06:46 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-25 21:02:39, 3315 ნახვა

პოლიტიკა
მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლები: საქართველო პროგრესის აღიარებას იმსახურებს

ბოლო წლების განმავლობაში საქართველომ მნიშვნელოვან და თანმიმდევრულ პროგრესს მიაღწია ევროპის საბჭოს მიმართ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კუთხით და ეს ყველაფერი გაკეთდა ევროპის საბჭოსთან ბრწყინვალე თანამშრომლობით, - ამის შესახებ ევროპის საბჭოს მონიტორინგის კომიტეტის საინფორმაციო ბარათშია ნათქვამი.

როგორც ბარათშია აღნიშნული, საქართველო იმსახურებს პროგრესის აღიარებას. 

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, დოკუმენტში, რომელიც მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებლებმა - კერსტინ ლუნდგრენმა და ტიტუს კორლატეანმა საქართველოში ვიზიტის შემდეგ მოამზადეს, საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული პროცესებისა და ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების შესახებაა საუბარი. 

საინფორმაციო ბარათში განსაკუთრებული ყურადღება საკონსტიტუციო რეფორმას ეთმობა. რეფორმა პოზიტიურადაა შეფასებული და აღნიშნულია რომ საქართველოს კონსტიტუციურ სისტემაში ეს ცვლილებები მნიშვნელოვანი პროგრესია. მომხსენებლები მიესალმებიან კონსტიტუციური ცვლილებების იმ კომპრომისულ ვარიანტს, რომელიც საქართველოს პარლამენტმა უკვე ორი მოსმენით მიიღო და რომელიც, მათი თქმით, სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლამდე უზრუნველყოფს მეტად პლურალისტურ პოლიტიკურ გარემოს. დოკუმენტში, ასევე, პოზიტიურადაა შეფასებული, რომ მმართველმა გუნდმა ვენეციის კომისიის რეკომენდაციები დაუყოვნებლივ გაითვალისწინა. ანგარიშში გარდა ამისა, ხაზგასმულია, რომ საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქცია მოიცავს ნორმებს, რომლებიც ქვეყანაში მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის გაუმჯობესებას ემსახურება. 

საინფორმაციო ბარათში ყურადღება პარლამენტის როლზეა გამახვილებული და ნათქვამია, რომ ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს საზედამხედველო ფუნქცია უნდა გაძლიერდეს. კერძოდ, აღნიშნულია, რომ უნდა გაძლიერდეს საპარლამენტო კონტროლი თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორზე, ასევე, ხელი უნდა შეეწყოს ოპოზიციის როლის ზრდას პარლამენტში. მომხსენებლები ოპოზიციას უმრავლესობასთან თანამშრომლობისკენ მოუწოდებენ და აღნიშნავენ, რომ ოპოზიცია არ უნდა შეეწინააღმდეგოს ხელისუფლებიდან წამოსულ ინიციატივებს მხოლოდ იმ მიზეზის გამო, რომ ისინი უმრავლესობიდან მოდის. 

დოკუმენტში საუბარია საქართველოში არსებულ მედია გარემოზეც და აღნიშნულია, რომ ამ მხრივ, საქართველო რეგიონში სამაგალითო ქვეყანაა. მომხსენებლები მიესალმებიან საქართველოს გადაწყვეტილებას, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის საქმეზე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას დაელოდოს. 

საინფორმაციო ბარათში პოზიტიურადაა შეფასებული გასულ წელს ჩატარებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, ასევე, მომხსენებლები დადებითად აფასებენ საქართველოს ახალი სახალხო დამცველის არჩევის პროცესს და მტკიცე მხარდაჭერას უცხადებენ ომბუდსმენის ინსტიტუტს. 

დოკუმენტში საუბარია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს იმ გადაწყვეტილებაზეც, რომელიც საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ივანე მერაბიშვილის საქმეს ეხება. საინფორმაციო ბარათში ხაზგასმულია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება ივანე მერაბიშვილის სასამართლო პროცესსა და გამამტყუნებელ განაჩენს არ უკავშირდება. 

ანგარიშის მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას, ბორდერიზაციის პროცესსა და ეთნიკური ქართველების დევნისა და შევიწროვების ფაქტებზე საუბარს ეთმობა. დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა აგრძელებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე და ურყევ მხარდაჭერას. 

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებლები -კერსტინ ლუნდგრენი და ტიტუს კორლატეანი საქართველოში გასული წლის ნოემბერში იმყოფებოდნენ. ვიზიტის ფარგლებში, თანამომხსენებლებმა შეხვედრები საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, პრეზიდენტთან, დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო ორგანიზაციების, არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებთან და სახალხო დამცველთან გამართეს. 

კერსტინ ლუნდგრენი და ტიტუს კორლატეანი საქართველოში მომდევნო ვიზიტს 2018 წლის პირველ ნახევარში გეგმავენ. 
 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics