03:17 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-20 13:35:24, 1726 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტში ნარკოპოლიტიკის ნაწილობრივ ლიბერალიზაციასთან დაკავშირებულ კანონპროექტს მეორე მოსმენით განიხილავენ

საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი მეორე მოსმენით განიხილავს  საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს, რომელიც ნარკოპოლიტიკის ნაწილობრივ ლიბერალიზაციას ითვალისწინებს და კანაფისა და მარიხუანის მცირე და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საწყისი ოდენობით დამზადების, შეძენა-შენახვის, გადაზიდვისა და მოხმარებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას აუქმებს.

მომხსენებელი საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე მიხეილ სარჯველაძეა.

კომიტეტის წევრებს კითხვები აქვთ ნარკოტიკული საშუალების რაოდენობასთან დაკავშირებით, რომელიც უნდა ჩაითვალოს განსაკუთრებით დიდ ოდენობად.მომხსენებლის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, 1000-ის მაგივრად, 750 გრამი ჩაითვლება კანაფის შემთხვევაში განსაკუთრებით დიდ მოცულობად. დეპუტატებს აინტერესებდათ არგუმენტი, რომლის მიხედვითაც, გარკვეული მოცულობა დაადგინეს განსაკუთრებით დიდ ოდენობად. კომიტეტის სხდომაზე აღინიშნა, რომ ამ თემაზე მსჯელობა და დისკუსია გაგრძელდება.

ამასთან, საკანონმდებლო ცვლილებები არ ითვალისწინებს მარიხუანისა და კანაფის მოხმარების დეკრიმინალიზაციას. 

შესაბამისი ცვლილებები შედის საქართველოს სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებში, აგრეთვე, კანონებში: „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ"; „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ"; „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ".

 საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, მცირე ოდენობით გამომშრალი მარიხუანის, ნედლი მარიხუანისა და მცენარე კანაფის უკანონო დამზადების, შეძენის, შენახვის, გადაზიდვის, გადაგზავნის ან ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარების შემთხვევაში, სხვა ნარკოტიკულ ნივთიერებებთან შედარებით, უფრო მსუბუქი ადმინისტრაციული სახდელი წესდება და შეუძლებელი ხდება ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენება.

გარდა ამისა, სისხლის სამართლის კოდექსში გათვალისწინებული ცვლილება გამორიცხავს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენებას გამომშრალი მარიხუანის შემთხვევაში 70 გრამამდე, ნედლი მარიხუანის შემთხვევაში − 140 გრამამდე, და მცენარე კანაფის შემთხვევაში − 140 გრამამდე ნარკოტიკული საშუალების დამზადების, შეძენის, შენახვის, გადაზიდვისა და  პირადი მოხმარებისთვის. თუმცა, ამ ქმედებებისათვის თავისუფლების აღკვეთა გამოყენებულ იქნება იმ შემთხვევაში, თუ ხსენებული ნარკოტიკული საშუალებების ოდენობა დიდი ან განსაკუთრებით დიდია.

წარმოდგენილი ცვლილებები ეხმიანება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ბოლო ხანებში მიღებულ გადაწყვეტილებებს, რომელთა თანახმად, არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის ის  შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას 70 გრამამდე გამომშრალი და 100 გრამამდე ნედლი მარიხუანის პირადი მოხმარების მიზნით უკანონო შეძენისა და შენახვის გამო, ასევე, სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას პირადი მოხმარების მიზნით მარიხუანის უკანონო დამზადების, შეძენისა და შენახვის, ასევე, ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარების გამო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics