12:30 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-01 19:40:12, 1616 ნახვა

საზოგადოება
პრემიერმა და ესტონეთის პრეზიდენტმა თბილისში გოლფის კომპლექსი გახსნეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ესტონეთის პრეზიდენტმა კერსტი კალიულაიდმა თბილისში გოლფის კომპლექსი გახსნეს.

საერთაშორისო პრემიუმ კლასის გოლფ კლუბი The Tbilisi Hills ცნობილი ესტონური კომპანიების Skinest Rail-ს, Kaamos Group-სა და Go Group-ის ინვესტიციით შეიქმნა, რომლის მოცულობა 20 მილიონ აშშ დოლარს აღემატება.

ესტონური და ქართული ბიზნესების წარმატებული თანამშრომლობის უტყუარი მაგალითი, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოში განსაკუთრებული ბინზესგარემოს არსებობას - ასე შეაფასა  გოლფის კომპლექსის გახსნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

„ჩვენმა ესტონელმა მეგობრებმა უკვე განახორციელეს 20 მილიონზე მეტი დოლარის ოდენობის ინვესტიციები ამ პროექტში. მომდევნო 5-7 წლის განმავლობაში ისინი გეგმავენ კიდევ 250 მილიონი დოლარის ინვესტიციების განხორციელებას სხვადასხვა ნაგებობისა და ფართომასშტაბიანი ინფრასტრუქტურის ასაშენებლად, გზების, ენერგეტიკული და საირიგაციო სისტემების ჩათვლით. ეს გოლფის კლუბი განლაგებული იქნება 57 ჰექტარზე. ეს ახალი ინვესტიციები შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს და საქართველოში მოიზიდავს ტურისტებსა და გოლფის მოყვარულებს მთელი მსოფლიოდან", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა ასევე ყურადღება გაამახვილა ტურისტების ზრდის ტენდენციაზე   და ისაუბრა ახალ მონაცემებზე, რომელიც ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი.

„მხოლოდ ოქტომბერში საქართველომ მიიღო 607 000 ტურისტი, ანუ 80 000-ით მეტი წინა წლის ანალოგიურ მონაცემებთან შედარებით, რაც პროცენტულად 15.2%-იანი ზრდაა; ოქტომბერში 20%-ით გაიზარდა იმ სტუმართა რაოდენობა, რომლებიც ქვეყანაში 24 საათზე მეტი ხნის განმავლობაში ჩერდებიან. იანვრიდან ოქტომბრის ჩათვლით 10 თვის სტატისტიკა - 6 430 000 ტურისტი, რაც  უკვე აღემატება წინა წლის მთლიან სტატისტიკას. გასული წლის ანალოგიურ მონაცემებთან შედარებით კი, ზრდა შეადგენს 18%-ს  - 1 016 000 ტურისტს; 28%-ით გაიზარდა იმ სტუმართა რაოდენობა, რომლებიც ჩერდებიან ქვეყანაში 24 საათზე მეტი ხნის განმავლობაში - 665 000-ით მეტი ტურისტი, ვიდრე 2017 წლის პირველი 10 თვის განმავლობაში. ეს კი არის შესანიშნავი საფუძველი ისეთი კურორტების ასაშენებლად, როგორიცაა ეს გოლფის ცენტრი. ჩვენ ძალიან გვახარებს და გვეამაყება ის, რომ ეს წარმატების ისტორია მიიპყრობს იმ ბიზნესმენთა ყურადღებას, რომლებიც მონაწილეობენ ესტონეთი-საქართველოს პირველ ბიზნესფორუმში, გაზრდის მათ დაინტერესებას საქართველოში არსებული შესაძლებლობებით და უბიძგებს მათ, მაქსიმალურად გამოიყენონ ეს შესაძლებლობები, რათა განახორციელონ ინვესტიციები საქართველოში. მადლობას ვუხდი ბატონ ოსინოვსკის, რომელიც დგას ამ ინვესტიციების და იდეის უკან. გარდა ამისა, ბატონმა ოსინოვსკიმ განახორციელა 100 მილიონზე მეტი ლარის ოდენობის ინვესტიციები ჰიდროენერგეტიკის სექტორში, რომელიც, მათ საყურადღებოდ, ვინც საქართველოში პირველად იმყოფება, წარმატების კიდევ ერთ ისტორიას წარმოადგენს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

საქართველოში არსებული ძალიან კარგი ეკონომიკური გარემოს ნათელი მაგალითი უწოდა კომპლექსის გახსნას ესტონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა. კერსტი კალიულაიდის შეფასებით, პროექტის ინვესტორი კომპანიები  როგორც ესტონეთის, ისე საქართველოს მასშტაბებით, საკმაოდ მსხვილია, რომლებსაც კარგი საინვესტიციო გარემო სჭირდებათ.

„ეს გოლფის კლუბი ფინელმა არქიტექტორმა დააპროექტა. ასე რომ, ეს არის საერთაშორისო წამოწყება, რაც ძალიან სიმბოლურია - ჩვენ ყველას გვსურს საქართველოს წინსვლაში წვლილის შეტანა, ასევე გვსურს ჩვენი ევროპელი პარტნიორების ჩამოყვანა, რათა მათაც შეიტანონ წვლილი საქართველოს განვითარებაში. სწორედ ეს არის ამ პროექტის კიდევ ერთი მიმართულება", - განაცხადა ესტონეთს პრეზიდენტმა.

კერსტი კალიულაიდმა აღნიშნა, რომ ეს არის დასაწყისი, რომელსაც აუცილებლად ექნება გაგრძელება. „მე მაქვს საქართველოს ეკონომიკური მომავლისა და სამოქალაქო საზოგადოების რწმენა, ასევე მჯერა საქართველოს მისწრაფებების ევროპასა და ნატოსთან დაკავშირებით. ვუსურვებ წარმატებას ესტონურ და ქართულ ბიზნესებს და ქართულ სახელმწიფოს", - აღნიშნა ესტონეთის პრეზიდენტმა.

გოლფის კომპლექსის არქიტექტურა და დიზაინი ცნობილ ფინელ არქიტექტორს, „ტილანდერ გოლფ დიზაინის" წარმომადგენელს, ლასსი პეკა ტილანდერს ეკუთვნის. ცნობილი დიზაინერის ჯგუფის ბევრი პროექტი ევროპის კონტინენტზე საუკეთესო გოლფის კლუბების სიაში შედის.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უნგრელთა 64% მოელის, რომ მადიარი უკრაინასთან ურთიერთობებს გააუმჯობესებს
ხარება ფიქრობს რომ მისი მოძალადე სპეცრაზმელები ჩაუშვეს - TVPirveli
უცხო ქვეყნის 45 მოქალაქე დააკავეს
პაპუაშვილი ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის ღია წერილით მიმართავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics