18:18 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-29 18:58:30, 3377 ნახვა

საზოგადოება
9 მაისს, რუსული ბაიკერ-კლუბის, „ღამის მგლების“ წევრები საქართველოში ჩამოსვლას გეგმავენ

მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, 9 მაისს, რუსი ბაიკერების კლუბის "ღამის მგლების" წევრები საქართველოში ჩამოსვლას ისევ გეგმავენ.

ღონისძიების ორგანიზატორი "რუსეთ-საქართველოს ახალგაზრდული კავშირია".

როგორც "ექსპრესნიუსს" ორგანიზაციის თავმჯდომარემ ირაკლი ყიფიანმა განუცხადა, მათ შინაგან საქმეთა სამინისტროს უსაფრთხოების ზომების მიღების თხოვნით უკვე მიმართეს.

"ბიჭები მზად არიან და ჩემგან მოწვევას ელოდებიან. ჩვენ სტრუქტურებს მივმართეთ უსაფრთხოების უზრუნველყოფის მოთხოვნით. გუშინ გამოვიდა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე და თურმე, უზრუნველყოფენ მათ უსაფრთხოებას, მაგრამ თუ საქართველოს სუვერენიტეტს შეექმნება პრობლემა სხვანაირად იმოქმედებენ. ეს ბიჭები აქ ჩამოდიან ჩვეულებრივად იმისთვის, რომ ერთად აღვნიშნოთ გამარჯვება. იქ მარტო რუსები არ იქნებიან. ამ ბაიკერებში არიან უკრაინელებიც, ბელარუსებიც და თითქმის ყველა იმ ქვეყნის წარმომადგენლები, რომელთა ოჯახის წევრებიც მეორე მსოფლიო ომში ფაშისტური გერმანიის წინააღმდეგ ერთად იბრძოდნენ", - განაცხადა ყიფიანმა.

რაც შეეხება ე.წ. გეორგიევსკის ბაფთას, როგორც ყიფიანმა აღნიშნა, ის მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების სიმბოლოა და რუსეთის ოკუპაციასთან არანაირი კავშირი არ აქვს.

"ეს ისტერიკები ზედმეტია. კიდევ ერთხელ ვიტყვი, პუტინის პლაკატით ჩამოდიან?! რუსეთის ჰიმნით შემოდიან?! გეორგიევსკის ბაფთით დავდივარ 4 წელი. პირველად ამ გეორგიევსკის ბაფთამ გამოიწვია ისტერიკა 2015 წელს. თურმე ეს ყოფილა უკრაინის ოკუპაციის სიმბოლო და თურმე 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, ქართველ ბიჭებს რუსები ხოცავდნენ ისე, რომ სამკლაურებზე ეკეთათ ეს გეორგიევსკის ბაფთები. ეს არის სისულელე. საზოგადოება შეყავთ შეცდომაში. მე იმიტომ მიკეთია ეს ბაფთა, რომ მეორე მსოფლიო ომს ვუკავშირებ და ის ჩემთვის გამარჯვების სიმბოლოა. ვიღაცის მახინჯ გონებაში და ვგულისხმობ რა თქმა უნდა "ნაციონალური მოძრაობის" ნარჩენებს რა იხარშება, მე ნამდვილად არ ვიცი და გული მწყდება, რომ საზოგადოება შეყავთ შეცდომაში. ეს რომ იყოს უკრაინის ოკუპაციის ან აგვისტოს ომის სიმბოლო რუსეთისთვის, გამოდის, რომ მე ვარ შიზოფრენიკი. არც შიზოფრენიკი ვარ, არც უკრაინა მეზიზღება. ან მაგ ლოგიკით გამოდის, რომ რუსეთს 2008 წლის ომში ვგულშემატკივრობდი. ისე კარგად შემოვლენ და ისე კარგად ვაფრიალებთ ამ გეორგიევსკის ბაფთებს, როგორც დაუბარებიათ. აქვე მინდა ვთქვა, რომ მოვიარეთ მთელი საქართველო და დავარიგეთ ეს ბაფთები. ბაფთების დარიგება გუშინ კახეთში დასრულდა და მხოლოდ ამ რეგიონში 30 ათასამდე ბაფთა დარიგდა. ხალხმა იცის რა დანიშნულება აქვს ამ ფასთას და ახსოვს. 9 მაისს ეს ბაფთა ყველა საღად მოაზროვნე ადამიანს სიხარულით უნდა ეკეთოს", - დასძინა ყიფიანმა.

ამასთან, ყიფიანის თქმით, მოსალოდნელი დაძაბულობიდან გამომდინარე, ორგანიზაციამ მიიღო შეთავაზება, აღნიშნული აქცია სევასტოპოლში გამართოს, თუმცა მისი განცხადებით, ღონისძიებები უკვე დაგეგმილია და მათი გაუქმება ადვილი არ იქნება. 

"გუშინ დაგვირეკეს და შემოგვთავაზეს, სევასტოპოლში ჩასვლა და იქ 9 მაისის აღნიშვნა. გვითხრეს, რომ დაძაბულ სიტუაციას ხედავენ. ამ ყველაფერზე ვფიქრობთ, თუმცა ყველა ღონისძიება უკვე დაგეგმილი გვაქვს და დიდი შრომა ჩავდეთ, შესაბამისად გადაწყობა რთულია. გვინდა კონფლიქტის ხაზთან მდებარე სოფლებიდან ჩამოვიყვანოთ სკოლის მოსწავლეები, შევახვედროთ ვეტერანებს. საზეიმო ვახშამიც გვაქვს დაგეგმილი. ასეთი გეგმები გვაქვს, მაგრამ აღარ ვიცით, როგორ მოვიქცეთ. ჩემი გატაცება პროვოკაციების მოწყობა არ არის, მინდა ღირსეულად ჩავატარო ეს ღონისძიება. სავარაუდოდ აქცია აქ ჩატარდება, იმიტომ, რომ ძალიან დიდი სამუშაო გვაქვს გაწეული. ყველაფერი მზად გვაქვს უკვე. თანაც, მოსახლეობის 0.2% არ ვათქმევინებ, რომ რაღაცის გამო წავედით სევასტოპოლში. თბილისში არ გავატარებ ქაჯებს, ვინც შეეცდება, რაიმე წინააღმდეგობა გაგვიწიოს", - აღნიშნა ირაკლი ყიფიანმა.

მან ასევე ქართველ ბაიკერებზეც ისაუბრა.

"შეურაცხყოფას არავის ვაყენებ, მაგრამ ეს ქართველი ბაიკერები, რომლებმაც 2 წლის წინ რაღაც ღრეობა მოაწყეს, ერთ-ერთი მათგანი იყო ბაჩო ახალაიას ძალიან ახლო მეგობარი, სახელს და გვარს არ დავასახელებ, შეიძლება ეს ბაიკერები ერთმანეთში მეგობრობენ და მათ თქვან, - ბიჭებო ისინი ამ ბაფთით შემოდიან და მოდი შევუტიოთ. ამ ბაიკერებამდეც უნდა მივიტანოთ ის აზრი, რომ ეს ასე არ არის. თუ შენი არ არის ეს 9 მაისი, მაშინ ჩემია და გამატარე. მის აღნიშვნაზე უარს არასდროს ვიტყვი", - განაცხადა ყიფიანმა.

რუსეთიდან ჩამოსული აქციის მონაწილეების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა განაცხადა, რომ 9 მაისს „ღამის მგლების“ დაგეგმილ აქციას სპეციალური კომისია შეისწავლის.

ხუციშვილის განმარტებით, იმ შემთხვევაში თუ ღონისძიება საქართველოს სუვერენულ ინტერესებს ხელს შეუშლის, კომისია სამინისტროს მიმართავს და უწყება შემდეგ იმოქმედებს.

„ამ ფორმატით შემდეგ უკვე ჩვენ ან ვკრძალავთ, ან ვუშლით რაიმე ნივთების გამოყენებას ან გამოხატვის რაიმე ფორმას, ან ჩვეულებრივად მოქალაქეები, თუ ეს არ არის აკრძალული, სარგებლობენ გამოხატვის უფლებით კანონმდებლობის ფარგლებში. ამ შემთხვევაშიც, როგორი შეფასებაც იქნება, ჩვენ იმ შეფასების ფარგლებში ვიმოქმედებთ“, - განაცხადა შალვა ხუციშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვში წითელ მოედანზე დრონსაწინააღმდეგო ბადეებს ამაგრებენ
ვოლოდიმირ ზელენსკი ერევანში ევროკავშირის სამიტზე დასასწრებად ჩავიდა
ბათუმში სასწრაფო დახმარების მანქანა 2 ქვეითად მოსიარულეს შეეჯახა
სააკაშვილი - გადავარჩინე ქართული სახელმწიფოებრიობა და დამოუკიდებლობა ურთულეს სიტუაციაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics