07:54 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-07 20:10:06, 1601 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტის საგაზაფხულო პლენარული სხდომა განხილული კანონპროექტების კენჭისყრით დასრულდა

პარლამენტის 2018 წლის საგაზაფხულო სესიის პირველი პლენარული სხდომა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა. სხდომას პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი უძღვებოდა.

კანონმდებლებმა პირველი მოსმენით განიხილეს კანონპროექტი „სამხედრო ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ და მისი თანმდევი კანონპროექტები. პლენარულ სხდომაზე საკანონმდებლო პაკეტი პრინციპების დონეზე თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ნუკრი გელაშვილმა წარადგინა. მისი თქმით, წარმოდგენილი კანონპროექტი საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვის ორგანიზებისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლის წესს არეგულირებს.

მომხსენებლის განცხადებით, კანონპროექტის თანახმად, სამხედრო სარეზერვო სამსახური იყოფა ორ ძირითად სახედ: აქტიურ სარეზერვო სამსახურად და სამობილიზაციო სარეზერვო სამსახურად. ამასთან, აქტიური სარეზერვო სამსახური შედგება: შეიარაღებული ძალების რეზერვისგან, ტერიტორიული რეზერვისგან და სპეციალისტთა რეზერვისგან.

კანონპროექტით განისაზღვრება აქტიური სარეზერვო სამსახურისა და სამობილიზაციო სარეზერვო სამსახურის გავლის პირობები, რეზერვის დაკომპლექტების წესი, შესაბამის პირთა ზღვრული ასაკი, სამობილიზაციო რეზერვის მართვის სისტემის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული საკითხები; დგინდება ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებები (დელეგირებული უფლებამოსილებები) ამ სფეროში; გათვალისწინებულია სამობილიზაციო სარეზერვო სამსახურის გავლის გადავადების საკითხი.

თანამომხსენებლის, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის შეფასებით, ეს ინიციატივა წარმოადგენს თავდაცვისუნარიანობისთვის ერთ-ერთ მთავარ კომპონენტს და მის მიმართ არავის გააჩნია პოლიტიკური ინტერესები. კანონპროექტი მრავალი მხარის, მათ შორის საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით შემუშავდა.

„ტოტალური თავდაცვის კონცეფციაშია ჩვენი გადარჩენის გასაღები. რეზერვი, როგორც თავდაცვისუნარიანობის პრევენციული ღონისძიება, ამ ქვეყანას ძალიან სჭირდება. გვინდა მშვიდობა და სარეზერვო სისტემა, ჩვენი თანამემამულეების მომზადება მშვიდობისკენ გადადგმული ნაბიჯია“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

კანონპროექტს „სამხედრო ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ პრინციპების დონეზე მხარს უჭერს ოპოზიციაც, თუმცა მათი განცხადებით, არის საკითხები, რომლებიც უფრო მეტ გამჭვირვალობას საჭიროებს.

თავდაცვის მინისტრის მოადგილემ შემდგომი თანამშრომლობისათვის მზადყოფნა გამოთქვა. მან ასევე პირველი მოსმენით განსახილველად წარადგინა თანმდევი კანონპროექტები: „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „მობილიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“.

პარლამენტმა დღესვე მეორე მოსმენით - მუხლობრივად განიხილა კანონპროექტები:

  • „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“; 
  • „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მისი თანმდევი კანონპროექტი „ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ“საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“; 
  • „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“; 
  • „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და თანმდევი კანონპროექტი „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“;

იუსტიციის მინისტრის მოადგილემ მიხეილ სარჯველაძემ პირველი მოსმენით განსახილველად წარადგინა კანონპროექტი „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და დეპუტატებს პრინციპები გააცნო.

წარმოდგენილი კანონპროექტით, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემასთან ერთად 2018 წლის 1 სექტემბრამდე იმოქმედებს აღნიშნული სისტემის ამოქმედებამდე არსებული საქმისწარმოების წესები. კანონპროექტის მიმართ შენიშვნები არავის ჰქონდა. თანამომხსენებელმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ კომიტეტი კანონპროექტს პრინციპების დონეზე მხარს უჭერს.

პარლამენტმა განხილულ კანონპროექტებს კენჭი უყარა. ამით, პარლამენტმა დღეს განსახილველი საკითხების ნუსხა ამოწურა და პლენარული სხდომა დახურულად გამოცხადდა.

სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, მის პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს უნივერსიტეტის საუკუნოვანი იუბილე მიულოცა.

„წელს ჩვენ აღვნიშნავთ ძალიან მნიშვნელოვან თარიღს - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილეს. ჩემთვის, როგორც ამ უნივერსიტეტის ერთ-ერთი კურსდამთავრებულისთვის, ეს უნივერსიტეტი ძალიან მნიშვნელოვანი ადგილია, განუზომელია მისი წვლილი ქვეყნის წინაშე განათლების კუთხით. მსურს მივულოცო მათ ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი და ვუსურვო კიდევ მრავალი მომავალი თაობის აღზრდაში ფასდაუდებელი წვლილის შეტანა. დიდი მადლობა მათ და ყველა კურსდამთავრებულს!“ , - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics