2015-04-17 12:52:05, 366 ნახვა
საზოგადოება
საქართველოში გაერო-ს წარმომადგენლობის მხარდაჭერით, კონფერენცია "დანაშაულის ეფექტური პრევენცია" გაიმართა
იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრისა და "ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია საქართველოს (ELSA Georgia) ორგანიზებით, კონფერენცია "დანაშაულის ეფექტური პრევენცია" გაიმართა. ღონისძიებას თბილისისა და გორის უმაღლესი სასწავლებლების იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები დაესწრნენ.
პროექტის მიზანია საქართველოში დანაშაულის პრევენციაზე მიმართული პროგრამების გაცნობა და მათი პოპულარიზაცია, არსებული გამოწვევების განხილვა, ეფექტიანი და ინოვაციური მიდგომების დანერგვა, სტუდენტებში ამ მიმართულებით ცნობიერების დონის ამაღლება და ამ სფეროში არსებულ აქტუალურ საკითხებზე მსჯელობა.
კონფერენციაზე მომხსენებლები იყვნენ იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრის დირექტორი ჯონი კვინიკაძე, "ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია საქართველოს" პრეზიდენტი ზურაბ ბეჟაშვილი, ასევე საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, დარგის ექსპერტები.
ჯონი კვინიკაძის განცხადებით, საქართველოში გაერო-ს წარმომადგენლობის მხარდაჭერით სასტუმრო "რადისონ ბლუ ივერიაში" გამართული დღევანდელი კონფერენცია, ქალაქ დოჰაში მიმდინარე დანაშაულის პრევენციისა და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების გაეროს მე-13 საერთაშორისო კონგრესს მიეძღვნა. კონფერენციის დაწყებამდე ჯონი კვინიკაძემ ჟურნალისტებთან დანაშაულის პრევენციაზე მიმართული პროგრამების მნიშვნელობაზე ისაუბრა:
"დღევანდელი კონფერენცია ეხმიანება დოჰაში მიმდინარე დანაშაულის პრევენციისა და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების მსოფლიო კონგრესს. ჩვენ დღეს თბილისელ და გორელ იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს გავაცნობთ იმ პროგრამებს და პროექტებს, რომლებსაც იუსტიციის სამინისტროს "დანაშაულის პრევენციის ცენტრი" ახორციელებს. ეს პროგრამები მიმართულია დანაშაულის პრევენციის იმგვარად განხორციელებაზე, რომ მოქალაქეს სამართლებრივი ცნობიერების დონე აუმაღლდეს და გააზრებულად უარი თქვას დანაშაულებრივი ქმედების ჩადენაზე და აირჩოს კანონმორჩილ მოქალაქედ ცხოვრების წესი. ამ პროგრამების შესახებ ვესაუბრებით სტუდენტებს.მაგალითად, ყოფილ პატიმართა რეაბილიტაცია რესოციალიზაციის პროგრამა, ანუ ყოფილ პატიმრებს ვეხმარებით სრულფასოვან მოქალაქეებდად ჩამოყალიბებაში, ჯანმრთელობის და სხვა სოციალური პრობლემის მოგვარებაში და ამით ერთის მხრივ მას ვეხმარებით, რომ რეალიზდეს, როგორც მოქალაქე, და ამავე დროს, თავიდან ავიცილოთ გამეორებითი დანაშაული ",-განაცხადა ჯონი კვინიკაძემ.
"ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია საქართველოს" პრეზიდენტის ზურაბ ბეჟაშვილის შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ დანაშაულის პრევენცია თავიდანვე მოხდეს და ახალგაზრდები დანაშაულის გზას არ დაადგნენ.
" "ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია საქართველოს (ELSA Georgia) "დანაშაულის პრევენციის ცენტრთან" ერთად მართავს ძალიან მნიშვნელოვან კონფერენციას. აუცილებელია, რომ პრობლემა აღმოჩენილი იყოს მის საძირკველშივე. პრევენცია ემსახურება იმას, რომ სანამ ეს პრობლემა გაღვივდება, ახალგაზრდები სანამ დაადგებიან დანაშაულის გზას, მანამდე მოხდეს მისი აღმოფხვრა და ისინი გადავიყვანოთ ამ გზიდან. ეს კონფერენცია არის სწორედ ერთ-ერთი საფეხური იმისა რომ სტუდენტებს მივაწოდოთ ინფორმაცია, თუ როგორ უნდა მოხდეს პრევენცია. ეს არის მხოლოდ ერთი ნაწილი იმ დიდი კამპანიისა, რომელსაც ემსახურება "დანაშაულის პრევენციის ცენტრი",-აღნიშნა ზურაბ ბეჟაშვილმა.
დანაშაულის პრევენციისა და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების გაეროს მე-13 საერთაშორისო კონგრესი ქალაქ დოჰაში 12 აპრილს გაიხსნა და 19 აპრილს დასრულდება.
ცნობისთვის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დანაშაულის პრევენციის კონგრესი 1955 წლიდან ყოველ 5 წელიწადში ერთხელ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში იმართება. კონგრესი, როგორც გლობალური ფორუმი სახელმწიფოებსა და ამ სფეროში მოქმედ სპეციალისტებს შორის, გამოცდილების გაზიარების საშუალებას იძლევა.
მისი მთავარი მიზანია, დანაშაულის პრევენციის პოლიტიკისა და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემის ეფექტიანი მექანიზმების განვითარების ხელშეწყობა მთელ მსოფლიოში.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან