23:33 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-04 10:16:12, 1767 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი: ყველა ჩვენგანის მიზანია, ერთობლივი ძალისხმევით შევინარჩუნოთ ერთიანი, ძლიერი ევროპა

 „წელს ევროპულ პროექტს 60 წელი შეუსრულდა,  ამ უპრეცედენტო იდეის წარმატებამ მშვიდობა და  სტაბილურობა მოუტანა ევროპის კონტინენტს, ხოლო მეზობელ სახელმწიფოებს ამ საერთო ძალისხმევაში მონაწილეობის სურვილი გაუჩინა“,-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა  გიორგი კვირიკაშვილმა  კონფერენციის  „ევროკავშირი და პარტნიორები“ -მრავალფეროვნება ძლიერი ერთობისთვის სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, ევროგაერთიანების ფუძემდებლური პრინციპები დღეს ისე აქტუალურია, როგორც არასოდეს, განსაკუთრებით კი საქართველოსთვის  - ევროკავშირის პარტნიორი ქვეყნებისთვის, რომლებსაც ევროკავშირის ერთიანობა და სიმტკიცე ისევე აღელვებს, როგორც თავად გაერთიანების წევრებს.

„ჩემთვის არის უდიდესი პატივი, რომ მომეცა საშუალება, მივესალმო ამ უმნიშვნელოვანესი კონფერენციის მონაწილეებს. მოხარული ვარ, რომ თბილისი კიდევ ერთხელ მასპინძლობს ამ შესანიშნავ ღონისძიებას, რომელიც წელს 17 ქვეყნის საპარლამენტო დელეგაციას აერთიანებს.

მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადაგიხადოთ საქართველოში ჩამობრძანებისათვის. ასევე მადლობა მინდა გადავუხადო პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტს, პირადად ქალბატონ თამარ ხულორდავას, ევროკავშირის წარმომადგენლობას საქართველოში, გაეროს განვითარების პროგრამას და ყველას, ვისი ძალისხმევითაც იმართება დღევანდელი კონფერენცია.

დღევანდელი შეკრება გამორჩეულია იმით, რომ ერთ სამუშაო სივრცეში აერთიანებს ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების, ასევე „აღმოსავლეთ პარტნიორობის"  ქვეყნების საკანონმდებლო ორგანოების წარმომადგენლებს, ევროპარლამენტის წარმომადგენლებს და ასევე, ცნობილ ექსპერტებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს. ასეთი მრავალფეროვნება გამოცდილების გაზიარებისა და თანამშრომლობის, ასევე პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე მსჯელობის უნიკალურ შესაძლებლობას ქმნის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია იმ საერთო გამოწვევების ფონზე, რომლის წინაშეც დღეს ევროკავშირი და მისი სამეზობლო დგას.

წელს ევროპულ პროექტს 60 წელი შეუსრულდა. ამ უპრეცედენტო იდეის წარმატებამ მშვიდობა, სტაბილურობა და კეთილდღეობა მოუტანა ევროპის კონტინენტს, ხოლო მეზობელ სახელმწიფოებს ამ საერთო ძალისხმევაში მონაწილეობის სურვილი გაუჩინა.

ევროგაერთიანების ფუძემდებლური პრინციპები დღეს ისე აქტუალურია, როგორც არასოდეს, განსაკუთრებით კი ჩვენთვის - ევროკავშირის პარტნიორი ქვეყნებისთვის, რომლებსაც ევროკავშირის ერთიანობა და სიმტკიცე ისევე გვაღელვებს, როგორც თავად გაერთიანების წევრებს.

ყველა ჩვენგანის მიზანია, ერთობლივი ძალისხმევით შევინარჩუნოთ ერთიანი, ძლიერი ევროპა, რომელიც, სათანადო პირობების არსებობის შემთხვევაში, მზად იქნება, კარი გაუღოს საქართველოს და სხვა ევროპულ სახელმწიფოებს.

ევროკავშირის ტრანსფორმაციის ძალა და ღირებულებებზე დაფუძნებული საგარეო პოლიტიკა იქცა საქართველოს რეფორმებისა და მოდერნიზაციის ქვაკუთხედად, ჩვენი შიდა და საგარეო პოლიტიკის განუყოფელ ნაწილად, რომლის მიზანია დემოკრატიული, განვითარებული ევროპული სახელმწიფოს მშენებლობა.

საქართველო საფუძვლიანად მიიჩნევს თავს ევროპული ინტეგრაციის პროექტის წარმატების ერთ-ერთ მაგალითად. დარწმუნებული ვარ, ამ გზაზე მიღწეულ წარმატებებსა და სამომავლო გეგმებზე დღეს და ხვალ ამ დარბაზში უფრო დეტალური დისკუსია გაიმართება. 

ევროპული ინტეგრაციის გზაზე უმნიშვნელოვანესია თანამშრომლობის როგორც ორმხრივი, ისე მრავალმხრივი ფორმატები. ცოტა ხნის წინ ბრიუსელში გაიმართა აღმოსავლეთის პარტნიორობის მეხუთე სამიტი, სადაც ერთხმად აღინიშნა საქართველოს წარმატებული რეფორმებისა და დემოკრატიის კონსოლიდაციის შესახებ და დაფიქსირდა მხარდაჭერა საქართველოს ევროპული მისწრაფებებისა და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესისადმი. გარდა ამისა, "აღმოსავლეთ პარტნიორობის" სხვა წევრებთან ერთად, 2020 წლისათვის ევროკავშირთან დაახლოების 20 ახალი მიზანი დავისახეთ, რაც სრულ თანხვედრაშია ჩვენი მთავრობის ყოვლისმომცველი რეფორმების გეგმასთან.

საქართველო აფასებს პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავების ახალ შესაძლებლობებს და შევეცდებით, მაქსიმალურად გამოვიყენოთ ისინი, რათა კიდევ უფრო გავაძლიეროთ ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტები; დავხვეწოთ მმართველობა, ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციით, უზრუნველვყოთ ცხოვრების უკეთესი სტანდარტების დამკვიდრება ჩვენი მოქალაქეებისათვის,  გავაუმჯობესოთ ინფრასტრუქტურა და ხელი შევუწყოთ ხალხთა შორის კონტაქტების გააქტიურებას.

ასოცირების შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის წარმატებით იმპლემენტაცია და ევროკავშირთან შემდგომი დაახლოება ჩვენი მთავრობის უმნიშვნელოვანესი ამოცანაა.

ამ დროის განმავლობაში ჩვენ შევძელით კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული დემოკრატიული, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული ინსტიტუტების კიდევ უფრო განმტკიცება და მზად ვართ უფრო აქტიურად ვიმუშაოთ ევროპული სტანდარტების დასამკვიდრებლად.

ამავე დროს, საქართველოს, ევროკავშირის სამშვიდობო მისიებში მონაწილეობით, საკუთარი წვლილი შეაქვს მშვიდობიანი მსოფლიოს მშენებლობაში. ამ ფონზე, აღსანიშნავია უსაფრთხოების საერთო გამოწვევები ევროკავშირის სამეზობლოში, რომლებთან გამკლავებაც მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით არის შესაძლებელი“,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics