|
2017-05-15 11:19:32, 1847 ნახვა
საზოგადოება
NDI-ის კვლევა: მოსახლეობის ნახევარი მიიჩნევს, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება
ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და მისი პარტნიორი ორგანიზაცია CRRC საქართველოს მიერ წარმოდგენილი საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების თანახმად, ქვეყნის მიმართულებასთან დაკავშირებით მოსახლეობის აზრი გაყოფილია, თუმცა უმრავლესობა (72 პროცენტი) თანხმდება, რომ ქვეყანა ახლა საცხოვრებლად უკეთესი ადგილია, ვიდრე 15 წლის წინ. მოსახლეობა, ასევე, ოპტიმისტურად არის განწყობილი მომავლის მიმართ: 69 პროცენტი მიიჩნევს, რომ შემდეგი თაობა უკეთ იცხოვრებს. საზოგადოების აზრი ორად არის გაყოფილი იმის თაობაზეც, ახორციელებს თუ არა არსებული ხელისუფლება მათთვის მნიშვნელოვან ცვლილებებს: ამ მოსაზრებას 50 პროცენტი ეთანხმება, 48 პროცენტი კი - არა. საერთო ჯამში, მოქალაქეები ქვეყნის პოლიტიკური ლიდერებისა და სამინისტროების საქმიანობას საშუალოდ აფასებენ, ხოლო პოზიტიური შეფასებების მაჩვენებელი დაბალია. პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის საქმიანობა იდენტურად და ყველაზე დადებითად არის შეფასებული: პრეზიდენტის საქმიანობას მოქალაქეთა 27 პროცენტი დადებითად აფასებს, ხოლო 50 პროცენტი - საშუალოდ; პრემიერ-მინისტრის საქმიანობას კი დადებითად - 25 პროცენტი, ხოლო საშუალოდ 53 პროცენტი აფასებს. პარლამენტის სპიკერის საქმიანობას დადებითად 15 პროცენტი, საშუალოდ კი 42 პროცენტი აფასებს. ჩამოთვლილთაგან ყველაზე მაღალი უარყოფითი შეფასების მაჩვენებელი თბილისის მერს აქვს: მოსახლეობის 52 პროცენტი მის საქმიანობას - უარყოფითად, 8 პროცენტი კი დადებითად აფასებს. ჯანდაცვის, იუსტიციისა და თავდაცვის სამინისტროებს ყველაზე დადებითი შეფასებები აქვთ, ხოლო სოფლის მეურნეობის, ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროებს - ყველაზე უარყოფითი. რაც შეეხება დანარჩენ ინსტიტუტებს, მოსახლეობა ყველაზე დადებითად - ეკლესიის, იუსტიციის სახლებისა და საქართველოს ჯარის საქმიანობას, ყველაზე უარყოფითად კი თბილისის საკრებულოსა და პარლამენტის საქმიანობას აფასებს. კონკრეტული პარტიების მხარდაჭერა კვლავაც საკმაოდ დაბალია. მოსახლეობის 42 პროცენტი ამბობს, რომ მის შეხედულებებთან არცერთი პარტია დგას ახლოს ან არ აქვს პასუხი ამ კითხვაზე. პარტია “ქართულ ოცნებას” ამომრჩეველთა 29 პროცენტი უჭერს მხარს. ეს რიცხვი შემცირებულია ნოემბრის კვლევის შემდეგ, სადაც მმართველ პარტიას მოქალაქეთა 40 პროცენტი ასახელებდა, როგორც თავის შეხედულებასთან ყველაზე ახლოს მდგომს “ქართულ ოცნებას” მოსდევს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” 10-პროცენტიანი მხარდაჭერით, “პატრიოტთა ალიანსი” - 4 პროცენტით და “ლეიბორისტული პარტია” - 3 პროცენტით. დანარჩენმა პოლიტიკურმა პარტიებმა კვლევის საშუალო ცდომილების ზღვარი ვერ გადალახეს. “კვლევიდან ჩანს, რომ მოსახლეობა განსაკუთრებული ენთუზიაზმით არ არის განწყობილი ხელისუფლებისა და პოლიტიკური პარტიებისადმი. ამომრჩეველთა უმრავლესობა კვლავაც არ ემხრობა არცერთ პოლიტიკურ პარტიას. საყურადღებოა, რომ მოსახლეობა ყველაზე ნეგატიურად იმ საკითხებზე პასუხისმგებელ სამინისტროებს აფასებს, რომლებიც ყველაზე მეტად აწუხებს; ესენია: ეკონომიკის, ფინანსთა და სოფლის მეურნეობის სამინისტროები“, - აცხადებს NDI საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ლორა თორნტონი. რაც შეეხება შემოთავაზებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს, მოსახლეობის უმრავლესობა (84 პროცენტი) ფიქრობს, რომ პრეზიდენტი მოქალაქეებმა უნდა აირჩიონ. ამ მოსაზრებას “ქართული ოცნების” მხარდამჭერთა უმრავლესობაც ეთანხმება. ამას გარდა, მოსახლეობის თითქმის ნახევარს მაჟორიტარების არჩევა კვლავაც სურს. მოსახლეობის მხოლოდ 28 პროცენტი უჭერს მხარს მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას. რაც შეეხება სხვა მიმდინარე მოვლენებს, მოსახლეობის უმეტესობას (79 პროცენტი) სმენია ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ქიბარ ხალვაშის საკუთრებაში გადაცემის შესახებ. ამ ადამიანების უმრავლესობა (56 პროცენტი) მიიჩნევს, რომ საქმეში მთავრობის მხრიდან ჩარევას ჰქონდა ადგილი და მხოლოდ 28 პროცენტი ამბობს, რომ სასამართლო პროცესი სამართლიანი იყო. “საკონსტიტუციო ცვლილებების საჯარო განხილვების ფონზე, მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ მოსახლეობას სურს, თავად აირჩიოს თავისი წარმომადგენლები. პრეზიდენტის არაპირდაპირი გზით არჩევის წესის მხარდამჭერებს მოუწევთ, კარგად აუხსნან მოსახლეობას, თუ რა სარგებელს მოუტანს ეს მოქალაქეებს“, - განაცხადა თორნტონმა. NDI იკვლევს საზოგადოებრივ აზრს, რათა დაეხმაროს დაინტერესებულ მხარეებს, გაიგონ და გადაჭრან მოქალაქეებისთვის პრობლემატური საკითხები ზუსტ, მიუკერძოებელ და სტატისტიკურად სწორ მონაცემებზე დაყრდნობით. კვლევის მიზანია, ხელი შეუწყოს ისეთი პოლიტიკისა და მმართველობის ჩამოყალიბებას, რომელიც უფრო მეტად იქნება მორგებული მოსახლეობის საჭიროებებზე. პოლიტიკოსები მიიჩნევენ, რომ კვლევებიდან მიღებული ინფორმაცია ეხმარება მათ საქმიანობას და გამოთქვამენ სურვილს, კვლავაც გაგრძელდეს მსგავსი გამოკითხვები. აღნიშნული გამოკითხვა 2017 წლის 7-28 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,493 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2,7 პროცენტი. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით და მას ატარებს CRRC საქართველო.
გამოკითხვა: ტრამპის მოწონების რეიტინგი რეკორდულად დაბალ ნიშნულამდე დაეცა
საკრუიზო გემზე MV Hondius ჰანტავირუსის აფეთქების შედეგად სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა
ტრამპი ჰორმუზის სრუტეში ჩარჩენილი გემების და ტანკერების გათავისუფლების ოპერაციას იწყებს
OPEC+-ის შვიდმა ქვეყანამ ნავთობის მარაგების გაზრდის შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)