01:56 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-09 15:54:56, 1660 ნახვა

პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შორის შეკამათება მოხდა

ზუგდიდში კონსტიტუციური ცვლილებების პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვაზე ექსპერტმა თენგიზ შარმანაშვილმა  განაცხადა, რომ როგორც ბევრჯერ აღინიშნა, მმართველი გუნდი ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალიწინებას აპირებს. ამიტომ, ის დარწმუნებულია, რომ თუ რომელიმე საკითხი კომისიის მხრიდან არასამართლიანად ჩაითვლება, გასწორდება კიდეც. ექსპერტმა საპარლამენტო რესპუბლიკის არსზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საპარლამენტო რესპუბლიკაში ეროვნული უშიშროების საბჭო მთავრობას ექვემდებარება:

 „პოლიტიკოსების გამოსვლის შემდეგ, მინდა, ისევ იურიდიულ საკითხებს დავუბრუნდეთ, რადგან ამას აქვს გადამჭრელი მნიშვნელობა. თუ სწორად არ გავიაზრეთ თეორიულად, რას ვაკეთებთ, რა თქმა უნდა, მეც, როგორც ყოფილი პოლიტიკოსი, ვფლობ ხელოვნებას, როგორ დავიმსახურო თქვენი ტაში. ძალიან ადვილი გასაკეთებელია, ზუსტად ვიცი, რა უნდა ვთქვა ახლა, რომ უზარმაზარი ოვაციები გამოვიწვიო. ამ კუთხით არ დაგელაპარაკებით, რადგან ამას პოლიტიკოსებიც მოახერხებენ. არასდროს, მმართველ პარტიას, ვისაც ხელეწიფება, რომ შეცვალოს კონსტიტუცია, არ უთქვამს, რომ მე თუ მომაწვდიან დასკვნას ვენეციის კომისიიდან, რომ რომელიმე დანაწესი კონსტიტუციურ პროექტში, არ შეესაბამება საკონსტიტუციო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს და ჩათვლიან, რომ ის არასამართლიანია, ამას ლეგიტიმაციას მივცემ. ესაა მთავარი გარანტი იმისა, რომ მე არ მაქვს დიდი ღელვა ამ საკითხების ბედზე. თუ ჩაითვლება საკითხები არასამართლიანად, ის გასწორდება. შანსი იმისა, რომ სტაბილური და იდეალური კონსტიტუცია მივიღოთ, არის ძალიან მაღალი და ეს ძალიან მახარებს. არ გვაქვს არანაირი გამოცდილება საპარლამენტო რესპუბლიკაში ცხოვრების. ესაა უდიდესი პასუხისმგებლობა. საპარლამენტო რესპუბლიკის მართვის ტვირთი ხალხზე გადმოდის. ესაა ძალიან რთული სისტემა. კარგად უნდა გავიაზროთ, სად არის პრეზიდენტის როლი და ადგილი ამ სისტემაში“,-განაცხადა შარმანაშვილმა.

მისივე თქმით, მოქმედი კონსტიტუციით საქართველოს პრეზიდენტს არ გააჩნია საკანონმდებლო ინიციატივის უფლება და ვერ ახდენს ზეგავლენას ბიუჯეტის ფორმირებაზე.

„ასეთ პირობებში, როგორ უნდა წარმართო რაიმე პროცესი? ამას გვეუბნებოდა ვენეციის კომისია, რომ ეს უფლებამოსილებები მთავრობის უფლებამოსილებებია და ასეთი ორგანო (უშიშროების საბჭო) აქ არ შეიძლება იყოს. საპარლამენტო რესპუბლიკაში უშიშროების საბჭო და ყველაფერი არის მთავრობა. თუ ამას არ გავიგებთ, არ უნდა მოვატყუოთ ხალხი და უნდა ვთქვათ, რომ არ გვინდა საპარლამენტო რესპუბლიკა, გვინდა 95 წლის კონსტიტუციის აღდგენა და გადავიდეთ საპრეზიდენტო მართველობაზე. შერეულ მმართველობაზე რომ ვლაპარაკობთ, ასეთი მარტივი არ არის, როგორი ტიპის შერეული მმართველობა გვინდა, ისიც უნდა დავასახელოთ მაშინ“,-აღნიშნა თენგიზ შარმანაშვილმა და დასძინა, რომ დავით უსუფაშვილის ხელმძღვანელობით შექმნილი სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაც სწორედ საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელზე  მუშაობდა და მასში პრეზიდენტის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ:

„წინა კომისიაც უსუფაშვილის ხელმძღვანელობით საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელზე მუშაობდა. იმ კომისიაში პრეზიდენტის წარმომადგენლებიც იყვნენ, შემიძლია მათი ოქმები ამოვიღო, რას ამბობდნენ, ან რა პროექტებს აკეთებდნენ. ყველა მუშაობდა საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელზე. მთელი ეს მასალა ჩვენს ხელშია ახლა, ვკითხულობთ და ზედმიწევნით ზუსტად ვიცი, რა კეთდებოდა“,-განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

საპასუხოდ, პრეზიდენტის მრჩეველმა პოლიტიკურ საკითხებში ფიქრია ჩიხრაძემ მიუგო, რომ საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელზე კომისიას არ უმუშავია.

 „როგორ, არ უმუშავია? აბა დოკუმენტებს ვინ წერდა, ღამღამობით ჯდებოდა უსუფაშვილი და აკეთებდა ამ დოკუმენტებს? არვიცი. ეს მეორე სიახლე გავიგე, ეს რაღაც საოცრებაა ჩემთვის. 400 000 ლარია კიდევ დახარჯული მაგაში და  თუ არაფერი გაკეთებულა და იმდენი დოკუმენტაცია ერთი კაცის სახლში დაწერილია ღამღამობით არვიცი, ვკითხავ ბატონ დავითს, რომ შევხდები. ქალბატონო ფიქრია, ვიცი, რომ ნერვიულობ, რატომღაც წარმოგიდგენია, რომ საპრეზიდენტო რესპუბლიკის მოდელის შემთხვევაში, რაღაც კარგი მოხდება.  არ მოხდება, დამიჯერე. საპარლამენტო რესპუბლიკაში პრეზიდენტის უფლებამოსილებების დაცვას აზრი არ აქვს ისეთი ფორმით, როგორითაც თქვენ გინდათ, რადგან ეს არათავსებადია. იურიდიული ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტმა ასე რომ არ გიპასუხოს როგორც მე ვლაპარაკობ, კიბატონო, მაგრამ მეორე განათლებაც მივიღე და შეიძლება მესამეც მივიღო“,-განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ კი მიმართა, თუ განათლება ჰქონდა,  ფაქტებზე დაფუძნებით ელაპარაკა. დოლიძის განცხადებით, პრეზიდენტს შეუძლია ვეტო დაადოს ბიუჯეტის შესახებ კანონს.

„თუ გაქვთ განათლება, ილაპარაკეთ ფაქტებზე დაფუძნებით. თქვენ თქვით, რომ პრეზიდენტი ვერავითარ უფლებამოსილებას ვერ ახორციელებს. შემოთავაზებულ პროექტში პრეზიდენტს შეუძლია ვეტო დაადოს ბიუჯეტის შესახებ კანონს“,-უპასუხა დოლიძემ.

თენგიზ შარმანაშვილმა კი განმარტა, რომ ვეტოს უფლება  შეყოვნებითია და ის გადაილახება:

 „აი კიდევ ერთი მაგალითი, რომ გაჩვენოთ, რას ნიშნავს კლასიკური ნიშუმი მოსახლეობის შეცდომაში შეყვანისა-პრეზიდენტს აქვს ვეტოს უფლება, მაგრამ ვეტოს უფლება არის შეყოვნებითი, ვეტო გადაილახება იმავე წესით, ამ ჩვენს სიტემაში მოქმედშიც და მომავალშიც, რა წესითაც ეს კანონია მიღებული. ასეთ შემთხვევაში პირველი კურსელების სახელმძღვანელოშიც კი  წერია, ქულებს რომ უწერენ უფლებამოსილების განხორციელლების სტატუსთან დაკავშირებით, ასეთ ვეტოს უწერია 0. გინდა ბრიტანულ, გინდა ამერიკულ და გინდა იტალიურ სახელმძღვანელოებში“,-აღნიშნა თენგიზ შარმანაშვილმა.

„არ შეიძლება კონსტიტუციური მუხლის იგნორირება“,-უპასუხა  მას ანა დოლიძემ.

საბოლოოდ, ექსპერტმა განაცხადა, რომ „ქალბატონთან, რომელიც ასეთი აჟიტირებული სახით ტუილს ლაპარაკობდა, პოლემიკაში ვერ შევიდოდა“.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ფორმულას" განცხადებით, დავალიანების გამო არხის ღია სიგნალით მაუწყებლობა შეწყდა
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics