მხოლოდ იმიტომ, რომ პატიმრობაში მყოფ ხსენებულ 14 პირს განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები ჰქონდა და მონაწილეობას იღებდნენ ხელისუფლების წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაში, მათი დასჯის მიზნით შეიმუშავა პატიმრებთან მოპყრობის დამამცირებელი და არაადამიანური წესები. 2011 წლის 21 მაისიდან 05 ივნისამდე პერიოდში, ყოველდღიურად, თ.ვ-ს და იზოლატორის კიდევ ერთ თანამშრომელს ვ.ს-ს საკნებიდან გამოჰყავდათ პატიმრები და სცემდნენ ხელ-ფეხით, ამცირებდნენ და აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას, არ აძლევდნენ დღისა და ღამის საათებში დაძინებისა და დასვენების საშუალებას, აიძულებდნენ საათობით ფეხზე დგომას და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის ლიდერების გინებას. პერიოდულად ხდიდნენ მაისურებს და აიძულებდნენ საკნების მორეცხვას, რის შემდეგაც დაბინძურებულ სველ მაისურებს აცმევდნენ ძალით. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, შსს ყვარლის დროებითი მოთავსების იზოლატორის ყოფილ უფროსს თ.ვ.-ს და ამავე იზოლატორის ყოფილ ინსპექტორს ვ.ს-ს საქართველოს სსკ-ის 1443 -ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა", ,,ბ", ,,დ", ,,ვ" და ,,ზ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის განესაზღვრათ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ,,ამნისტიის შესახებ" საქართველოს კანონის გამოყენებით შეუმცირდათ და განესაზღვრათ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, დამატებითი სასჯელის სახით 1 წლით და 6 თვის ვადით ჩამოერთვათ თანამდებობის დაკავების უფლება, ასევე თითოეულს დაეკისრა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)