|
2017-11-29 22:08:10, 1873 ნახვა
პოლიტიკა
გარემოს დაცვის კომიტეტმა მთავრობის რეორგანიზაციასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს მხარი არ დაუჭირა
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონის პროექტი „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მისგან გამომდინარე 112 კანონპროექტი საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანმა შალვა თადუმაძემ წარადგინა. მომხსენებელმა იმ ძირითად პრინციპულ საკითხებზე გაამახვილა ყურადღება, რომლითაც გამოწვეულია ცვლილებები. შალვა თადუმაძის განცხადებით, ხდება სამინისტროების შერწყმა და კონკრეტული ფუნქციებით ერთიანდება რამდენიმე სამინისტრო. მისივე ინფორმაციით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ხდება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ახალგაზრდული სტრუქტურის კომპონენტის შერწყმა. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს უერთდება სოფლის მეურნეობის სამინისტრო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელი არ ეცვლება თუმცაღა, მასში ხდება ენერგეტიკის სამინისტროს შერწყმა. ასევე, ხდება გარემოს დაცვის სამინისტროდან მხოლოდ წიაღისეულის კომპონენტის შერწყმა. იცვლება კულტურის სამინისტროს სახელი, რომელთანაც ხდება სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს სპორტის კომპონენტის შერწყმა და განისაზღვრება კულტურისა და სპორტის სამინისტროდ. მომხსენებლის ინფორმაციით, აღნიშნული რეფორმა მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს როგორიცაა: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ კანონში ცვლილება, რომლის მიხედვით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან სახელმწიფო დაზვერვის სამსახურის შერწყმა ხორციელდება, იმ ფუნქციებით, რა ფუნქციებიც კანონით ჰქონდა გათვალისწინებული სახელმწიფო დაზვერვის სამსახურს. შესაბამისი ცვლილებები შედის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ კანონში, სადაც სრულად არის გადატანილი ის ფუნქცია-მოვალეობები, რომელსაც სახელმწიფო დაზვერვის სამსახური ახორციელებდა. გარდა ამისა, აღნიშნული რეფორმის ფარგლებში ხდება უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს რეორგანიზაცია, მის ბაზაზე ყალიბდება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, რომლის ძირითადი ფუნქციაც იქნება საგანგებო სიტუაციების მართვა ოპერატიულ-ტაქტიკურ დონეზე. აღნიშნული სამსახური იქნება პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაში. ის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, რომელიც კრიზისების მართვის საბჭოს გააჩნია, იქიდან გამომდინარე, რომ საგანგებო სიტუაციების სამსახური იქნება მისი სამართალმემკვიდრე, სრულად იქნება გადაცემული ამ სამსახურის მმართველობაში. „კანონმდებლობის შესაბამისად, გაერთიანების, რეორგანიზაციისა და ოპტიმიზაციის პროცესი გაწერილია სამთვიან პერიოდზე და გარდამავალ დებულებებში განსაზღვრულია ის ვადა, როდესაც უწყებებმა უნდა დაასრულონ აღნიშნული პროცედურა და შემდგომ მთავრობისთვის განსაზღვრულია 6 თვის ვადა, რომ მოახდინოს შესაბამისი სამართლებრივი უზრუნველყოფა ახლადჩამოყალიბებული სამინისტროების ფუნქციებისა და უფლებამოსილებების ნაწილში“, - განმარტა შალვა თადუმაძემ. „ჩვენ ყველანი მივესალმებით ოპტიმიზაციის საკითხს და ვთვლი, რომ ძალიან საინტერესო პაკეტი იქნა წარმოდგენილი, რომელიც ნამდვილად წაადგება ქვეყნის გაერთიანებას. ერთადერთი, რაზეც ჩვენ კითხვები გაგვაჩნია, ეს არის გარემოს დაცვის სამინისტროსთან სოფლის მეურნეობის სამინისტროს გაერთიანება. ასევე ვთვლი, რომ კარგად დასაფიქრებელია წიაღების მიერთება ეკონომიკის სამინისტროსთანაც“, - განაცხადა კახაბერ კუჭავამ. მისივე განცხადებით, იმ პირობებში, როდესაც გარემოს დაცვის მიმართულებით ქვეყანა სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას, და როცა ერთ-ერთი მთავარი ვალდებულება სწორედ ისაა, რომ ქვეყანამ ამ მიმართულებით გრძელვადიანი სტრატეგია შეიმუშაოს, მსგავსი გადაწყვეტილებები დასაფიქრებელია. სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. დეპუტატების მხრიდან გამოითქვა კრიტიკული შენიშვნებიც და რეკომენდაციებიც. დეპუტატთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გაერთიანება არამიზანშეწონილია. გიორგი გაჩეჩილაძეს ამ ორი სამინისტროს გაერთიანება დაუშვებლად მიაჩნია, რადგან მათ ურთიერთსაპირისპირო მიმართულებები გააჩნიათ. „გამომდინარე იქედან, რომ გარემოს დაცვის დღევანდელი სამინისტრო ისედაც განიცდის ბიუჯეტის ნაკლებობას და შტატების სიმცირეს. მით უფრო, რომ გარემოზე ზემოქმედების შეფასების კანონის მიღების შემდეგ, გაფართოვდა იმ საქმიანობის ნუსხა, რომელიც ექვემდებარება გარემოზე ზემოქმედების შეფასებას. პრობლემებს ვერ აუდის გარემოს დაცვის სამსახური, ამ პირობებში, ვერავითარი არგუმენტი ოპტიმიზაციასთან დაკავშირებით, როგორც პასუხი არ გამოდგება“, - განაცხადა გიორგი გაჩეჩილაძემ. დეპუტატი სამინისტროების გაერთიანებით ინტერესთა კონფლიქტს ხედავს. მისი თქმით ამ სტრუქტურული ცვლილებით შესაძლოა მოხდეს გარემოს დაცვის სისტემების დასუსტება, რაც მისივე თქმით, ასოცირების ხელშეკრულებას ეწინააღმდეგება. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე დაგეგმილ ცვლილებებში ინტერესთა კონფლიქტის საფრთხეებს ხედავს და მიაჩნია, რომ როცა მომხმარებელი და მარეგულირებელი არის ერთ უწყებაში, აქ არის პირდაპირი ინტერესთა კონფლიქტი. კომიტეტის თავმჯდომარემ ყურადღება ასევე გაამახვილა ოპტიმიზაციის შემთხვევაში მოსალოდნელ საბიუჯეტო პერსპექტივაზე. „ოპტიმიზაციის მთავარი მიზანი არის, რომ მოხდეს რესურსების ოპტიმიზაცია და ამ კუთხით რას ველოდებით იმ ფონზე, როდესაც ჩვენ, კომიტეტმა ჯერ კიდევ მაისიდან დავიწყეთ მუშაობა, წარმოვადგინეთ დასკვნა და ვთქვით, რომ საჭიროა გარემოს დაცვის სამინისტროს ბიუჯეტის გაზრდა, არის თუ არა ციფრები, რომ ვიცოდეთ რა სახის დანახარჯზე იქნება გაერთიანება ამ კონკრეტულ შემთხვევაში“, - განაცხადა კახაბერ კუჭავამ. კომიტეტის თავმჯდომარე დაინტერესდა კონკრეტული მონაცემებით, რომელიც შესაბამისი ანალიზის საფუძველზე უნდა არსებობდეს ფინანსური და სტრუქტურული ეფექტიანობის კუთხით. „ისეთი ჩანაწერი, სადაც წერია, რომ ბიუჯეტი მოიკლებს, პროექტში არ არის“, - განაცხადა საპასუხოდ მთავრობის საპარლამენტო მდივანმა. მანვე განმარტა, რომ რეფორმის მიზანია, საერთო ჯამში და არა კონკრეტულ სამინისტროებთან მიმართებაში ჩამოყალიბდეს ეფექტური მმართველობის სისტემა და შემცირდეს ბიუროკრატიის ხარჯები. ინტერესთა კონფლიქტთან დაკავშირებით კი მომხსენებელმა განმარტა, რომ გაუგებარია ინტერესთა კონფლიქტი კოლეგიურ ორგანოში, მით უფრო ერთ უწყებაში. მით უფრო, რომ წარმოდგენილ კანონპროექტში არ არსებობს ჩანაწერი, რომელიც არსებულთან შედარებით ასუსტებს გარემოს დაცვის კომპონენტს. მთავრობა, რომელიც იღებს პასუხისმგებლობას რეფორმების განხორციელებაზე, ბუნებრივია, გულისხმობს რომ ბიუჯეტი ეკონომიკური მიზნებისთვის რაციონალურად იქნება გამოყენებული. კომიტეტის სხდომაზე წარმოდგენილ ცვლილებებთან დაკავშირებით კრიტიკული მოსაზრებები სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმაც გამოხატეს. კახაბერ კუჭავამ კომიტეტის სხდომაზე წარმოდგენილ ცვლილებებთან დაკავშირებით, გაეროს „გარემოს დაცვის პროგრამის“ აღმასრულებელი დირექტორის, აქიმ შტაინერის პოზიციაც გაახმოვანა და აღნიშნა, რომ შეხვედრაზე, რომელიც მისი ინიციატივით საქართველოს მუდმივმოქმედ წარმომადგენელთან კახაბერ იმნაძესთან დაიგეგმა, აქიმ შტაინერი დაინტერესდა ხომ არ გამოიწვევს გარემოს დაცვის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან გაერთიანება ქვეყანაში გარემოს დაცვის პრიორიტეტის დაქვეითებას. „ეს ძალიან მნიშვნელოვანი პოზიციაა გაეროს „გარემოს დაცვის პროგრამის“ მხრიდან. მე მხარს ვუჭერ შემოთავაზებულ სტრუქტურულ ცვლილებებს და ვთვლი, რომ ნამდვილად დროული და მიზანშეწონილი იყო, მაგრამ ნამდვილად არ მიმაჩნია სწორად, რომ გარემოს დაცვის სამინისტროსთან მიმართებაში ნაჩქარევად გადავდგათ ნაბიჯები და სანამ არ მოვისმენთ უფრო დეტალურ არგუმენტაციას, ბიუროკრატიული ხარჯების, რესურსის თუ სტრუქტურული გადაადგილებების შესახებ მე, პირადად, ვერ მივიღებ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა კახაბერ კუჭავამ.
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)