კვირიკაშვილი: ჩვენ წარმატებით გარდავქმენით ჩვენი ქვეყანა გაეროს ჰუმანიტარული დახმარების მიმღებიდან წამყვან რეფორმატორად
„წელს აღინიშნება გაეროში საქართველოს გაწევრიანების 25-ე წლისთავი. ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ წარმატებით გარდავქმენით ჩვენი ქვეყანა გაეროს ჰუმანიტარული დახმარების მიმღებიდან წამყვან რეფორმატორად, რომელიც ახლახან აირჩიეს ღია მმართველობის პარტნიორობის თავმჯდომარედ“,-ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გაეროს 72-ე ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პრემიერის განცხადებით, ამ მოვალეობის შესრულებას საქართველო იწყებს იმავე ხედვით, რომლითაც ხელისუფლება ხელმძღვანელობს ქვეყანაში, ყურადღების ცენტრში ყოველთვის მოქალაქეები არიან.
„საქართველოს თავმჯდომარეობის პერიოდში ღია მმართველობის პარტნიორობა შეუწყობს ხელს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევას. ეს განსაკუთრებით ეხება მე-16 მიზანს, ეს არის მშვიდობიანი და ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობა მდგრადი განვითარებისათვის, მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა ყველასათვის, ეფექტიანი, ანგარიშვალდებული და ინკლუზიური ინსტიტუტების მშენებლობა.
ეროვნულ სტრატეგიებად მათი გარდაქმნის გზით მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევისას იკვეთება თავად გაეროს ინსტიტუციური რეფორმის აუცილებლობა და გენერალური მდივნის, გუტიერეშის ახალი ხედვის მხარდაჭერის საჭიროება, რომელიც ასახულია ჩვენ მიერ ახლახან ხელმოწერილ დეკლარაციაში.
შარშან ჩემს გამოსვლას თქვენ წინაშე საქართველოში საარჩევნო პერიოდი დაემთხვა და ჩვენმა ხალხმა კიდევ უფრო დიდი ნდობა გამოგვიცხადა, რათა წარვუძღვეთ ქვეყანას.
ჩვენმა ხალხმა დაინახა ორი რამ - ჩვენ სერიოზულად ვეკიდებით დემოკრატიულ უფლებებსა და უსაფრთხოებას როგორც ჩვენი პოლიტიკის მთავარ მამოძრავებელ ძალას; ისინი დარწმუნდნენ, რომ ჩვენ ვთავაზობთ შემდგომი რეფორმების მკაფიო გზას.
ჩვენი მოქალაქეები კარგად შეიგრძნობენ იმას, რასაც დამოუკიდებელი საერთაშორისო ინსტიტუტები ასე მკაფიოდ აცხადებენ.
ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველოს პოზიციები გაუმჯობესდა ყველა საერთაშორისო რეიტინგის მიხედვით.
Fraser Institute-ის მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის თანახმად, საქართველო მე-5 ადგილზეა მსოფლიოში.
ჩვენ სასტიკი ბრძოლა გამოვუცხადეთ კორუფციას. Heritage Foundation-ის 2017 წლის რეიტინგის თანახმად, კორუფციისგან თავისუფლების კატეგორიაში საქართველო 31-ე ადგილზეა, ანუ მისი პოზიციები 38 ადგილით გაუმჯობესდა 2012 წელთან შედარებით. იმავეს ადასტურებს Transparency International-ის 2016 წლის მონაცემები - საქართველო პირველ ადგილზეა რეგიონში.
ჩვენ პრიორიტეტს ვანიჭებთ კერძო საკუთრების დაცვას. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2016-2017 წლების გლობალური კონკურენტუნარიანობის ანგარიშის თანახმად, 2012 წლის შემდეგ საქართველოს პოზიციები 77 პუნქტით გაუმჯობესდა“,-განაცხადა პრემიერმა.
როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, საქართველო ურყევად იცავს მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობას.
„ამ მხრივ, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის თანახმად, ჩვენი პოზიციები 28 პუნქტით გაუმჯობესდა და დღეს ჩვენ 63-ე ადგილზე ვართ მაშინ, როცა სულ ახლახან 91-ე ადგილზე ვიყავით.
რაც შეეხება სამართალდაცვასა და ფიზიკურ უსაფრთხოებას, ამ უმნიშვნელოვანეს
სფეროებს, მსოფლიო ბანკის მონაცემებით, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის კატეგორიაში საქართველომ 67-ე ადგილიდან 26-ე პოზიციაზე გადაინაცვლა, გაუმჯობესება 41 ადგილით.
ეს არ გახლავთ კოსმეტიკური ცვლილებები. ჩვენ დავპირდით ჩვენს ხალხს, რომ შემოვიღებდით საპარლამენტო სისტემას და გავაუმჯობესებდით ჩვენს კონსტიტუციას საუკეთესო ევროპული სტანდარტების შესაბამისად. გარდა იმისა, რომ ახალი კონსტიტუციის პროექტში აღმოფხვრილია მოქმედ კონსტიტუციაში არსებული ბევრი შეუსაბამობა, მასში ასევე ასახულია ისეთი ახალი, პროგრესული ინიციატივა, როგორიცაა ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლება, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებები, ინტერნეტის ხელმისაწვდომობის უფლება, გარემოს დაცვა და ბევრი სხვა, რაც პასუხობს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს. ამ გადაწყვეტილებებში ასახულია ქართველთა მისწრაფებები ევროკავშირისა და ნატოს სრულფასოვანი წევრობისკენ. ყოველივე ამას ქართველები ისტორიულ კანონზომიერებად აღიქვამენ, რადგანაც საქართველო უკვე დიდი ხანია ევროპის ფართო კულტურული და ისტორიული სურათის განუყოფელი ნაწილია.
საკონსტიტუციო რეფორმის პარალელურად, ჩვენ, სწრაფი ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფის მიზნით, დავიწყეთ ჩვენი 4-პუნქტიანი რეფორმების გეგმის განხორციელება.
ჩვენ წამოვიწყეთ განათლების სფეროს ამბიციური რეფორმა, რათა ერთმანეთს დავუკავშიროთ განათლების სისტემა და ინდუსტრია, რათა განვავითაროთ მოთხოვნაზე დაფუძნებული უმაღლესი და პროფესიული განათლება და გავაუმჯობესოთ ჩვენი სამუშაო ძალის ეკონომიკური უნარები და შესაძლებლობები“,-დასძინა გიორგი კვიორიკაშვილმა.
ავტორი: ,