|
2017-06-10 11:11:44, 1980 ნახვა
პოლიტიკა
„შეჩერდეს მოსამართლეთა დანიშვნები“ - პოლიტიკური პარტიები სასამართლო სისტემაში არსებულ ვითარებაზე განცხადებას ავრცელებენ
„ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“, „თავისუფალი დემოკრატები“ და „რესპუბლიკური პარტია” სასამართლო სისტემაში არსებულ ვითარებაზე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, პარლამენტის მიერ ბოლო პერიოდში მიღებულმა, სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებულმა კანონებმა ვერ შეცვალა არსებული რეალობა და „სასამართლო ხელისუფლება კვლავ ძლიერი კლანური გავლენების ქვეშ რჩება”. „ხელის მომწერი პოლიტიკური პარტიები ვეხმიანებით სასამართლო სისტემაში შექმნილ საგანგაშო მდგომარეობას. ყველასთვის კარგად არის ცნობილი, რომ დამოუკიდებელი საქართველოს არსებობის ვერც ერთ ეტაპზე ვერ მოხერხდა ძლიერი და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის ჩამოყალიბება. მიუხედავად იმისა, რომ 2004 წლის შემდეგ მოხდა სასამართლოს კორუფციისგან გათავისუფლება, მისი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და კანონმდებლობის დახვეწა, მოუგვარებელ პრობლემად დარჩა სასამართლოს დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა და მთელ სისტემაზე აღმასრულებელი ხელისუფლების გავლენის აღმოფხვრა. ბიძინა ივანიშვილის “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლამ გააჩინა სასამართლო სისტემაში არსებული ძირეული პრობლემების მოგვარების შანსი, თუმცა საზოგადოების მოლოდინის საწინააღმდეგოდ, “ქართულმა ოცნებამ” საკუთარ თავზე მოირგო ყველა ის მანკიერება, რაც სისტემაში არსებობდა და საკუთარ საყრდენად აქცია სასამართლოს სწორედ ის წარმომადგენლები, რომლებიც წარსულში ხელისუფლების მიმართ უპირობო ლოიალობით გამოირჩეოდნენ. ასევე, სწორედ ამ პირთა აქტიური მონაწილეობით განახორციელა პოლიტიკურ ოპონენტთა დევნა და თავისუფალ მედიაზე შეტევა. სასამართლოში არსებულ მძიმე ვითარებას ცხადად ადასტურებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ბოლოდროინდელი უპრეცედენტო გადაწყვეტილება, რომლითაც შეჩერდა საქართველოს უზენასი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილების აღსრულება „რუსთავი 2“-ის საქმეზე. პარლამენტის მიერ ბოლო პერიოდში მიღებულმა, სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებულმა კანონებმა ვერ შეცვალა არსებული რეალობა და სასამართლო ხელისუფლება კვლავ რჩება ძლიერი კლანური გავლენების ქვეშ. ამას ცხადყოფს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში განვითარებული მოვლენები, სადაც სრულიად გაუმჭვირვალე პროცედურებით ხდება თანამდებობების გადანაწილება და მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა, მათ შორის იმ პირების, რომლებიც სახელისუფლებო პოლიტიკური ძალის დასაყრდენს წარმოადგენენ სასამართლო სისტემაზე კონტროლის განსახორციელებლად. შემაშფოთებელია სასამართლო ხელისუფლებაში კორუფციის დაბრუნების შესახებ გავრცელებული ცნობები, რომელთა დიდი ნაწილი, სწორედ სახელწიფოსთან დაკავშირებულ ბიზნეს დავებს შეეხება. ასევე ხაზგასასმელია, რომ ქართულმა ოცნებამ სხვადასხვა გზებით მოახდინა საკონსტიტუციო სასამართლოს პარალიზება და მისი დამოუკიდებლობის მორღვევა, ხოლო იმ პირებს, რომლებიც ამ პროცესში გამოიყენა, „დამსახურებისათვის“ მაღალი თანამდებოები უბოძა. მიუხედავად იმისა რომ ივანიშვილის ხელისუფლების შეცვლის გარეშე შექმნილი მძიმე ვითარების არსებითად გამოსწორება რთულად მისაღწევია, ამ ეტაპზე აუცილებელია: დროებით, მაგრამ დაუყოვნებლად შეჩერდეს მოსამართლეთა დანიშვნები; სასამართლო ხელისუფლებას ჩამოშორდეს ყველა ის პირი, რომელსაც არ გააჩნია საზაგოდოების ნდობა და მიიჩნევიან ხელისუფლების საყრდენად სასამართლო სისტემაზე კონტროლის განხორციელებისთვის, რისთვისაც ამ ადამიანებმა უნდა აიღონ პასუხისმგებლობა საკუთარ წარსულზე და მისცენ ქართულ სასამართლოს გაჯანსაღების, დამოუკიდებლად განვითარების და გაძლიერების შესაძლებლობა; ხელისუფლების, ოპოზიციური პარტიების, არასამთავროებისა და ექსპერტების მონაწილეობით შეიქმნას სასამართლო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფი, რომელიც მოამზადებს არსებით რეფორმას, რათა განვითარდეს დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა“, - ნათქვამია განცხადებაში.
სასულიერო აკადემიამ მეუფე იობის განათლება დაადასტურა
Facebook-პოსტის გამო აქტივისტი ია მელითაური 2500 ლარით დააჯარიმეს
აქციაზე გზის ე.წ გადაკეტვის გამო 3 პირს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, ორი ფეისბუქში სტატუსის გამო დააჯარიმეს
ყაზახეთმა რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)