20:56 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-30 14:11:44, 765 ნახვა

სამხედრო
ქართულ შეიარაღებაში საბჭოთა წარმოების ტყვიამფრქვევს ნატოს სტანდარტების ანალოგი ანაცვლებს

ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) დღე ამერიკული წარმოების ტყვიამფრქვევის M-240 საცეცხლე შესაძლებლობების დემონსტრირებით დაიწყო.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წლის ბოლომდე საქართველოს შეიარაღებული ძალების სამანევრო ქვედანაყოფებში არსებულ საბჭოთა წარმოების ტყვიამფრქვევს PKM ნატოს სტანდარტების ამერიკული ანალოგი M-240 ეტაპობრივად ჩაანაცვლებს. შემდეგ ეტაპზე, კი საბჭოთა წარმოების PKM-ის ამერიკული ტყვიამფრქვევით ჩანაცვლება მთელ ქართულ შეიარაღებაშია დაგეგმილი.

JTEC-ის სასროლეთზე ნატოს სტანდარტების იარაღის საცეცხლე შესაძლებლობები საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ პირადად გამოსცადეს.  ამერიკული ტყვიამფრქვევის საცეცხლე შესაძლებლობების დემონსტრირებას აშშ-ის ელჩი საქართველოში იან კელი, ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი უილიამ ლაჰიუ და თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.

იარაღის შესაძლებლობების დემონსტრირების შემდეგ, თავდაცვის მინისტრმა  IV მექანიზებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის მეთაურს, ვიცე-პოლკოვნიკ მერაბ ტაბიძეს,  სიმბოლურად, ამერიკული წარმოების ტყვიამფრქვევი M-240 გადასცა. 43-ე ბატალიონი პირველი ქვედანაყოფია, რომელიც საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) ფარგლებში ნატოს სტანდარტების იარაღით აღიჭურვება და წვრთნებს გაივლის. 

ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) დღე საზეიმო ღონისძიებით გაგრძელდა. JTEC-ის პირად შემადგენლობას ცენტრის დაარსების ორი წლისთავი საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ, გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ, აშშ-ის ელჩმა იან კელიმ და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ხელმძღვანელმა, პოლკოვნიკმა ტორსტენ კიოლერმა მიულოცეს.

მოგვიანებით, ლევან იზორიამ თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების საქმეში გამოჩენილი დამსახურებებისთვის კაპიტან კახაბერ შპეტიშვილი მედლით „სამშობლოსათვის თავდადებული“  დააჯილდოვა. გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ კი, საქართველოს თავდაცვის სისტემაში უმწიკვლო სამსახურისთვის II ხარისხის მედალი მაიორ ირაკლი სურგულაძეს გადასცა. დღესვე რამდენიმე სამხედრო მოსამსახურემ მადლობის სიგელებიც მიიღო.

ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი (JTEC) 2014 წელს უელსის სამიტზე საქართველოსთვის მინიჭებულ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში შეიქმნა. JTEC ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გახსნა. ცენტრი საქართველოს, ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებული ძალებისათვის თანამედროვე სასწავლო შესაძლებლობებს უზრუნველყოფს. მასში 300-ზე მეტი ქართველი სამხედრო და სამოქალაქო პირი მსახურობს. ცენტრში ასევე, წარმოდგენილები არიან ნატოს და პარტნიორი ქვეყნების ოფიცრები სხვადასხვა ქვეყნებიდან - ნორვეგია, დანია, ლატვია, ლიტვა, დიდი ბრიტანეთი, შვედეთი, ესპანეთი, ფინეთი და მუდმივი კონტრაქტორები აშშ-დან. JTEC-ის სამომავალო გეგმები ცენტრის საქმიანობის გაფართოებას ითვალისწინებს. შეერთებული შტატების დახმარებით დაინერგება ტექნოლოგია, რომელიც ცენტრს საველე სიმულაციური საცეცხლე მხარდაჭერით და სხვა ეფექტებით უზრუნველყოფს. JTEC-ის მხარდაჭერით, 2016 წელს ნატო-საქართველოს სწავლება ჩატარდა. იგეგმება მსგავსი წვრთნების დამოუკიდებლად ჩატარების შესაძლებლობების განვითარება. JTEC აგრეთვე მხარს უჭერს, უზრუნველყოფს და ატარებს ეროვნულ, უწყებათაშორის, ორმხრივ და მრავალეროვნულ სწავლებებს.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ოქროსა და დოლარის მიმდინარე მერყეობა დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრატეგიის ფარგლებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics