13:47 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-12 16:45:45, 1657 ნახვა

პოლიტიკა
ჰერმანი: გიორგი კვირიკაშვილის განცხადება რუსეთის მხრიდან გონივრულ ნაბიჯებს მოითხოვს

საქართველოში ევროკავშირის ელჩი იანოშ ჰერმანი პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებას ეხმაურება, რომლითაც მთავრობის მეთაურმა რუსეთის ხელისუფლებას მიმართა.

როგორც ჰერმანი Twitter-ის საკუთარ გვერდზე წერს, აღნიშნული განცხადება რთულ  მომენტში გაკეთდა. 

„გიორგი კვირიკაშვილის განცხადება, რომელიც მან 9 მარტს გააკეთა, რთულ მომენტში გაკეთდა. ის რუსეთის მხრიდან და ასევე რუსეთთან ერთად გონივრულ ნაბიჯებს და საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მეტ ჩართულობას მოითხოვს. ჩვენ ვაკვირდებით საქართველოში შემდგომ კომპლექსურ დებატებს. ევროკავშირი არაღიარების და ჩართულობის პოლიტიკას აგრძელებს", - წერს ჰერმანი.

შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშილმა 9 მარტს განცხადება გაავრცელა, რომლითაც რუსეთის ხელისუფლებას მიმართავს. განცხადებაში მთავრობის მეთაური  რთული ვითარების დასაძლევად, ერთობლივი ნაბიჯების გადადგმის საჭიროებაზე საუბრობს:

„მიმდინარე წლის აგვისტოში 2008 წლის ომიდან ათი წელი შესრულდება. ამ დრამატულმა მოვლენამ ღრმა კვალი დატოვა  ქართველი ხალხის ცნობიერებასა და  საქართველო-რუსეთს შორის ურთიერთობებში.

გაწყვეტილია დიპლომატიური კავშირები.   მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარებამ ფაქტობრივად ჩიხში მოაქცია ნორმალური სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობის დამყარების პერსპექტივა.

ამჟამად ჩვენს წინაშე არის არჩევანი - აღნიშნულ თარიღს შევხვდეთ ურთიერთბრალდებებითა და მწვავე განცხადებებით, რომელთა ნაკლებობა ამ წლების განმავლობაში ნამდვილად არ იყო, ან გადავდგათ გონივრული, თუნდაც მცირე ნაბიჯები ამ მოჯადოებული წრიდან ჩვენი ურთიერთობების გამოსაყვანად.

ჩვენ ადრეც განვაცხადეთ და კვლავ ვადასტურებთ, რომ დაინტერესებულნი ვართ მივაღწიოთ რეალურ პროგრესს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების პროცესში, რისთვისაც დავადასტურე ჩემი პირადი ჩართვის მზაობა. მზად ვართ ასევე, პირდაპირი დიალოგისათვის აფხაზებთან და ოსებთან და მისასალმებელი იქნებოდა ამ თვალსაზრისით რუსეთის მხარის რეალურად კონსტრუქციული მიდგომა. პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში, შესაძლებლად მიგვაჩნია სხვა გონივრული ნაბიჯების გადადგმაც.

სამწუხაროდ, დღეს რთული რეალობის წინაშე ვდგავართ. ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები აღვადგინეთ, მაგრამ ტრაგიკული მოვლენების ჯაჭვი დღესაც გრძელდება. ეს ძირს უთხრის ქართულ-რუსულ ურთიერთობათა მოწესრიგების პერსპექტივას. ამის ბოლო ტრაგიკული მაგალითია ორი კვირის წინ ცხინვალში გაურკვეველ ვითარებაში ჩვენი მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის სიკვდილი, რომლის ცხედრის გადმოცემაც კი, მიუხედავად საქართველოს ხელისუფლების, კათოლიკოს-პატრიარქისა და საერთაშორისო თანამეგობრობის არაერთი მცდელობისა, აქამდე ვერ მოხერხდა ოჯახისათვის.

მივმართავ რუსეთის ფედერაციის უმაღლეს ხელისუფლებას, რათა დღევანდელი დღისა და მომავალი თაობების წინაშე პასუხისმგებლობის გაცნობიერებით, გადავდგათ ერთობლივი ნაბიჯები აღნიშნული რთული ვითარების დასაძლევად“, - ნათქვამია პრემიერის განცხადებაში.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რეჟიმის პატიმარმა გიორგი კუჭუაშვილმა, 2-წლიანი პატიმრობის შემდეგ ციხე დატოვა
ივანიშვილს წარმომადგენელი პაპუაშვილი საერთაშორისო გამჭირვალობას ემუქრება
ფრიდონ ბუბუტეიშვილმა შეწყალებას ხელი მოაწერა – გიორგი რომელაშვილი
უნგრელთა 64% მოელის, რომ მადიარი უკრაინასთან ურთიერთობებს გააუმჯობესებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics