16:13 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-06 15:37:31, 371 ნახვა

სამართალი
ომბუდსმენი აფხაზეთის გამყოფ ხაზზე მოზარდის გარდაცვალებას ეხმაურება

სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი აფხაზეთის გამყოფ ხაზზე 12 წლის მოზარდის გარდაცვალებაზე გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმადაც მოზარდს საშუალება არ მიეცა ადმიინსტრაციული ხაზი გადმოეკვეთა და დროული სამედიცინო მომსახურება მიეღო.

ომბუდსმენი, მომხდარის გამო მწუხარებას გამოთქვამს და გარდაცვლილი მოზარდის ოჯახს უსამძმრებს.

„როგორც ცნობილია, გალის რაიონში ჯანდაცვის სისტემის გაუმართაობის მიზეზით, ოჯახმა ბავშვის სამკურნალოდ ზუგდიდში გადაყვანა გადაწყვიტა. თუმცა, საბუთების არ ქონის გამო, ისინი ვერ შეძლებდნენ გამყოფ ხაზზე არსებული გამშვები პუნქტებით სარგებლობას და ამიტომ, შემოვლითი გზით სცადეს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასვლა. ასეთი მოვლენა გალის რაიონში პირველი არ არის. ფატალურად დამთავრდა რამდენიმე მსგავსი შემთხვევა 2011-2012 წლებში. 2014 წელს, სახალხო დამცველი ესაუბრა 12 წლის გალის მკვიდრს და მის მშობელს, რომლებიც 2014 წლის დეკემბერში, შემოვლით გზაზე მაშინ დააკავეს რუსმა მესაზღვრეებმა, როდესაც თბილისში დაგეგმილ ქირურგიულ ოპერაციაზე მიდიოდნენ. მათ რუსეთის ბაზის გაყინულ სარდაფში 5 საათის გატარება მოუწიათ, შედეგად ბავშვს აეწია ტემპერატურა, დაეწყო ასთმური შეტევები და მისთვის ოპერაციის გაკეთება რამდენიმე თვით გადაიდო“, – ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.

ნანუაშვილის შეფასებით, აღნიშნული ინციდენტები რამდენიმე პრობლემას წარმოაჩენს, რომელსაც ყველა მხარისაგან დროული რეაგირება სჭირდება.

მისივე თქმით, გალის რაიონში ძირითად პრობლემებს ჯანდაცვის სისტემის მძიმე მდგომარეობა, კონფლიქტურ რეგიონებში მიმდინარე მოვლენების შესახებ გადაუმოწმებელი ინფორმაციების გავრცელება, აფხაზეთში მცხოვრები პირებისთვის გაადადგილების შეზღუდვა ქმნის.

„მძიმე მდგომარეობაშია ჯანდაცვის სისტემა გალის რაიონში. გალის საავადმყოფოში არ ფუნქციონირებს რეანიმაციული განყოფილება, დაბალია მედპერსონალის კვალიფიკაცია, ფატალურად დასრულდა არაერთი შემთხვევა საავადმყოფოში. ადგილობრივ მოსახლეობას არ აქვს ნდობა ამ სისტემისადმი, რაც მათ უბიძგებთ გამოსავალი სხვა ქალაქებში ეძიონ, თუნდაც გადაუდებელ შემთხვევებში.

გალის რიონში და ზოგადად კონფლიქტურ რეგიონებში მიმდინარე მოვლენების შესახებ ძალიან ხშირად ურთიერთგამომრიცხავი და გადაუმოწმებელი ინფორმაცია ვრცელდება. გალის რაიონში და ზოგადად აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში არ მოქმედებს დამოუკიდებელი საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დაცვითი ორგანიზაციები, რომლებიც მოახდენდნენ სადაო ფაქტების დადგენას და ინფორმაციით მანიპულირების შესაძლებლობის აღმოფხვრას. ასევე, არ ფუნქციონირებს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მედია საშუალებები, რომლებიც პოლიტიკური დღის წესრიგისგან თავისუფალ გარემოში გააშუქებდნენ  მოვლენებს. ეს ყოველივე აუარესებს მხარეთა შორის ფორმალურ კონტაქტებს, ძაბავს ეთნიკურ ჯგუფებს შორის ურთიერთობებს და უარყოფითად მოქმედებს კონფლიქტების მშვიდობიან დარეგულირებაზე.

აფხაზეთში მცხოვრებ პირთათვის შეზღუდულია გადაადგილების თავისუფლება. გამშვები პუნქტებით სარგებლობის უფლება გალის რაიონის მოსახლეობას ე.წ. აფხაზური პასპორტისა და ფორმა N9-ის ფლობის შემთხვევაში აქვთ. ეს დოკუმენტები მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს არ აქვს, რის გამოც იძულებული არიან გამყოფ ხაზზე, გამშვები პუნქტების გვერდის ავლით გადაადგილდნენ. ეს კი ზრდის დაკავების რისკებს. საკითხის გადასაჭრელად აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება რამდენიმე მიდგომაზე მუშაობს, თუმცა, კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე ადამიანის უფლებების დარღვევები გრძელდება, – ნათქვამია განცხადებაში.

ომბუდსმენის თქმით, საერთაშორისო და ევროპული ადამიანის უფლებების სტანდარტების გათვალისწინებით, აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში ადამიანის უფლებების დაცვის ვალდებულება აკისრია როგორც საქართველოს, ისე რუსეთის ფედერაციასა და დე ფაქტო ხელისუფლებებს. თუმცა, დღეს ამ ვალდებულებას ყველა გაურბის: საქართველო იმ არგუმენტით, რომ ეფექტურად ვერ აკონტროლებს ტერიტორიებს, დე ფაქტო მთავრობები აცხადებენ რომ სხვადასხვა საერთაშორისო კონვენციების ხელმომწერნი არ არიან, რუსეთის ფედერაცია კი სრულიად უარყოფს რაიმე კავშირს შექმნილ მდგომარეობასთან.

„შედეგად, აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში ვიღებთ ისეთი ფუნდამენტური უფლებების დარღვევებს, როგორიცაა სიცოცხლის, ჯანმრთელობის დაცვის, განათლების და გადაადგილების უფლებები, დისკრიმინაცია, თავისუფლების უკანონო აღკვეთა და სხვა“, – აცხადებს ნანუაშვილი.

სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემების აღმოსაფხვრელად, კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად აუცილებელია. შეწყდეს ადამიანის უფლებების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება და ამ საკითხების პოლიტიკურ სტატუსთან დაკავშირება; ქართულმა, აფხაზურმა და ოსურმა მხარეებმა ითანამშრომლონ და გადადგან ქმედითი ნაბიჯები ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესებისაკენ, მათ შორის ექიმების კვალიფიკაციის ამაღლებისა და საავადმყოფოების აღჭურვის გზით;  რუსეთის ფედერაციის მესაზღვრეებმა შეწყვიტონ პაციენტების, მოსწავლეებისა და ადგილობრივი მოსახლეობის უკანონო დაკავებები რუსეთის ფედერაციამ და დე ფაქტო ხელისუფლებებმა უზრუნველყონ აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში, ადამიანის უფლებებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მისიების შეუფერხებელი მუშაობა; შეწყდეს პოლიტიკური წინაპირობები და აღდგეს ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმის შეხვედრები გალის რაიონში;  საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციები, გაეროს სახელშეკრულებო ორგანოები მეტად ჩაერთონ არაღიარებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესწავლაში, გამოიყენონ ყველა შესაძლებლობა, მათ შორის რუსეთის ფედერაციის დათანხმების გზით, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მონიტორინგის განსახორციელებლად და შესაბამისი დასკვნების მოსამზადებლად. საქართველოს ხელისუფლებამ ხელი უნდა შეუწყოს მათ ამ ინიციატივაში. საქართველოს ხელისუფლებამ გამოიჩინოს მაქსიმალური მოქნილობა მოლაპარაკებების პროცესში, რათა შესაძლებელი გახდეს კონფლიქტურ რეგიონებში ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველყოფა.

„და ბოლოს, აფხაზეთში კონფლიქტის დასრულებიდან თითქმის 25 წელი გავიდა, სამხრეთ ოსეთში კი 7. დადგა დრო ქართულმა, აფხაზურმა და ოსურმა საზოგადოებებმა სამსჯავროზე გამოიტანონ წარსულში ჩადენილი თუ ამჟამინდელი ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები და ხმა აიმაღლონ კონფლიქტით დაზარალებულ პირთა დასაცავად, მიუხედავად მათი ეთნიკური კუთვნილებისა“, – ნათქვამია უჩა ნანუაშვილის განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის სააღდგომო შეთავაზებები
რკინიგზას თბილისი-ქუთაისის მიმართულება დაემატება
ოკუპანტების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
ახალი მოდელები, ფლიტ მენეჯმენტი და B2B მიმართულების გაფართოება - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ 2026 წლის პირველ კვარტალში რეკორდული შედეგები აჩვენა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics