02:50 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-20 15:30:56, 2118 ნახვა

პოლიტიკა
ჯანდაცვის კომიტეტმა ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებულ კანონპროექტს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა

ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის საკითხთა კომიტეტმა ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებულ ცვლილებათა პაკეტს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა.

თუმცა,  კომიტეტის წევრებმა აღნიშნეს, რომ დოზები უფრო მეტად უნდა იყოს დაკონკრეტებული და პლენარული სხდომისთვის ყველა კითხვაზე იყოს პასუხი გაცემული, ვინაიდან, მარიხუანას საშიშროება არ შეიძლება მხოლოდ მისი წონადობით განისაზღვროს.  კომიტეტმა კანონპროექტს მხარი სწორედ  ამ დათქმით დაუჭირა.

კერძოდ, კომიტეტმა მეორე მოსმენით - მუხლობრივად განიხილა მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა, კანონპროექტთა პაკეტი, რომელიც ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციისკენ არის მიმართული. ამ საკანონმდებლო პაკეტშია კანონპროექტები:  „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, და „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.

საკითხი იუსტიციის მინისტრის მოადგილე მიხეილ სარჯველაძემ გამოიტანა. 

"კანონპროექტით პრაქტიკულად ხდება მიდგომების იმგვარად შეცვლა, რომ კანონმდებლობა, სასჯელები და ზოგადად მიდგომები იყოს ლიბერალური, სამართლიანი და იმ სამართალდარღვევის ადეკვატური, რომელსაც ესა თუ ის პირი ჩადის.იყო კითხვები, აზრთასხვადასხვაობა იმასთან დაკავშირებით, თუ რა შეიძლება ჩაითვალოს განსაკუთრებით დიდ ოდენობად, კონკრეტული სახეობის პრინციპით, რა პრინციპით უნდა მოხდეს დათვლა და ა. შ",-განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

კანონპროექტი  კანაფისა და მარიხუანის მცირე და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საწყისი ოდენობით დამზადების, შეძენა-შენახვის, გადაზიდვისა და მოხმარებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას აუქმებს.

ამასთან, საკანონმდებლო ცვლილებები არ ითვალისწინებს მარიხუანისა და კანაფის მოხმარების დეკრიმინალიზაციას.

საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, მცირე ოდენობით გამომშრალი მარიხუანის, ნედლი მარიხუანისა და მცენარე კანაფის უკანონო დამზადების, შეძენის, შენახვის, გადაზიდვის, გადაგზავნის ან ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარების შემთხვევაში, სხვა ნარკოტიკულ ნივთიერებებთან შედარებით, უფრო მსუბუქი ადმინისტრაციული სახდელი წესდება და შეუძლებელი ხდება ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენება.

გარდა ამისა, სისხლის სამართლის კოდექსში გათვალისწინებული ცვლილება გამორიცხავს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენებას გამომშრალი მარიხუანის შემთხვევაში 70 გრამამდე, ნედლი მარიხუანის შემთხვევაში − 140 გრამამდე, და მცენარე კანაფის შემთხვევაში − 140 გრამამდე ნარკოტიკული საშუალების დამზადების, შეძენის, შენახვის, გადაზიდვისა და  პირადი მოხმარებისთვის. თუმცა, ამ ქმედებებისათვის თავისუფლების აღკვეთა გამოყენებულ იქნება იმ შემთხვევაში, თუ ხსენებული ნარკოტიკული საშუალებების ოდენობა დიდი ან განსაკუთრებით დიდია.

წარმოდგენილი ცვლილებები ეხმიანება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ბოლო ხანებში მიღებულ გადაწყვეტილებებს, რომელთა თანახმად, არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის ის  შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას 70 გრამამდე გამომშრალი და 100 გრამამდე ნედლი მარიხუანის პირადი მოხმარების მიზნით უკანონო შეძენისა და შენახვის გამო, ასევე, სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას პირადი მოხმარების მიზნით მარიხუანის უკანონო დამზადების, შეძენისა და შენახვის, ასევე, ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარების გამო.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics