01:38 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-15 15:06:59, 1962 ნახვა

პოლიტიკა
კახა კალაძემ დარგის სპეციალისტებს ურბანული განვითარების პოლიტიკა წარუდგინა

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ დეველოპერებს, არქიტექტორებს, ურბანისტებსა და დარგის სხვა სპეციალისტებს ურბანული განვითარების პოლიტიკა წარუდგინა.

კახა კალაძემ ურბანული განვითარების პოლიტიკის მიმართულებით რამდენიმე კომპონენტი გამოყო. კერძოდ, მშენებლობის სტანდარტი; თბილისის ისტორიული უბნების რეაბილიტაცია; კულტურული მემკვიდრეობის დაცვა; ავარიული შენობების რეაბილიტაცია და ქალაქის ვიზუალური სტანდარტი.

პრეზენტაციაზე თითოეული კომპონენტი დეტალურად განმარტეს თბილისის მერობის კანდიდატის გუნდის წევრებმა თემურ ბოლოთაშვილმა და ირაკლი ხმალაძემ.

მათი განმარტებით,  მაღალი სტანდარტი დაწესდება ეკოლოგიური მიმართულებით, რათა მოქალაქეებმა იცხოვრონ და იარსებონ ეკოლოგიურად სუფთა სივრცეში. გარდა ამისა, შემუშავდება სამშენებლო სტანდარტები და განხორციელდება როგორც სამშენებლო სფეროს კანონდებლობის რეგულირება, ისე ინსტიტუციური რეფორმა. აღნიშნულ პროცესში გათვალისწინებული იქნება მშენებლობის პროცესის, მათ შორის შრომის უსაფრთხოება, ასევე დარეგულირდება ხმაურისა და დაბინძურების დონეები.

ურბანულ განვითარებაზე საუბრისას, კახა კალაძემ დეველოპერებსა და სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებს მიმართა და განაცხადა, რომ მისი მერობის პერიოდში,  მწვანე სივრცეებისა და  კულტურული მემკვიდრეობის შეზღუდვის ხარჯზე მშენებლობის არც ერთი ნებართვა არ გაიცემა.

„მე არ ვარ მშენებლობის წინააღმდეგი. პირიქით, ჩვენ ერთად უნდა შევუწყოთ ხელი ქალაქის სწორ განვითარებას, თუმცა, ახლა, გულწრფელად მინდა გითხრათ ყველას, რომ ჩემი მერობის პერიოდში, მშენებლობის არც ერთი ნებართვა არ გაიცემა, არც ერთი პროექტი არ განხორციელდება მწვანე სივრცეების, სკვერების, პარკების, სათამაშო მოედნების, კულტურული მემკვიდრეობის და საზოგადოებრივი სივრცეების შეზღუდვების ხარჯზე“, - განაცხადა კახა კალაძემ ურბანული განვითარების პოლიტიკის წარდგენისას.

პრეზენტაციაზე წარადგინეს ქალაქის ისტორიული ნაწილის რეაბილიტაციის გეგმაც. იურისტ ირაკლი ხმალაძის თქმით, დედაქალაქში, მომავალი ოთხი წლის განმავლობაში, ისტორიული არეალების სარეაბილიტაციო ათპუნქტიანი პროგრამა განხორციელდება, რომლისთვისაც ნახევარ მილიარდ ლარამდე დაიხარჯება.

„ისტორიული ნაწილი ქალაქის ეკონომიკისა და ქვეყნის მოსახლეობისთვის განსაკუთრებულ სიკეთეს ქმნის. აქედან გამომდინარე, ჩვენს გუნდს მომავალი ოთხი წლის განმავლობაში, განსაკუთრებით ამბიციური გეგმა გააჩნია. მომავალი ოთხი წლის განმავლობაში, ვაპირებთ, განვახორციელოთ ისტორიული არეალების სარეაბილიტაციო ათპუნქტიანი პროგრამა, რომელიც ნახევარ მილიარდ ლარამდე ღირებულების იქნება“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

მისივე თქმით, მსგავსი სამუშაოების შედეგად, უძრავი ქონების ღირებულება და მოსახლეობის ყოველდღიური შემოსავალი იზრდება.

აღნიშნული პროგრამის მიხედვით, სარეაბილიტაციო არეალებს შორის ორბელიანის მოედანი, მშრალი ხიდის მიმდებარე ტერიტორია, გუდიაშვილის მოედანი, ზემოკალისუბანი, ქვემოკალისუბანი, კოტე აფხაზის ქუჩა, ნიკო ფიროსმანის ქუჩა, სულხან-საბა ორბელიანისა და პავლე ინგოროყვას ქუჩები, გუდიაშვილის ქუჩა და ისტორიული ბაღები იქნება.

ირაკლი ხმალაძემ კახა კალაძის ხედვა წარადგინა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან დაკავშირებითაც და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით, ქალაქს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა.

„ქალაქში 1700-მდე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, რომელიც ძირითადად, მოედნების, ქუჩების, შენობების, სადარბაზოებისგან შედგება, რასაც გაფრთხილება და დაცვა სჭირდება. ჩვენს გუნდს აქვს ხედვა, თუ როგორ უნდა მოვუაროთ მათ. უნდა ჩავატაროთ რეინვენტარიზაცია და თანმიმდევრულად და ეტაპობრივად უნდა აღვადგინოთ. ასევე, ახლადაღდგენილი ადგილების მოვლა-პატრონობაზეც ვიზრონოთ“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

მოწვეული სტუმრები,ასევე,გაეცნენ ხედვას ქალაქის ვიზუალურ სტანდარტთან დაკავშირებით.

კახა კალაძის გუნდის განმარტებით, ქალაქის იერსახისთვის შეიქმნება ერთიანი სტანდარტი, რომელიც მოიცავს სარეკლამო აბრების, ფასადების და ვიტრაჟების, შენობის სახურავების, ნავიგაციის ნიშნებისა და საფეხმავლო ინფრასტრუქტურის სტანდარტებს.

ვიზუალური სტანდარტის პრეზენტაციაზე უცხოური ქვეყნების მაგალითები წარმოადგინეს და განაცხადეს, რომ აღნიშნული პროგრამა ეტაპობრივად და უმტკივნეულოდ განხორციელდება.

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატის კახა კალაძის განცხადებით, განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა აბრებზე და ვიტრინებზე ქართული ანბანის გამოყენებას.

„მე არავის ვეწინააღმდეგები, ყველას შეუძლია ჩამოვიდეს ჩვენს ქალაქში, განახორციელოს ინვესტიციები, დაასაქმოს ხალხი - ეს მისასალმებელია, თუმცა ვიზუალურ ნაწილში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ქართული ანბანის გამოყენებას. ეს ჩემთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია” - განაცხადა კახა კალაძემ.

ურბანული განვითარების პოლიტიკის წარდგენას პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ესწრებოდა, რომელმაც თბილისის მერობის კანდიდატის ხედვა დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ ქალაქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა სწორედ თანმიმდევრული ურბანული განვითარებაა.

პრეზენტაციაზე თბილისის ისტორიული ნაწილის რეაბილიტაციის გეგმის ამსახველი ვიდეორგოლი წარმოადგინეს.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics