|
2015-05-08 12:30:26, 765 ნახვა
მსოფლიო
Euobserver: რიგის სამიტის დეკლარაცია საქართველოს და უკრაინას უვიზო რეჟიმის გაფორმებას არ სთავაზობს
„ევროკავშირი ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებთან კავშირებს აღრმავებს“, - ამ სათაურით გამოცემა Euobserver სტატიას აქვეყნებს, სადაც მომავალ რიგის სამიტსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პესპექტივებზეა საუბარი. როგორც გამოცემა წერს, რიგის სამიტის დეკლარაციის პროექტში აღნიშნულია, რომ დოკუმენტი უკრაინასა და საქართველოს უვიზო რეჟიმის გაფორმებას არ სთავაზობს, როგორც ეს მოსალოდნელი იყო. სტატიის მიხედვით, ევროკავშირის ქვეყნები, მიუხედავად რუსეთის წინააღმდეგობისა, უკრაინასთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმებას გეგმავენ. შეთანხმება 2016 წლის პირველი იანვრიდან უნდა ამოქმედდეს. "ამ პაქტის განხორციელება და მსგავსი შეთანხმებები საქართველოსა და მოლდოვასთან იქნება ევროკავშირისა და მისი პარტნიორების მთავარი პრიორიტეტი მომდევნო წლების განმავლობაში", - წერია სტატიაში. Euobserver წერს, რომ რიგის სამიტი ვილნიუსის სამიტიდან თითქმის ორი წლის შემდეგ იმართება, სადაც უკრაინის ყოფილმა ლიდერმა რუსეთთან დაახლოების მიზნით, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე უარი თქვა. სტატიაში აღნიშნულია, რომ მისმა უარმა შოკი გამოიწვია. თუმცა შემდგომი მოვლენები უფრო შოკისმომგვრელი იყო - უკრაინის რევოლუცია თებერვალში, რუსეთის ინტერვენცია უკრაინაში და ყირიმის ანექსია. სტატიის ავტორი წერს, რომ ამ მოვლენებმა ახალი ცივი ომის საშიშროება გააჩინა. Euobserver წერს, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ამბიციებისა და საჭიროებების მიუხედავად, სამიტის მონაწილეებს სურვილი აქვთ, შექმნათ უფრო ფართო არეა ეკონომიკური კეთილდღეობისა, რომელიც დაფუძნებულია მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესებსა და დამოუკიდებელ არჩევანზე. "დოკუმენტი ამბობს, რომ საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინასთან გაფორმებული ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებები არის მდგრადი განვითარების მიღწევის და ამ ქვეყნების ეკონომიკისა და საზოგადოების მოდერნიზაციის საშუალება", - აღნიშნულია სტატიაში. დოკუმენტში ასევე ხაზგასმულია, რომ DCFTA-ის ამოქმედების შემდეგ ევროკავშირის ქვეყნების სავაჭრო ურთიერთობები საქართველოსთან და მოლდოვასთან გაიზარდა. სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ დოკუმენტი უკრაინასა და საქართველოს უვიზო რეჟიმის გაფორმებას არ სთავაზობს, როგორც ეს მოსალოდნელი იყო. თუმცა ნათქვამია, რომ მოლდოვასთან გასული წლის აპრილში ამოქმედებული უვიზო მიმოსვლის პროცესი ეფექტურად მიმდინარეობს. ამასთან, დეკლარაციის პროექტში ნათქვამია, რომ ყოფილი საბჭოთა კავშირის ექვსი ქვეყანა ევროკავშირთან სხვა სფეროებშიც აღრმავებს კავშირებს. მათ შორისაა საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის მონაწილეობა ევროკავშირის სამხედრო მისიებში. გამოცემის მიხედვით, დეკლარაციის პროექტში აღნიშნულია, რომ ევროკავშირმა უფრო მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს "პრაქტიკულ პროექტებს", რომლებიც პარტნიორობის მონაწილე ქვეყნების მოქალაქეებს ხელშესახებ სარგებელს მოუტანს. სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ მიუხედავად ევროკაშირის წინააღმდეგ რუსეთის პროპაგანდისა, აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყანა სტრატეგიული კომუნიკაციის გაძლიერების აუცილებლობაზე თანხმდება. იმის მიუხედავად, რომ რიგის სამიტის დეკლარაციას საბოლოო სახე ჯერ არ აქვს, Euobserver-ის ცნობით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მისი მთავარი პუნქტები შეიცვალოს. "თუმცა, ევროკავშირის ერთ-ერთი წყარო ამბობს: ეს არის დეკლარაციის პირველი ვერსია, რომელიც აპრილის შუა რიცხვებში შემუშავდა. მას შემდეგ ევროკავშირის ქვეყნებსა და პარტნიორებს შორის გამართული მოლაპარაკებების შედეგად, ჩვენ გვეცოდინება რა არის ერთობლივი განცხადების ნამდვილი საფუძველი", - აღნიშნულია Euobserver-ის სტატიაში.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)