00:17 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-03 12:12:11, 1965 ნახვა

კომენტარი
პრემიერი: გავაჩეროთ ინვესტიცია, გადავკეტოთ ქალაქი იმიტომ, რომ 5 ნევროზიანი პოლიტიკოსი ყვირის?!

 „რა  ვქნათ, გავაჩეროთ ინვესტიცია, გადავკეტოთ ქალაქი იმიტომ, რომ 5 ნევროზიანი პოლიტიკოსი გამოდის,  აბრიალებს თვალებს და ყვირის?!“, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გუშინ  თბილისის მერიასთან „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გამართულ აქციას.

კვირიკაშვილის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ და მათი მხარდამჭერები არჩევნების წინ ტყუილებით ცდილობენ ყურადღების მიპყრობას.

მისივე  განცხადებით, ტყუილების კასკადი 2011 წელს დაიწყო და დღემდე გრძელდება.

 „მმართველ გუნდს ჯერ პრორუსულად წარმოაჩენდნენ, მაგრამ ვერავინ დააჯერეს, რადგან, მთავრობის ყველაზე დიდი წარმატება პროდასავლურ მიმართულებას უკავშირდება - მათ შორისაა ევროკავშირთან ასოცირებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება და სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეკრულება აშშ-თან, რომელთანაც არასოდეს ყოფილა ასეთი ინტენსიური ურთიერთობა. დღეს გაკოტრდნენ და ვეღარაფერი გაუკეთებიათ. რაღაცით ხომ უნდა მიიპყრონ ყურადღება და მოიგონეს ეს ორი უსინდისო ტყუილი, მაგრამ ჩვენი მოსახლეობა ამას ხედავს. მინდა, ჩვენი გუნდის წევრებს მივმართო - როდესაც შენ მართალი ხარ, ცოტა უფრო თამამად არის საჭირო ამ სიმართლის თქმა. არავის უნდა მოერიდოს, რომ ვთქვათ, რაზეა საუბარი. საუბარია მილიარდ ლარზე მეტ ინვესტიციაზე. ჩვენ ინვესტორები გვჭირდება და რაკი ბიძინა ივანიშვილია, არ ამოვიღოთ ხმა და არ დავიცვათ ინვესტიცია, ვფიქრობ, ეს არასწორია. საუბარია იმაზე, რომ 20 ათასი ადამიანი საქმდება დღეს ამ ინვესტიციებზე - თბილისში, გურიაში, სამეგრელოში, აჭარაში. 680 მილიონ დოლარზე მეტია მთლიანად ინვესტიცია, ეს მილიარდ-ნახევარ ლარზე მეტია და რა ვქნათ, გავაჩეროთ ინვესტიცია, გადავკეტოთ ქალაქი იმიტომ რომ ხუთი ნევროზიანი პოლიტიკოსი გამოდის, აბრიალებს თვალებს და ყვირის?!" - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მან წინა და მოქმედ ხელისუფლებას შორის არსებულ განსხვავებებს გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ოპონენტები გააფთრებულები იბრძვიან, „თუმცა მათი მობრუნება გამორიცხულია, რადგან ხალხი ყველაფერს ხედავს“.

„ჩვენც, პოლიტიკოსები უნდა ვეცადოთ, რომ ეს სიმართლე მაქსიმალურად დავანახოთ. მინდა, ჩვენი გუნდის წევრებს მივმართო, ცოტა გავამხნევო ისინი - სიმართლე არის ჩვენს მხარეს. ჩვენ არაფერი გვაქვს თავის სამართლებელი. ყველაფერი იდეალურად არ არის, ზოგჯერ ყველაფერი აღმავალია, ზოგჯერ არის ჩავარდნა, მაგრამ მიმართულება, რომელიც ჩვენმა ხელისუფლებამ აიღო, არის სწორი. ცოტა თამამად ვუთხრათ სიმართლე ჩვენს მოსახლეობას. ეს ადამიანი, ბიძინა ივანიშვილი არ იმსახურებს იმას, რასაც იღებს. ეს არის უდიდესი უსამართლობა და მინდა ვთქვა, რომ სიმართლე ყოველთვის თავისას გაიტანს. სიმართლე არის ერთი რამ - თბილისში კეთდება ისტორიული პროექტი, რომელიც შექმნის მართლაც ანალოგის არმქონე, ყველასათვის ხელმისაწვდომ მწვანე სივრცეს, სასეირნო თუ სარბენი ბილიკებით, რეკრეაციული სივრცით და ჩვენ ამაზე უარი ვთქვათ იმიტომ, რომ ნევროზიანი პოლიტიკოსების აზრი გავითვალისწინოთ, მე ამას არავითარ შემთხვევაში არ დავთანხმდები და ჩვენი გუნდის არც ერთი წევრი ამას არ დათანხმდება", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის მერიასთან „ნაციონალური მოძრაობის“ აქციაზე სამი პირი დააკავეს. ისინი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით არიან დაკავებული, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

ადგილზე ვითარება მას შემდეგ გართულდა, რაც აქციის მონაწილეებმა მერიაში შესვლა სცადეს. მათ წინააღმდეგობა გაუწია ადგილზე მობილიზებულმა  პოლიციამ. სწორედ ამ ფაქტს მოჰყვა დაპირისპირება აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის.

აქციის მონაწილეები საკრებულოს გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც, ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის კომპანიას მიწის ნაკვეთები სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადაეცემა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics