16:46 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-20 16:03:03, 1209 ნახვა

საზოგადოება
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესაქმნელად საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის განხილვა იწყება

სამართალდამცველთა მიერ ჩადენილი შესაძლო არასათანადო მოპყრობის შემთხვევების გამოსაძიებლად დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი იქმნება. ამგვარ დანაშაულებს სახელმწიფო ინსპექტორი გამოიძიებს.

შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის განხილვას, რომელიც საქართველოს მთავრობამ უკვე დაამტკიცა, დღეს პარლამენტი იწყებს. ცვლილებათა პაკეტი, მანამ, სანამ მას საქართველოს მთავრობა განიხილავდა, სისხლის სამართლის უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე განიხილეს. განხილვაში მონაწილეობდნენ როგორც სამთავრობო, ისე არასამთავრობო სექტორი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. 

შეიქმნა სრულიად ახალი კანონი „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“. სახელმწიფო ინსპექტორი წამებისა და არასათანადო მოპყრობის იმ შემთხვევებს გამოიძიებს, რომლებიც სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლების მიერ იქნება ჩადენილი; გააკონტროლებს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერებას, აგრეთვე, ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებულ საქმიანობას. 
სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა არჩევითი იქნება. მას საკონკურსო კომისია შეარჩევს, რომელიც პრემიერის ბრძანებით იქმნება. კომისიის წევრები იქნებიან აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები, საქართველოს სახალხო დამცველი.

კომისია ხმათა უმრავლესობით შეარჩევს სახელმწიფო ინსპექტორის არანაკლებ 2 და არაუმეტეს 5 კანდიდატურას და წარუდგენს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, რომელიც 10 დღის ვადაში საქართველოს პარლამენტს წარუდგენს 2 კანდიდატურას სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე ასარჩევად. ინსპექტორის უფლებამოსილების ვადა 6 წელია. ერთი და იგივე პირი სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე ზედიზედ  ორჯერ არ აირჩევა. 

სახელმწიფო ინსპექტორის დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად კანონპროექტით განსაზღვრულია დამოუკიდებლობის გარანტიები; კერძოდ: ხელშეუხებლობის ძლიერი გარანტიები; დამოუკიდებლობა ყველა თანამდებობის პირისა და ოფიციალური ორგანოსაგან; თავისუფლება პროფესიული საიდუმლოების შესახებ ჩვენების მიცემის ვალდებულებისაგან, მათ შორის, ინსპექტორობის თანამდებობაზე ყოფნის ვადის ამოწურვის შემდეგაც.

სახელმწიფო ინსპექტორი ანგარიშვალდებულია საქართველოს პარლამენტის წინაშე. მას ირჩევს პარლამენტი. იგი საკანონმდებლო ორგანოს წარუდგენს ერთწლიანი მუშაობის ანგარიშს; ასევე, წელიწადში ერთხელ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წინაშე წარდგება ანგარიშით ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ. 

სახელმწიფო ინსპექტორის გამოსაძიებელი საქმეების მიმართ კანონმდებლობით დადგენილ საპროცესო ხელმძღვანელობას და ზედამხედველობას საქართველოს პროკურატურა განახორციელებს. ამ მიზნით მთავარ პროკურატურაში მთავარი პროკურორისადმი დაქვემდებარებული ახალი სტრუქტურული ერთეული შეიქმნება, რომლის ფუნქციაც იქნება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ გამოსაძიებელ საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის განხორციელება. რაც შეეხება სახელმწიფო  ინსპექტორის სამსახურის მიერ გამოსაძიებელ იმ დანაშაულთა საქმეებს, რომელიც თავად პროკურატურის მუშაკის მიერ არის ჩადენილი, მათზე ზედამხედველობას მთავარი პროკურატურის გენერალური ინსპექცია განახორციელებს, რომელიც, ასევე, მთავარ პროკურორს ექვემდებარება.

გარდა ამისა, იმისათვის, რათა თავიდან იქნეს აცილებული შესაძლო ინტერესთა კონფლიქტი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ გამოძიების წარმოებისა და ფარული საგამოძიებო მოქმედებების კანონიერების კონტროლის განხორციელებისას, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების კანონიერებაზე კონტროლს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე (ზედამხედველი მოსამართლე) განახორციელებს.

დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის ვალდებულება სამართალდამცველთა მიერ წამების, არასათანადო მოპყრობის და სხვა მსგავსი კატეგორიის დანაშაულების გამოსაძიებლად საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგით და ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო გეგმით აქვს აღებული. იგივე რეკომენდაციები ჰქონდათ როგორც ავტორიტეტულ საერთაშორისო მისიებს, ისე ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, სახალხო  დამცველს. 

ქმედითი და ეფექტიანი მექანიზმის შემუშავებისათვის კანონპროექტის მომზადების პროცესში კონსულტაციები იქნა გავლილი პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორთან, საქართველოს პროკურატურასთან, საქართველოს შინაგან საქმეთა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროებთან.

აღსანიშნავია, რომ საბჭოს ყველა წევრს ჰქონდა შესაძლებლობა, წარედგინათ საკუთარი შენიშვნები და მოსაზრებები. თუ რომელი ინსტიტუტების მოსაზრებები გაიზიარა იუსტიციის სამინისტრომ და რა სახით აისახა ის ცვლილებათა პაკეტში, გთხოვთ, იხილოთ დოკუმენტში − „სახელმწიფო ინსპექტორის შესახებ“ საქართველოს კანონის პაკეტთან დაკავშირებით წარმოდგენილი წინადადებები, რომლებიც ასახულ იქნა საკანონმდებლო ინიციატივაში, რომელიც გამოქვეყნებულია იუსტიციის სამინისტროს ოფიციალურ საიტზე.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
კანარის კუნძულებზე MV Hondius-ის მგზავრების ევაკუაცია მიმდინარეობს, სადაც ჰანტავირუსი დაფიქსირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics