17:26 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-18 18:01:31, 687 ნახვა

რეგიონი
ზურაბ პატარაძე ოდესის სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარეს შეხვდა

აჭარის  მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე და მთავრობის წევრები 18-20 ივნისს ოდესის საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარის მაქსიმ სტეპანოვის ხელმძღვანელობით ოდესის ოლქის ოფიციალურ დელეგაციას მასპინძლობენ.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, დღეს ზურაბ პატარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში ოდესის საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარესთან, მაქსიმ სტეპანოვთან და დელეგაციის სხვა წევრებთან შეხვედრა გამართა.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებს შორის ყურადღება სავაჭრო-ეკონომიკის და ტურიზმის განვითარების ძირითად მიმართულებებზე, ასევე განათლების კუთხით ურთიერთობის გაღრმავებაზე გამახვილდა.

 მთავრობის თავმჯდომარემ  რეგიონის სტაბილურ ეკონომიკურ და პოლიტიკურ გარემოზე ისაუბრა,  აჭარის, როგორც ტურისტული ადგილის პოპულარობაზე უკრაინაში, რაზეც მეტყველებს საქართველოში უკრაინიდან ვიზიტორთა 20 %-იანი ზრდა და 14 ავიაფრენა უკრაინის მიმართულებით ბათუმის აეროპორტიდან.

მხარეებს შორის განსაკუთრებული ხაზგასმით აღინიშნა საკრუიზო ტურიზმის განვითარების აუცილებლობა რეგიონებს შორის და ორივე მხარის მაქსიმალური ჩართულობა საკრუიზო ტურიზმის ქსელში.

ოდესის სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა პორტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას და ლოჯისტიკური ცენტრების კოორდინირებულ ურთიერთობას.

მაქსიმ სტეპანოვმა ასევე სურვილი გამოთქვა ზაფხულის სეზონის ბოლოს აჭარის კულტურული დღეების ოდესაში ჩატარების.

პატარაძის განცხადებით, ძალიან ბევრი საკითხი შესაძლებელია იყოს განხილული  ბიზნეს-ფორუმზე, რომელიც ჩატარდება რეგიონში.

,,დღეს დაიწყო ოდესის ოლქის გუბერნატორის ვიზიტი ჩვენს რეგიონში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მასთან ერთად იმყოფება სოლიდური ჯგუფი ბიზნესმენების და კომპანიის ხელმძღვანელების, რომლებიც დაინტერესებულნი არიან დაამყარონ საქმიანი კონტაქტები ჩვენს რეგიონთან და ბიზნესმენებთან. ვფიქრობ, ძალიან ბევრი საკითხი შესაძლებელია იყოს განხილული ხვალ ბიზნეს-ფორუმზე, რომელიც ჩატარდება რეგიონში. სასიხარულოა, რომ წლიდან წლამდე ვხედავთ უფრო მეტ ტურისტს ჩვენს რეგიონში. უკრაინიდან ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში 12-მდე ავიარეისი ხორციელდება, მათ შორის უშუალოდ ოდესიდან - კვირაში 2 რეისი. უკრაინა ჩვენი რეგიონისთვის ძალიან საინტერესო ბაზარია, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება, კულტურულ-ჰუმანიტარული ურთიერთობების გაძლიერება - ეს არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი. ჩვენ ვისაუბრეთ საკრუიზო ტურიზმის განვითარებაზე. ძალიან მნიშვნელოვანია ოდესაც და ბათუმიც ჩართული იყოს შავი ზღვის რეგიონის საკრუიზო ტურიზმის ქსელში. დავგეგმეთ ერთობლივი ღონისძიებების გატარება ამ თვალსაზრისით"-აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.

 ევროინტეგრაცია საქართველოსა და უკრაინის რესპუბლიკებისთვის პრიორიტეტია. საქართველო და უკრაინა არის ევროკავშირის ასოცირებული წევრები.

 ორივე ქვეყანამ მიმდინარე წელს მიიღო უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთან.

არსებობს თანამშრომლობა რეგიონალურ დონეზე. ოდესის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციასა და აჭარის  მთავრობას შორის 2013 წელს თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მოეწერა ხელი.

ხვალ, 19 ივნისს, ბათუმში გამართული საინვესტიციო ფორუმის ფარგლებში, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ოდესის რეგიონს შორის, თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, მემორანდუმი გაფორმდება, რომელიც მიზნად ისახავს ეკონომიკური, ტექნიკური და კულტურული კუთხით სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებას. მემორანდუმის ფარგლებში მხარეები გააღრმავებენ კავშირებს სავაჭრო-ეკონომიკური, განათლების, კულტურის და ტურიზმის მიმართულებით.

თანამშრომლობის მემორანდუმს ხელს აჭარისმთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე და ოდესის საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარე მაქსიმ სტეპანოვი მოაწერენ.

ოდესის დელეგაციას წარმოადგენენ ოდესის ოლქის სახლემწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი კონსტანტინ ჩიჟიკი, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანაშემწე მარია სვინტიცკაია, საქართველოში უკრაინის საელჩოს პირველი მდივანი პიოტრ ბოგდანი.

ვიზიტის ფარგლებში სტუმრები სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის, ბათუმის პორტისა და იუსტიციის სახლის მუშაობას გაეცნობიან, დაათვალიერებენ ბათუმის ბულვარს, ბათუმის ბოტანიკურ ბაღს, გონიოს ციხეს, მუზეუმებს. ასევე დაესწრებიან საინვესტიციო ფორუმსს, რომელიც ბათუმში ხვალ გაიმართება.

შეხვედრას აჭარის  სოფლის მეურნეობის მინისტრი ლაშა კომახიძე, აჭარის  ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე და მთავრობის აპარატის თანამშრომლები ესწრებოდნენ.

 

 









ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვში, ოპოზიციურ Новая газета-ს ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობს
კაცი, რომელსაც პარლამენტთან პოლიციამ ბორკილები დაადო, ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული
ოპოზიციის ალიანსი: 9 აპრილი სიმბოლოა, რომ ქართველები თავისუფლებისთვის ბრძოლას არ შეწყვეტენ
მაგთიკომი: ინტერნეტის გათიშვა გლობალურ ქსელზე შექმნილმა პრობლემამ გამოიწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics