15:58 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-09 13:03:29, 614 ნახვა

ეკონომიკა
თამბაქო წელს კიდევ ერთხელ გაძვირდება

თამბაქო წელს კიდევ ერთხელ გაძვირდება. მიმდინარე წელს აქციზზე ფასის ზრდის შედეგად გაძვირებული სიგარეტის ღირებულება ამჯერად ახალი ტიპის - ადვალორული გადასახადის შემოღების შედეგად დაკორექტირდება. ეს იმას ნიშნავს, რომ თამბაქოს იმპორტიორ კომპანიებს ბიუჯეტში მეტის შეტანა მოუწევთ  - კოლოფი სიგარეტის ღირებულება 5%-ით დაიბეგრება. ცვლილება ძალაში 1 ივლისიდან შევა.

იმპორტიორ კომპანიებში აცხადებენ, რომ ახალი ტიპის გადასახადი და სარეალიზაციო ფასის დაბეგვრა თამბაქოს ნაწარს გააძვირებს. ამასთან, კერძო ბიზნესისთვის აქციზის ზრდა წელიწადში ორჯერ მძიმე ტვირთი იქნება.

თამბაქოს ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორის „ჯეი თი აი კავკასუსის“ წარმომადგენელი ივანე ხასია „ექსპრესნიუსთან“ საუბარში აცხადებს, რომ პარლამენტში საკომიტეტო მოსმენებზე განხილვისას კომპანიების რეკომენდაცია იყო, რომ საგადასახადო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები 6 თვით გადავადებულიყო და აქციზის ზრდა წელიწადში ორჯერ არ მომხდარიყო. მისი თქმით, ახალი მოდელი საერთაშორისოდ აპრობირებული არაა და მსგავსი გამოცდილება ევროკავშირის ქვეყნებში არ არსებობს.

„ჩვენი რეკომენდაცია იყო, რომ დაჩქარებული გადაწყვეტილებები არ ყოფილიყო მიღებული და ადაპტირებისთვის ყველას მეტი დრო გვქონოდა. საპარლამენტო კომიტეტებსაც მსგავსი რეკომენდაციები ჰქონდათ. თუმცა 1 იანვრიდან მაინც მოხდა  ფილტრიან სიგარეტზე 15 თეთრით აქციზის ზრდა, ხოლო 1 ივლისიდან თამბაქოს საცალო სარეალიზაციო ფასის მიხედვით 5 პროცენტიანი გადასახადი იქნება. რა ფასადაც იყიდება თითოეული კოლოფი, დამატებით ხუთი პროცენტი გვექნება კომპანიებს გადასახდელი. შესაბამისად, ეს აისახება სიგარეტის ფასებზე. ძვირიანი ბრენდი, მეტად გაძვირდება, დაბალფასიანის ზრდა კი ნაკლებად მოხდება. აქციზის შესაბამისად მოხდება ფასების კორექტირებაც. ჩვენი რეკომენდაცია ეფუძნებოდა საერთაშორისო, ევროკავშირის ქვეყნებში არსებულ გამოცდილებას. ეს კი არაა ევროკავშირის მოდელი, ქართულ რეალობაზე მორგებული განსხვავებული მოდელი დამტკიცდა“, - განაცხადა ივანე ხასიამ.

„ჯეი თი აი კავკასუსში“ ასევე არ გამორიცხავენ, რომ რეგიონში არსებული ვითარების გათვალიწინებით, დამატებითი გადასახადის შემოღებამ საქართველოში კონტრაბანდული პროდუქციის შემოდინების საფრთხეები გაზარდოს.

„უნდა გავითვალისწინოთ ის სურათი, რაც რეგიონშია. დღესაც და გასული წლის განმავლობაშიც საკმაოდ მნიშვნელოვანი სხვაობა იყო სიგარეტის ღირებულებას შორის, დაახლოებით 30 ცენტამდე და იანვარში გაზრილი აქციზის შედეგად ეს სხვაობა კიდევ უფრო გაიზარდა. 1 ივლისიდან ფასთა სხვაობა კიდევ უფრო მეტი იქნება და შესაძლოა 40 ცენტიც იყოს. დიდია იმის რისკი, რომ უკვე არალეგალური გზებით მოხდეს საქართველოს ბაზარზე თამბაქოს პროდუქციის შემოდინება. ეს ძალიან ცუდად აისახება კანონიერ ბიზნესზე, ჩვენზე, რომელსაც კანონიერად შემოგვაქვს პროდუქცია, რადგან აღარ გაგვეყიდება. ასევე დაზარალდება სახელმწიფო, რადგან გადასახადები, რაც უნდა შესულიყო ბიუჯეტში კანონიერი პროდუქციის რეალიზაციის შედეგად, აღარ შევა“, - განმარტავს ივანე ხასია.

„ჯეი თი აი კავკასუსში“ აცხადებენ, რომ საქართველოს ევროკავშირთან ხელშეკრულების ფარგლებში აქციზის ეტაპობრივი ზრდისთვის 5 წელი მიეცა, მიუხედავად ამ ვადისა, ახალი გადასახადის შემოღება მაინც დაჩქარებულად მოხდა.

თამბაქოს იმპორტიორი კომპანიის ინფორმაციით, სიგარეტზე აქციზის გაძვირების შემდეგ, 2013 წლის შემდეგ ბაზრის საერთო მოცულობა არ შეცვლილა, თუმცა სეგმენტებში გადათამაშება მოხდა და მოსახლეობა მაღალფასიანი პროდუქციიდან და შედარებით დაბალ ფასიანზე გადავიდა.

შეგახსენებთ, 2013 წელს ფილტრიან სიგარეტზე აქციზი 15 თეთრით გაიხარდა, ხოლო უფილტროზე 5 თეთრით. 2015 წლის 1 იანვრიდან თამბაქოზე აქციზი კიდევ ერთხელ გაძვირდა. მთავრობა თამბაქოსა და ლუდზე აქციზის გადასახადის გაზრდით მიმდინარე წელს ბიუჯეტში დამატებით 110 მილიონი ლარის მობილიზებას გეგმავს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ალიევი - ამ რეგიონში შემავალი ქვეყნები უნდა დარჩნენ ფოკუსირებულნი, მშვიდობაზე, სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე
მოღალატევ, რუსების მონა - სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე ყოფილ პრემიერ ნოღაიდელს დაუპირისპირდა
აფგან სადიგოვი, პოლიციამ დააკავა
სააკაშვილი რაფალიანცის და ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობას ივანიშვილს უკავშირებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics