|
2018-03-02 15:00:36, 1831 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი: საქართველო-სომხეთის ორმხრივი პოლიტიკური ურთიერთობები უმაღლეს ნიშნულზეა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სომეხ კოლეგასთან ერთად გამართულ ბრიფინგზე ორ ქვეყანას შორის კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე გაამახვილა ყურადღება. კვირიკაშვილის თქმით, საქართველო-სომხეთის ურთიერთობები განსაკუთრებულად პოზიტიური დინამიკით გამოირჩევა. პრემიერმა ხაზი გაუსვა სხვადასხვა სფეროში ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას: „მადლობა მინდა გადაგიხადოთ გულთბილი მასპინძლობისათვის. საქართველოსა და სომხეთს მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა და კეთილმეზობლობა აკავშირებს და სწორედ, ეს არის ის ფუნდამენტი, რომელზეც შევძელით ახალი ტიპის სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების დაფუძნება და მოხარულები ვართ, რომ ორმხრივი ურთიერთობები გამოირჩევა განსაკუთრებულად პოზიტიური დინამიკით. გასულ წელს ჩვენ აღვნიშნეთ დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილე. სწორედ, ამ წლების განმავლობაში გახდა შესაძლებელი ნდობაზე დამყარებული ურთიერთასასარგებლო პარტნიორობის განვითარება ორ მოძმე ქვეყანას შორის. 2017 წლის განმავლობაში გაიმართა სხვადასხვა დონის არაერთი ორმხრივი ვიზიტი, ასევე, შეხვედრები საერთაშორისო ფორმატების ფარგლებში. გასული წლის დასაწყისში საქართველოს ესტუმრა სომხეთის პრემიერ-მინისტრი და დღეს ჩვენ გვაქვს საპასუხო ვიზიტი სომხეთში. ასევე, გასული წლის დეკემბერში, საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია სომხეთის პრეზიდენტი და მოხარული ვარ, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ორმხრივი პოლიტიკური ურთიერთობები ნამდვლიად უმაღლეს ნიშნულზეა. ვიზიტის მნიშვნელობასა და განსახილველი საკითების ყოვლისმომცველობაზე მეტყველებს დელეგაციის შემადგენლობა. საქართელოს მხრიდან დელეგაციის შემადგენლობაში არიან ვიცე-პრემიერები, ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებების მინისტრები, ასევე, სომხეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი. დღევანდელ შეხვედრაზე განვიხილეთ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები ორმხრივი თანამშრომლობისა. საუბარი შეეხო სავაჭრო-ეკონომიკურ პარტნიორობას. მინდა, მივესალმო იმ ფაქტს, რომ გვაქვს ძალიან მზარდი დინამიკა სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებში. ასევე მინდა, ჩემს კოლეგას მივულოცო ეკონომიკური ზრდის ძალიან მაღალი მაჩვენებელი სომხეთში. ეს წარმატება ჩვენც გვახარებს, როგორც სომხეთის მეზობელ და მეგობარ ქვეყანას. ჩვენ განვიხილეთ ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებები, როგორიც არის ენერგეტიკა, ტრანსპორტი, ტურიზმი, კულტურული ურთიერთობები, ხელოვნება, განათლება და რათქმაუნდა, მოსწავლეების და სტუდენტებისთვის გაცვლითი პროგრამების ხელშეწყობა. ჩვენ მზად ვართ, რომ საქართველოს მხრიდან მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ახალგაზრდებს შორის ურთიერთობებს და ამ მიმართულებით ბევრი გვაქვს გასაკეთებელი. ასევე, მნიშვნელოვანია უახლესი მიღწევების ურთიერთგაზიარება და გამოცდილებების გაცვლა და მე მოხარული ვარ, რომ ვიზიტის ფარგლებში ვეწვევი ერევნის საგანმანათლებლო-ტექნოლოგიურ ცენტრ „თუმო"-ს. ვიმედოვნებ, ამ სფეროში თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება. ჩემი კოლეგის მხრიდან ხაზი გაესვა რეგიონალური თანამშრომლობის მნიშვნელობას. ჩვენ მზად ვართ, რომ მრავალმხრივ პროექტებში, სომხეთთან ერთად საქართველომ კიდევ უფრო აქტიურად მიიღოს მონაწილეობა და ვფიქრობთ, რომ ამ მხრივ შეგვიძლია ორმხრივი სარგებლის ნახვა, გამომდინარე იმ თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულებების ქსელიდან, რომელიც საქართველოს გააჩნია. სომხეთს, ასევე, თავის მხრივ აქვს ძალიან სასარგებლო ურთიერთობები, რომელიც საქართველოს მხრიდან შეიძლება იქნას გამოყენებული“,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა და აქვე განმარტა, რომ საქართველო მიესალმება სომხეთსა და ევროკავშირს შორის ყოველმხრივი და გაფართოებული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის ფაქტს: „ორივე მხარე შევთანხმდით, რომ აუცილებელია მაღალი დონის ვიზიტების კიდევ უფრო გააქტიურება. აგრეთვე, დარგობრივ უწყებებს შორის კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობის ხელშეწყობა. ჩვენ ასევე, შევთანხმდით, რომ უახლოეს მომავალში გაიმართება ტექნიკურ ჯგუფებს შორის შეხვედრა, რათა ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის შეხვედრა მომზადდეს და დიდი იმედი გვაქვს, რომ 2018 წელს ასეთი შეხვედრა აუცილებლად ჩატარდება“,-განაცხადა კვირიკაშვილმა. საქართველოს მთავრობის მეთაურმა არმენ სარქისიანს წარმატებული არჩევნები მიულოცა: „მინდა, ასევე, გამოვეხმაურო იმ სახელისუფლებო რეფორმებს, რომელიც სომხეთში ხორციელდება. მინდა, მივულოცო წარმატებული არჩევნები არმენ სარქისიანს, რომელიც ასევე, საქართველოს მეგობარია. ვიცით, რომ ეს არჩევნები უკვე ჩატარდა პარლამენტში და მინდა, ვუსურვო ჩვენს მეგობარ ქვეყანას, რომ წარმატებით დაასრულს ის რეფორმა, რომელიც დაწყებულია სომხეთში. მინდა, ასევე, გამოვთქვა კმაყოფილება გამართული მოლაპარაკებების შედეგთან დაკავშირებით. ჩვენ დღეს კიდევ გავაგრძელებთ მოლაპარაკებებს სხვადასხვა მიმართულებებით - მთელი დღის განმავლობაში გაიმართება ძალიან საჭირო შეხვედრები. მადლობას ვუხდი ჩემს მეგობარს გულთბილი მიღებისათვის და მინდა, მთელი გულით ვუსურვო წარმატება ჩვენს მოძმე მეგობარ ქვეყანას“,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)