|
2018-03-23 16:19:02, 1551 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტმა კონსტიტუციური კანონის პროექტი მესამე მოსმენით მიიღო
პარლამენტმა „საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ" საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“, 115 ხმით არც ერთის წინააღმდეგ მესამე-საბოლოო მოსმენით მიიღო. კონსტიტუციურ კანონპროექტში მხოლოდ ტექნიკური და რედაქციული ხასიათის ცვლილებები შევიდა, რომელიც დღევანდელ პლენარულ სხდომაზე დეპუტატებს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გააცნო. „ამით დასრულდა ძალიან რთული და ხანგრძლივი საკანონსტიტუციო რეფორმის პროცესი, რომლითაც მივიღეთ ძალიან დახვეწილი ევროპული ტიპის კონსტიტუცია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. კანონპროექტის საქართველოს კონსტიტუციის ახალ რედაქციაში ვენეციის კომისიის მიერ გამოთქმული რეკომენდაციების ასახვაა. კონსტიტუციური კანონის პროექტის თანახმად: საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლს ემატება პუნქტი, რომლის მიხედვითაც, „სახელმწიფო ზრუნავს გარემოს დაცვასა და ბუნებრივი რესურსებით რაციონალურ სარგებლობაზე“; ცვლილებები შედის კონსტიტუციის მე-16 მუხლში, რომელიც რწმენის, აღმსარებლობისა და სინდისის თავისუფლებები საკითხებს არეგულირებს. საუნივერსიტეტო ავტონომიის შესახებ ჩანაწერი ემატება 27-ე მუხლის მესამე პუნქტს, შესაბამისად, უზრუნველყოფილია აკადემიური თავისუფლება და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტონომია; პრინციპული ხასიათის ცვლილება ეხება ე.წ. ბონუსის სისტემას. კერძოდ, კონსტიტუციის ახალი რედაქციიდან ხდება ე.წ. ბონუსის სისტემის ამოღება. შესაბამისად: „პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებმაც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 5 პროცენტი მაინც მიიღეს. პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად, მის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა მრავლდება 150-ზე და იყოფა ყველა იმ პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების ჯამზე, რომლებმაც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 5 პროცენტი მაინც მიიღეს. მიღებული რიცხვის მთელი ნაწილი არის პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობა. თუ პოლიტიკური პარტიების მიერ მიღებული მანდატების რაოდენობათა ჯამი 150-ზე ნაკლებია, გაუნაწილებელ მანდატებს თანმიმდევრობით მიიღებენ უკეთესი შედეგის მქონე პოლიტიკური პარტიები.“ ბონუსის სისტემის გაუქმებიდან გამომდინარე, კონსტიტუციიდან ხდება რამდენიმე პუნქტის ამოღება. აღნიშნული ცვლილებით, ხდება მთლიანად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა; მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა, პოლიტიკური პარტიების გარდა, ერთჯერადად, საარჩევნო ბლოკებსაც ექნებათ; 50-ე მუხლში, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებს ეხება, ხდება ტერმინოლოგიური ცვლილება, კერძოდ, ტერმინი „ხმოსანი“ იცვლება ტერმინით -„საარჩევნო კოლეგიის წევრით“; ცვლილება განხორციელდა კონსტიტუციის მე-18 მუხლში, რომელიც საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობას ეხება; კიდევ ერთი ცვლილება საარჩევნო დავებთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებას ეხება. პარლამენტი დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ახალი რედაქციის კონსტიტუციაში დაგეგმილ ცვლილებებს მესამე მოსმენით მიიღებს.
მდინარაძე: ირიბი მტკიცებულებაც კი არ არის იმ დასკვნამდე მისასვლელად, რომ სპეცრაზმელებს ვინმე აძლევდა დავალებებს, ეს იყო კერძო ინიციატივები
რეჟიმის მიერ გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის დაკავებულ ძალოვანებს ბრალდება წარედგინათ
გელა ხასაიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა – ის ციხეს სექტემბერში დატოვებს
„გოგოების გზა ტექნოლოგიებში - სწავლიდან ლიდერობამდე“ - გაეროს ქალთა ორგანიზაციის საერთაშორისო კონფერენცია თიბისის მხარდაჭერით გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)