|
2017-10-09 13:20:08, 1653 ნახვა
პოლიტიკა
ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შესახებ რეგიონებში საინფორმაციო კამპანია იწყება
ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შესახებ საინფორმაციო კამპანია იწყება. არასამთავრობო ორგანიზაციები კამპანიას „ევროპა სახლია“ საქართველოს ყველა რეგიონში ჩაატარებენ და მოსახლეობას ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის წესებსა და სარგებლობის პროცედურებს გააცნობენ. კამპანია იმართება ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატთან და საინფორმაციო ცენტრთან ნატოსა და ევროკავშირის შესახებ პარტნიორობით. კამპანიის მხარდამჭერები არიან: ევროკავშირი, ,,ღია საზოგადოების ფონდები“ და სს ,,ლიბერთი ბანკი,“ ხოლო მისი განმახორციელებლები არიან: არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სიდა“ და სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელი (R-CSN), სადაც 60-ზე მეტი რეგიონული არასამთავრობო ორგანიზაციაა გაერთიანებული. ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში არასამთავრობო ორგანიზაციამ „სიდა“ უვიზო მიმოსვლის შესახებ რეგიონული საინფორმაციო კამპანიის - „ევროპა სახლია“ პრეზენტაცია დღეს გამართა. ღონისძიება, რომელსაც სახელმწიფო უწყებების, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ გახსნა. „ვაგრძელებთ ამ კამპანიას, პრაქტიკულად არ გავჩერებულვართ. ის მხოლოდ უვიზო მიმოსვლას არ შეეხება. ეს არის ზოგადად ევროპის პოპულარიზაციის კამპანია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო „სიდას“ ამგვარი ინციატივისთვის, რადგან სამოქალაქო სექტორის გარეშე, ალბათ, ძალიან გაგვიჭირდებოდა,სრულფასოვნად გვეწარმოებინა ეს კამპანია და ამის გაგრძელებას ვანიჭებთ დიდ მნიშვნელობას“,-განაცხადა ვიქტორ დოლიძემ. უვიზო მიმოსვლის შესახებ რეგიონული საინფორმაციო კამპანიის ფოკუსი იქნება საქართველოს რეგიონები, განსაკუთრებით მაღალმთიანი, საზღვრისპირა, კონფლიქტური, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული მუნიციპალიტეტები და სოფლები. „უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით კამპანია დღეს არ დაწყებულა, წლის განმავლობაში ჩვენი ზემდგომი უწყების, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის, ჩვენი ცენტრის მეშვეობით უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს ფართომასშტაბიანი კამპანია, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს ის პროცესია, რომელიც აუცილებლად მოითხოვს მთელი საქართველოს საზოგადოების ჩართულობას და მათ შორის არასამთავრობო სექტორთანაც ჩვენი ცენტრი ძალიან აქტიურად თანამშრომლობს. ეს გახლავთ კამპანია, რომელსაც ჩვენთან ერთად ახორციელებს სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელი ძალიან აქტიური ორგანზიაცია „სიდა“ და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ განსაკუთრებით რეგიონებზე იქნება ამ შემთხვევაში აქცენტი გაკეთებული-მაღალმთიან რეგიონებში, საზღვრისპირა რეგიონებში, ასევე, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში იქნება კამპანია წარმოებული და ისიც მნიშვნელოვანია, რომ კერძო სექტორის წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან-„ ლიბერთი ბანკი“ იქნება ჩართული ამ კამპანიაში. ეს ნამდვილად არის ის პროცესი, რომელიც მოითხოვს, რომ ყველანი ვიყოთ აქტიურად ჩართულები და მაქსიმალურად სწორად მივაწოდოთ ხალხს ინფორმაცია, რადგან უვიზო მიმოსვლა გახლავთ როგორც ჩვენი ქვეყნის ძალიან დიდი მონაპოვარი, ასევე ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და ამას უნდა მივუდგეთ პასუხისგებლობით, რათა არ მოხდეს დარღვევები და ინციდენტების რიცხვი მაქსიმალურად შევზღუდოთ“,-განაცხადა ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა ნინო ბოლქვაძემ. სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (სიდა) ხელმძღვანელის ზვიად დევდარიანის თქმით, კამპანიის მიზანია, ერთის მხრივ რეგიონებში მოსახლეობას მიაწოდონ ინფორმაცია უვიზო მიმოსვლის პროცედურების შესახებ და მეორეს მხრივ დაანახონ, თუ რა პრობლემები შეიძლება შეექმნათ მათ და ქვეყანას, თუკი უვიზო მიმოსვლის პროცედურებს დაარღვევენ: „ბოლო წლების განმავლობაში რამდენიმე კამპანია ჩატარდა, რომლის ამოცანაც იყო მათ შორის უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით, მოსახლეობის ინფორმირება, ჩვენ ამ შემთხვევაში ფოკუსი ავიღეთ საქართველოს რეგიონებზე, ამ პროცესში ჩაერთვებიან ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები და კამპანიაში ერთვება „ლიბერთი ბანკი“, რომელიც ასევე თავისი მხრიდან თავის წრეში გაავრცელებს ინფორმაციას ერთის მხრივ უვიზო მიმოსვლის პროცედურებზე და მეორეს მხრივ ჩვენ გვინდა, მოსახლეობას ძალიან ნათლად გავაგებინოთ, თუ რა პრობლემები შეიძლება მათ შეიქმნან იმ შემთხვევაში, თუ დაარღვევენ უვიზო მიმოსვლის პროცედურებს და ასევე ეს პრობლემა იქნება არა მხოლოდ ინდივიდუალური, არამედ შეიძლება ჩვენს ქვეყანას შეექმნას პრობლემა, ვინაიდან როგორც მივიღეთ უვიზო მიმოსვლა, შესაძლოა, ასევე შეჩერდეს იმ შემთხვევაში, თუ მაღალი პროცენტი იქნება იმ ადამიანების, ჩვენი მოქალაქეების, რომლებიც წავლენ და დაარღვევენ უვიზო მიმოსვლის პროცედურებს“,-აღნიშნა ზვიად დევდარიანმა. რაც შეეხება „ლიბერთი ბანკის“ მონაწილეობას ამ კამპანიაში, საწყის ეტაპზე ბანკი ქვემო ქართლის ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ ქალაქსა და შიდა ქართლის ერთ-ერთ სოფელში შეხვედრების ორგანიზებას უზრუნველყოფს, მომავალში კი კამპანიის ფარგლებში შეხვედრების მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარებას გეგმავენ: „საწყის ეტაპზე ჩვენ უზრუნველვყოფთ შეხვედრების ორგანიზებას, საინფორმაციო კამპანიის ჭრილში ქვემო ქართლის ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ ქალაქსა და შიდა ქართლის ერთ-ერთ სოფელში, ეს სოფელი უშუალოდ ესაზღვრება ამ ქვეყნის ნაწილის ოკუპირებულ ტერიტორიას. მომავალში ვაპირებთ კამპანიის ჭრილში შეხვედრების ჩატარებას საქართველოს მასშტაბით. მოგეხსენებათ, ჩვენ ყველაზე ფართო ქსელი გვაქვს, მილიონნახევარზე მეტ ადამიანს ვემსახურებით. საბოლოო ჯამში ლიბერთი ბანკის ტრენერები ჩაატარებენ შეხვედრებს, სადაც მოსახლეობას ექნება საშუალება, იხილოს ვიდეორგოლი უვიზო მიმოსვლის არადოკუმენტირებული მიგრაციის და ინტეგრაციის შესახებ. გარდა ამისა, ლიბერთი ბანკის მომსახურების ობიექტებზე უზრუნველყოფილი იქნება თემასთან დაკავშირებით საინფორმაციო ბროშურების დარიგება. ყველაფერს ჩვენ გავაკეთებთ ფინანსური განათლების პროექტის განხორციელების პარალელურად, რომლის დაწყებასაც ვგეგმავთ მიმდინარე წლის ნოემბერში“,-განუცხადა „ექსპრესნიუსს“ ლიბერთი ბანკის კომერციული ოპტიმიზაციის დეპარტამენტის უფროსმა რევაზ ბაღათურიამ. მოსახლეობის სწორად ინფორმირების მიზნით, კამპანიის პრეზენტაციის პარალელურად გაიმართება ტრენერთა ტრენინგი სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელის წევრების იმ წარმომადგენლებისთვის, რომლებიც წარუძღვებიან საინფორმაციო კამპანიას რეგიონებში და, თავის მხრივ, უვიზო მიმოსვლით სწორად სარგებლობის პროცედურებსა და პირობებს გააცნობენ ადგილობრივ მოსახლეობას: აუხსნიან თუ რა საჭირო პროცედურების გავლა და დოკუმენტაციის თავმოყრა მოუწევთ, სანამ ევროკავშირში/შენგენში გადაადგილებას გადაწყვეტენ და გააცნობენ იმ საფრთხეებსა და რისკებს, რომელიც შეიძლება მათი მხრიდან უვიზო რეჟიმის წესების დარღვევას და სათანადო სამართლებრივი ნებართვის გარეშე შენგენის ტერიტორიაზე დარჩენას მოჰყვეს. კამპანიის მიმდინარეობისას, შეხვედრებზე, რეგიონების მოსახლეობას დაურიგდება საინფორმაციო ბროშურები, რომლებიც სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზეც ითარგმნა და გამოიცა. (NS)
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
ბრიანსკში საცხოვრებელ შენობებზე დრონის შეჯახების შედეგად 13 ადამიანი დაშავდა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)