|
2018-01-23 20:44:02, 2049 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს სახალხო დამცველმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ადამიანის უფლებების თემაზე მოხსენება გააკეთა
საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის მოწვევით, სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში, საქართველოში ადამიანის უფლებების თემაზე მოხსენება გააკეთა. ნინო ლომჯარია ასამბლეის წევრებს საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელმა, თამარ ჩუგოშვილმა წარუდგინა და განაცხადა, რომ ომბუდსმენის პოსტზე მისი არჩევა პარლამენტის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო. "ახალი ომბუდსმენი, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან აქტიური კონსულტაციებით შეირჩა. მან მიიღო გამოწვევა, უხელმძღვანელოს ძალიან მნიშვნელოვან ინსტიტუტს საქართველოში - სახალხო დამცველის ოფისს, რომელიც დიდი ნდობით სარგებლობს ქვეყანაში",- განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა. სახალხო დამცველმა საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებულ ტენდენციებზე, განხორციელებულ ცვლილებებსა და გამოწვევებზე ისაუბრა. ნინო ლომჯარიამ ყურადღება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტოროებზე ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ მდგომარეობაზე გაამახვილა და განაცხადა, რომ სიტუაცია საგანგაშოა. „ადგილობრივ მოსახლეობას შეზღუდული აქვს საოკუპაციო ხაზის გადაკვეთის უფლება, ადამიანებს რუსი მესაზღვრეები რეგულარულად აკავებენ საზღვრის გადაკვეთის ე.წ. უკანონო გადაკვეთის გამო. კონვენციით გარანტირებული ადამიანის უფლებები, მათ შორის, თავისუფალი გადაადგილების უფლება, საკუთრების უფლება, დისკრიმინაციის აკრძალვა, განათლების უფლება, რეგულარულად ირღვევა საოკუპაციო ძალის მიერ",- განაცხადა სახალხო დამცველმა. მისივე თქმით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული პრობლემების დემონსტრირება მოახდინა 2016 წელს, საქართველოს მოქალაქის, გიგა ოთხოზორიას მკვლელობამ ე.წ. მესაზღვრის მიერ, რომელიც, ჩადენილი დანაშაულისთვის ამ დრომდე არ არის დასჯილი. ნინო ლომჯარიამ აღნიშნა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე დაკვირვების შესაძლებლობა არ აქვთ საერთაშორისო ორგანიზაციებს. სახალხო დამცველმა საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე არსებული ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ისაუბრა. მისი შეფასებით, პენიტენციურ სისტემაში ამ მხრივ მნიშვნელოვანი პროგრესია მიღწეული, თუმცა, რჩება გამოწვევებიც. რაც შეეხება თანასწორობას და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლას, ნინო ლომჯარიამ აღნიშნა, რომ 2014 წელს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონი მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია. სახალხო დამცველის განცხადებით, განსაკუთრებულ გამოწვევად რჩება ქალების წინააღმდეგ დისკრიმინაცია და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების ეფექტური გამოძიება. რაც შეეხება რელიგიურ უმცირესობებს, ამ მხრივ, ომბუდსმენის შეფასებით, ბოლო წლების განმავლობაში მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე სახალხო დამცველის შეფასებას გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელი. თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, საპარლამენტო დელეგაციამ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მონიტორინგის შესახებ რეზოლუციის ინიცირება მოახდინა. „ეს ჩვენთვის ყველაზე მტკივნეული ნაწილია, ცოტა ხნის წინ მოვახდინეთ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დამოუკიდებელი მონიტორინგის შესახებ რეზოლუციის ინიცირება. როგორც იცით, არ არის არცერთი სხვა დამოუკიდებელი საერთაშორისო ორგანიზაცია, ვისაც შეუძლია ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების სრული მონიტორინგი. ოკუპირებული ტერიტორიები არის ე.წ. „ნაცრისფერი ზონები", სადაც არც ევროპის საბჭოს კომისარს, არც სხვა სანდო საერთაშორისო ინსტიტუტს შესვლის საშუალებას არ აძლევენ. ასე რომ, იმედი გვაქვს, რომ საპარლამენტო ასამბლეა მხარს დაუჭერს რეზოლუციას",- განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელმა და სახალხო დამცველმა ასამბლეის წევრთა შეკითხვებს უპასუხეს.
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
პეტერ მადიარი უნგრეთის პრემიერი ოფიციალურად გახდა
ლევან ხაბეიშვილზე ძალადობაში ბრალდებულმა სპეცრაზმელებმა ბრალი აღიარეს, მათ პატიმრობა შეუფარდეს
კრიპტო უკვე თიბისის მობაილბანკშია
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)