13:26 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-28 14:40:23, 1876 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი: საქართველომ ისტორიული მნიშვნელობის წარმატებას მიაღწია

„საქართველომ  ისტორიული მნიშვნელობის წარმატებას მიაღწია-ვიზების ლიბერალიზაცია არის მიღწევა, რომელსაც ხელშესახები შედეგები  მოაქვს“,-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა  გლობალური უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში გამართულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.  

პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხებზე, მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებზე, ქვეყნის გეოპოლიტიკურ როლზე,ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესებსა და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფორმატში თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობებზე  ისაუბრა.

„საქართველომ ისტორიული მნიშვნელობის წარმატებას მიაღწია - ვიზების ლიბერალიზაცია არის მიღწევა, რომელსაც მოაქვს ხელშესახები შედეგები საქართველოს ევროპული მისწრაფებებისთვის. ჩვენ განვახორციელეთ რეფორმები, ხელი მოვაწერეთ ასოცირების ხელშეკრულებას  და წამოვიწყეთ საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების, კანონმდებლობის ძირეული გარდაქმნის პროცესი, რათა დავუახლოვდეთ ევროპულ საკანონმდებლო და ინსტიტუციურ სტანდარტებს. 

შედეგად, ჩვენ მივაღწიეთ ვიზების ლიბერალიზაციას. ეს ნიშნავს არა მხოლოდ უვიზო მიმოსვლას საქართველოს მოქალაქეთათვის, ამას აქვს უფრო ღრმა პოლიტიკური დატვირთვა, რადგანაც ევროპამ კარი გაუღო საქართველოს მოქალაქეებს.

ეს არის პოლიტიკური ხასიათის ნაბიჯი ევროპის მხრიდან, რომლითაც დაფასდა საქართველოს ძალისხმევა. ეს წარმატება იოლი მისაღწევი როდი იყო, მას ახლდა მნიშვნელოვანი გამოწვევები, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის ჩათვლით. ასე რომ, ეს მართლაც დიდი მიღწევაა,”- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კითხვას როგორი იქნება შემდგომი ნაბიჯები, გიორგი კვირიკაშვილმა უპასუხა, რომ საქართველო ემზადება აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისთვის, რომელიც შემოდგომაზე ბრიუსელში გაიმართება.

პრემიერის თქმით, ევროპის აღმოსავლეთ ფლანგზე სტაბილური პოლიტიკური მოკავშირეების შეძენას სულ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება, ამდენად აუცილებელია, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე დაისახოს კონკრეტული პოლიტიკური მიზნები. 

„დღეს საქართველო არა მხოლოდ უსაფრთხოების მომხმარებელია, არამედ მისი მიმწოდებელიც. ჩვენ ვმონაწილეობთ ავღანეთის მტკიცე მხარდაჭერის მისიაში, ასევე კრიზისების მართვის ოპერაციებში ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და მალიში. 

ჩვენი მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, ვიყოთ ყველგან, სადაც ცივილიზებული მსოფლიო ჩათვლის, რომ აუცილებელია მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარება ამა თუ იმ რეგიონსა თუ ქვეყანაში. 

ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა უკრაინის წარმატება ვიზების ლიბერალიზაციის პროცესში. საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას წარმატება ერთმანეთისგან განუყოფელი და მნიშვნელოვანია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მიერ ამ გზაზე თანმიმდევრულად და სტაბილურად სვლის მხრივ,”-განაცხადა პრემიერმა.

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსს 100-მდე ახალგაზრდა დაესწრო - პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
ევროკავშირმა და სომხეთმა დაკავშირებადობის სფეროში პარტნიორობის შესახებ შეთანხმება გააფორმეს
რასა იუკნევიჩიენე: სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის პერსპექტივა ცოცხალია, თუმცა მესმის ქართველების იმედგაცრუება, რომ თბილისი ამის მიღმა დარჩა
კობახიძეს ჯერა, რომ ევროპარლამენტარები თავს ესხმიან საქართველოში მედიის თავისუფლებას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics