09:28 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-22 14:01:26, 607 ნახვა

საზოგადოება
საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებს შორის ახალი ავიარეისები შესრულდება

საქართველოს ავიაბაზარზე შემოსვლის სურვილი ბერძნულმა ავიაკომპანია ELLINAIR–მა გამოთქვა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ავიაკომპანიამ 2015 წლის 7 აპრილს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიმართა განაცხადით, რომლის მიხედვითაც ELLINAIR-ს სურს, რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელება საქართველოსა და საბერძნეთს შორის, სალონიკი - თბილისის საჰაერო ხაზზე.

ავიაკომპანია  რეგულარული საჰაერო მიმოსვლის შესრულებას 2015 წლის 8 ივნისიდან გეგმავს, კვირაში 1 სიხშირით.

სამინისტროს ცნობით, 2015 წლის ზაფხულის სეზონიდან საქართველოს ავიაბაზარზე, ზამთრის სეზონზე შესვენების შემდეგ, დაბრუნდა ისრაელის ავიაკომპანია „ISRAIR“.

„ავიაკომპანიამ პირველი ფრენა მ.წ. 2 აპრილს თელ-ავივსა და თბილისს შორის შეასრულა. ხსენებული ფრენა განხორციელდა A320 ტიპის საჰაერო ხომალდით, რომელიც 174 მგზავრს იტევს. აღსანიშნავია, რომ 2 აპრილის რეისით საქართველოში ჩამოფრინდა 162 მგზავრი, რომელთაგან ყველა ტურისტია. ამ მომენტისთვის ავიაკომპანია „ISRAIR“ რეგულარულ საჰაერო მიმოსვლას ახორციელებს კვირაში 2 სიხშირით, თუმცა, კომპანია სიხშირეების გაზრდას გეგმავს - კვირაში 4 სიხშირემდე“, - აცხადებენ სამინისტროში.

გარდა ამისა, უწყების ინფორმაციით, საქართველოსა და ისრაელს შორის ფრენების განახლებას აპირებს ისრაელის მეორე ავიაკომპანია „ARKIA“, რომელიც მიმდინარე წლის 14 მაისიდან შეასრულებს პირდაპირ რეგულარულ საჰაერო მიმოსვლას კვირაში 1 სიხშირით 120 ადგილიანი საჰაერო ხომალდით, 7 ივნისიდან კი ავიაკომპანია  კიდევ ერთ სიხშირეს დაამატებს. ამასთან, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ მიმდინარეობს აქტიური კონსულუტაციები ავიაკომპანია „ARKIA“–სთან თელ-ავივი - ბათუმის მიმართულებით ფრენების დაწყებასთან დაკავშირებით.

„უნდა აღინიშნოს, რომ ხსენებული ავიაკომპანიების მიერ საქართველოში ჩამოყვანილ მგზავრთა 90%-ს ტურისტები წარმოადგენენ, რაც იმას ნიშნავს, რომ მხოლოდ ამ რეისებით კვირის განმავლობაში საქართველოს დაახლოებით 800-850 ტურისტი ესტუმრება“, - აცხადებენ სამინისტროში.

ამასთან, უწყების ცნობით, საქართველოს საავიაციო ხელისუფლების ერთობლივი ძალისხმევის შედეგად მიმდინარე წლის 18 მაისიდან სტამბოლი-ქუთაისის მიმართულებით ფრენებს განახორციელებს ავიაკომპანია Pegasus.

„მიმდინარე წლის იანვრის ბოლოს თურქულმა ავიაკომპანია “Pegasus”-მა სურვილი გამოთქვა პირდაპირი რეგულარული საჰაერო მიმოსვლა განეხორციელებინა სტამბოლსა და ქუთაისს შორის, თუმცა, მოქმედი შეთანხმების შესაბამისად, ამ მარშრუტზე რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელება შეუძლებელი იყო. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ერთობლივი ძალისხმევით, წერილობითი კონსულტაციები გამართეს თურქეთის საავიაციო ხელისუფლებასთან და მოხდა „საჰაერო ტრანსპორტის დარგში საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის“ შეთანხმების დანართში ცვლილების შეტანა და ქუთაისის დანიშნულების პუნქტად განსაზღვრა. ამ მომენტისათვის „Pegasus“ უკვე დანიშნულია სტამბოლი-ქუთაისის საჰაერო ხაზზე ავიაგადამზიდველად“, - აცხადებენ სამინისტროში.

ამავდროულად, საქართველოსა და რუსეთის საავიაციო ხელისუფლებებს შორის მოლაპარაკებების დასრულებისა და მიღწეული შეთანხმების შედეგად, ავიაკომპანია „Georgian Airways“-მა მ.წ. 10 აპრილს პირველი რეისი შეასრულა თბილისიდან სანკტ-პეტერბურგის მიმართულებით. აპრილის ბოლოდან ავიაკომპანია გეგმავს საჰაერო მიმოსვლის შესრულებას თბილისიდან სამარას მიმართულებით.

„2015 წლის 2 ივნისიდან ეგვიპტური ავიაკომპანია „Air Cairo“ იწყებს პირდაპირ რეგულარულ საჰაერო მიმოსვლას ახალი მიმართულებით თბილისსა და ჰურგადას შორის, კვირაში 2 სიხშირით, ხოლო 29 ივნისიდან კიდევ 2 სიხშირეს დაამატებს.

ყაზახური ავიაკომპანია „Air Astana“ 2015 წლის 1 ივნისიდან დაიწყებს პირდაპირ რეგულარულ საჰაერო მიმოსვლას ახალი მიმართულებით - ასტანასა და თბილისს შორის, კვირაში 2 სიხშირით.

არაბულმა ავიაკომპანიამ „Air Arabia“, რომელიც პირდაპირ რეგულარულ საჰაერო მიმოსვლას ახორციელებს თბილისსა და შარჟას შორის,  ფრენის სიხშირეები გაზარდა და ზაფხულის სეზონზე საჰაერო მიმოსვლას სამის ნაცვლად კვირაში 4 სიხშირით შეასრულებს.

არაბულმა ავიაკომპანია „Etihad Airways“-მა გამოთქვა სურვილი, შეასრულოს პირდაპირი რეგულარული საჰაერო მიმოსვლა თბილისსა და აბუ-დაბის შორის. ამასთან  დაკავშირებით უკვე დაიწყო კონსულტაციები სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს წარმომადგენლებთან  შესაბამისი ნებართვის მისაღებად. კომპანიის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ავიაკომპანია პირდაპირი რეგულარული საჰაერო მიმოსვლის შესრულებას 2015 წლის 2 ოქტომბრიდან გეგმავს, კვირაში 3 სიხშირით.

ზემოხსენებული ავიაკომპანიების შემოსვლა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სამგზავრო გადაყვანების ზრდას და საქართველოში ტურიზმის განვითარებას.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთან ერთად აგრძელებს მუშაობას, რათა ხელი შეუწყოს საქართველოში დამატებით ახალი ავიაკომპანიების მოზიდვას და ახალი მიმართულებების ათვისებას“, - აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics