09:08 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-12 10:24:27, 1451 ნახვა

საზოგადოება
საქართველო და იტალია დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავს აღნიშნავენ

საქართველოსა და იტალიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით საქართველოსა და იტალიის საგარეო უწყების ხელმძღვანელებმა მისალოცი წერილები გაცვალეს.

როგორც „ექსპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, კოლეგისადმი მიწერილ წერილში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა იტალიის პირველ დიპლომატს საიუბილეო თარიღი მიულოცა და აღნიშნა საქართველოსა და იტალიას შორის არსებულ ისტორიული კავშირები, ასევე  დღეს არსებული წარმატებული ორმხრივი ურთიერთობები, ეკონომიკურ, კულტურულ, განათლების და სხვა სფეროებში.

"ჩვენ ორ სახელმწიფოს ურთიერთობების ხანგრძლივი ისტორია აქვს, რომელიც სათავეს უძველესი დროიდან იღებს. თუმცა, ჩვენ განსაკუთრებით გვაკავშირებს არამხოლოდ ჩვენი წარსული, არამედ ასევე საერთო მომავალი. ორივე ქვეყანა იზიარებს საერთო ფასეულობებს, ისევე როგორც მთლიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპის საერთო ხედვას" - ნათქვამია წერილში, რომელშიც მიხეილ ჯანელიძე მადლიერებას გამოთქვამს იტალიის მიერ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესისა და ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე  მხარდაჭერისთვის.

უწყების ინფორმაციით, თავის მხრივ, იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრმა ანჯელინო ალფანომ საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელისადმი მიწერილ  წერილში გაიხსენა იტალიელი ოჯახების ძალისხმევა, რომლებიც აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებს იტალიაში მასპინძლობდნენ.

 წერილში საქართველოსა და იტალიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 25 წლის იუბილეს ალფანომ მნიშვნელოვანი მოვლენა და ქვეყნებს შორის არსებული ძლიერი მეგობრობის დასტური უწოდა.

„წელს, რომის ხელშეკრულების დადებიდან, ევროპული ინტეგრაციის გზაზე პირველი ძირეული ეტაპის სამოცი წლისთავს აღვნიშნავთ. ვაცნობიერებთ რა, ევროკავშირის როლს ჩვენი ქვეყნების მშვიდობისა და კეთილდღეობის გზაზე, მტკიცედ ვუჭერთ მხარს თბილისსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების გაღრმავებას. დარწმუნებული ვარ, რომ ვიზალიბერალიზაციის კუთხით, ახლახან მიღწეული წარმატება, რისთვისაც იტალიამ  ბრიუსელში დიდი ძალისხმევა გასწია, ხელს შეუწყობს ჩვენს ხალხებს შორის ურთიერთობების გაღრმავებას და საერთაშორისო ღირებულებების გაძლიერებას" - ნათქვამია მისალოც წერილში.

თავის წერილში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა კმაყოფილებით გაიხსენა მიმდინარე წლის მარტში საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტი იტალიაში, რომლის დროსაც მხარეებს შესაძლებლობა მიეცათ ესაუბრათ საერთო ინტერესების შესახებ.

მან ასევე განსაკუთრებით აღნიშნა ვიზიტის ფარგლებში გამართული ბიზნეს-ფორუმის მნიშვნელობა, რომელზეც საქართველოსა და იტალიის ბიზნეს წრეების წარმომადგენლებს მიეცათ შესაძლებლობა გაეღრმავებინათ უკვე არსებული ეკონომიკური ურთიერთობები და ასევე, მოეხდინათ ახალ სფეროებში საერთო ინტერესების იდენტიფიცირება.

ჯანელიძემ ხაზი გაუსვა კულტურის სფეროში მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობის მნიშვნელობას და ამ კონტექსტში ისაუბრა სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებებზე, რომლებიც საქართველოსა და იტალიაში ყოველ წელს იმართება, ქვეყნების კულტურული, ისტორიული და სამეცნიერო ფონის გასაცნობად.

 წერილში მან ასევე ისაუბრა საერთო პროექტებზე და მ კუთხით გამოყო ახლახან გამართული პრეზენტაცია „Adopt a Tower Fund", რომელიც მიზნად ისახავს სვანეთში შუა საუკუნეების კოშკების დაცვასა და აღდგენას, რაც კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებისაკენ.

ანჯელინო ალფანო წერილში ხაზს უსვამს ორ ქვეყანას შორის არსებულ ისტორიულ ურთიერთობებს, აღნიშნავს ხალხთა შორის ურთიერთობების მნიშვნელობას და ამ კუთხით განსაკუთრებით გამოყოფს ახალგაზრდების ძალისხმევას.

მინისტრი საქართველოსა და იტალიას შორის მომავალი, კიდევ უფრო ინტენსიური თანამშრომლობის იმედს გამოთქვამს.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics