|
2018-02-16 15:52:07, 2353 ნახვა
საზოგადოება
სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი თხილთან დაკავშირებით ფერმერებს რეკომენდაციებით მიმართავს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ფერმერებს მოუწოდებს, თხილის დაავადებების თავიდან ასაცილებლად თებერვალ-მარტში აგროტექნიკური სამუშაოები განახორციელონ. როგორც ცენტრის განცხადებაშია აღნიშნული, ბოლო სამი წლის მონაცემებით, დასავლეთ საქართველოში თხილის მოსავლის შემცირების უმთავრესი მიზეზი არის გულის სიდამპლე, რაც განპირობებულია სოკოვანი და ბაქტერიული დაავადებებით, ასევე ინვაზიური მავნებლის - აზიური ფაროსანას მოქმედებით. ფერმერთა ძალისხმევა სწორედ ამ ფაქტორების გათვალისწინებით უნდა წარიმართოს. „ზამთრის ბოლოს-ადრე გაზაფხულზე თხილის წარმოების ყველა ზონაში უნდა ჩატარდეს ფენოლოგიური დაკვირვება კვირტების მდგომარეობაზე, რათა სწორად დაიგეგმოს სოკოვანი (მონილიოზის, ფუზარიოზისა და ა.შ.) და ბაქტერიული დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებები. ეს ღონისძიებები, კერძოდ, ქიმიური წამლობები მიმართულია პათოგენური მიკროორგანიზმების კვირტებზე დასახლებისა და შეჭრის წინააღმდეგ. შესხურებების ზუსტი კალენდარული დროის მითითება გაძნელებულია კლიმატური პირობების ცვალებადობის გამო. ამდენად, ყურადღება უნდა გამახვილდეს მცენარის ფენოლოგიურ ფაზებზე. პირველი შესხურება ტარდება კვირტების დაბერვის ფაზაში მხოლოდ კონტაქტური სპილენძისშემცველი ფუნგიციდებით, როგორიცაა კოსაიდი, კუპროქსატი, სპილენძის ქლორჟანგი, ჩემპიონი, იროკო, ნორდოქსი, აირონი, პოლტიგლია, ბორდოფლო, ოქსიქლორი, კუპროფლო, კუპერვალი, ბორდო ლუქსი და სხვა, ასევე 1,5 ან 2%-იანი ბორდოს ხსნარი. მეორე შესხურება უნდა ჩატარდეს კომბინირებული ნაზავით კვირტების გახსნის შემდეგ, ასევე სპილენძისშემცველი კონტაქტური პრეპარატებით და კვირტის ტკიპას არსებობის შემთხვევაში (როცა ერთ შტამბზე დაზიანებული კვირტების რაოდენობა 3-4 ცალს აჭარბებს) შესაბამისი აკარიციდებით (მასაი, ვერტეკი, ენვიდორი, ორტისი, ზუმი, ტალავი, კაისო, გოლდმაიტი ან სხვა). თუ ფერმერი ვერ მოახერხებს ორივე წამლობის ჩატარებას, ერთი კომბინირებული წამლობა მაინც უნდა ჩატარდეს. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ მდედრობითი კვირტების 15-20%-ზე მეტის გაშლის შემთხვევაში უნდა მოვერიდოთ ბორდოს ხსნარის გამოყენებას. უაღრესად მნიშვნელოვანია თხილის ნარგაობების დროული გასხვლა-ფორმირება და ამონაყარის მოცილება, რაც მეტად ამაღლებს მავნე ორგანიზმებთან ბრძოლის ეფექტურობას“, - ნათქვამია სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის განცხადებაში.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)