|
2017-05-18 16:25:57, 1612 ნახვა
საზოგადოება
თბილისის ზოოპარკის ახალ ტერიტორიაზე პირველი ვოლიერი გაიხსნა
თბილისის ზოოლოგიური პარკის ახალ ტერიტორიაზე პირველი ვოლიერი გაიხსნა. ვოლიერი თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, ზოოპარკის დირექტორთან ზურაბ გურიელიძესთან და გერმანიის ელჩთან ჰაიკე ფაიჩისთან ერთად გახსნა. მერიის ცნობით, ზოოპარკის პირველი ბინადრები კავკასიაში გავრცელებული ცხოველები - დათვები და მგლები არიან. ვოლიერი გერმანიის მთავრობის დაფინანსებით აშენდა. ვოლიერის ფართობი 1 ჰა-ზე მეტია. ახალ ტერიტორიაზე უკვე გადაყვანილია 4 მგელი და 3 დათვი. ,,გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით და მერიის რესურსებით დავიწყეთ ცხოველების გადმოყვანა ახალი ზოოპარკის ტერიტორიაზე. ეს პროცესი ეტაპობრივად გაგრძელდება, რათა ახალი ზოოპარკი განვითარდეს. ეს ტერიტორია თბილისის განვითარების გენერალური გეგმითაც და თბილისის ზღვის არეალის გეგმითაც გათვალისწინებულია ზოოპარკისთვის. აქ აქტიურ გამწვანებით ღონისძიებებსაც ვაწარმოებთ და ეს იქნება ერთ-ერთი ძალიან კარგი გამწვანებული ადგილი", - განაცხადა დავით ნარმანიამ. ზოოპარკის ამჟამინდელ ტერიტორიაზე (გმირთა მოედნის მიმდებარედ) ადგილის სიმცირის გამო, (5 ჰა) შეუძლებელია შემდგომი განვითარება - ცხოველების კოლექციის გამდიდრება და სრულყოფილი ინფრასტრუქტურის მოწყობა. ახალი ტერიტორია (48 ჰა) საერთაშორისო სტანდარტების ზოოპარკის აშენების შესაძლებლობას იძლევა - დიდი და კეთილმოწყობილი ვოლიერების უმრავლესობა თხრილებით, არხებითა და მსუბუქი კონსტრუქციებით შემოისაზღვრება; არსებული ლანდშაფტი ცხოველების ბუნებრივ საცხოვრებელ არეალთან მიმსგავსებულ გარემოს შექმნის; დამთვალიერებლისთვის მეტად საინტერესო საგანმანათლებლო-დასასვენებელი სივრცე მოეწყობა. „მნიშვნელოვანია, რომ ახალი ზოოპარკის პირველი ბინადრები დათვები და მგლები იქნებიან. დათვი ერთ-ერთი პრობლემური სახეობაა საქართველოში - დატყვევებულ დათვებს კერძო პირებთან, ან სხვადასხვა დაწესებულებაში, აუტანელ პირობებში უწევთ არსებობა. ახალ ვოლიერში დაახლოებით 10 მათგანს შევიფარებთ და დავიხსნით გაუსაძლისი ყოფისგან. გარდა ამისა, ვგეგმავთ დაობლებული ბელების ბუნებაში დაბრუნების პროგრამის განხორციელებას. სპეციალურად პატარებისთვის აგებულ ვოლიერში მოხდება ცხოველის რეინტროდუქციისთვის მომზადება მისი ბუნებაში დაბრუნების მიზნით. ეს უდიდესი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება გარემოსდაცვით საქმიანობაში. დიდი მადლობა გერმანიის მთავრობას, რომ მოგვცა ჩვენი გეგმების რეალიზაციის შესაძლებლობა“, - აცხადებს თბილისის ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე. შემდეგ ეტაპზე ახალ ზოოპარკში ირმები და ნიამორები დაიდებენ ბინას. მათი ვოლიერიც გერმანიის მთავრობის დაფინანსებით შენდება. ახალი ზოოპარკის ინფრასტრუქტურის სრულ მოწესრიგებამდე, ცხოველების დათვალიერება საცხენოსნო ტურების ფარგლებში იქნება შესაძლებელი. ვოლიერების გახსნას დღეს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, თბილისის მერის მოადგილე გიგა ნიკოლეიშვილი, გერმანიის საელჩოსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)