00:27 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-28 11:36:24, 1553 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი: ჩვენ ევროპულ ჩარჩოში ვექცევით და ვცდილობთ, შევქმნათ სახელმწიფო, რომელსაც აქვს ძლიერი დემოკრატია

"საქართველოსთვის შენგენის ზონის კარიბჭეს ათენი წარმოადგენს. პირველი უვიზო მიმოსვლა, სიმბოლურად, ათენში განვახორციელე. ესაა ნაბიჯი საქართველოს ევროპაში დასაბრუნებლად - იქნება ეს პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული, თუ სულიერი დაბრუნება,"- ამ სიტყვებით გახსნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ქართულ-ბერძნული კონფერენცია „საქართველო - ევროპიდან ევროპამდე," რომელიც ათენის კაპოდისტრიას სახელობის ეროვნულ უნივერსიტეტში გაიმართა.

გიორგი კვირიკშვილის განმარტებით, საქართველოს დელეგაციის ვიზიტი საბერძნეთში უბრალო დამთხვევა არ არის, რადგან საბერძნეთი ევროკავშირში მყოფი ქართული დიასპორის უდიდესი მასპინძელია, რომლის ეკონომიკასა და კულტურაზე ქართველი მოქალაქეების უკვე მეორე თაობა თავის კვალს ტოვებს.

სიტყვით გამოსვლისას მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა საქართველოს, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერი ქვეყნის როლს, რომელიც ცდილობს საკუთარი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოიყენოს.

"ჩვენ ევროპულ ჩარჩოში ვექცევით და ვცდილობთ, შევქმნათ სახელმწიფო, რომელიც მჭიდროდაა დაკავშირებული სოციალურ პარტნიორებთან, პატივს სცემს კონტროლისა და ბალანსის სისტემას, აქვს ძლიერი დემოკრატია და ქმნის ეკონომიკურ შესაძლებლობებს. ევროპის კარიბჭეობა აერთიანებს საბერძნეთსა და საქართველოს. კასპიის ზღვიდან ადრიატიკამდე, ჩვენ გაერთიანების ხელშესახები შესაძლებლობა გვაქვს. ჩვენ ვართ კასპიის რესურსების ევროპაში შეღწევისთვის აუცილებელი გზაგამტარი. საბერძნეთი კი სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში გაზის რეგიონალური დისტრიბუტორია. ენერგიის გარდა, საბერძნეთი ჩინეთის გზაგამტარიცაა ევროპაში. იქმნება ახალი ლოჯისტიკური ცენტრები ევროპაში, აფრიკაში, ბალკანეთის ქვეყნებში, შუა აღმოსავლეთში და მის მიღმა. ანაკლიის დამთავრების შემდეგ საქართველოც ჩინეთის გზაგამტარი გახდება. ანაკლიიდან პირეოსამდე, კეთილდღეობის ახალი ზონა შეიქმნება და გააძლიერებს დასაქმებას, ვაჭრობას, განვითარებას. იქმნება ახალი შესაძლებლობები ბიზნესის, უსაფრთხოების, პოლიტიკური თანამშრომლობისათვის,"-აღნიშნა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილმა საქართველო-საბერძნეთის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობა შეაფასა და ის ახალი მიმართულებები დაასახელა, რომელიც სამომავლო თანამშრომლობისთვის პრიორიტეტულია: ტრანსპორტირება და ლოჯისტიკა; ტურიზმი და სასტუმრო სექტორი; სოფლის მეურნეობა, კვება და გასტრონომია; მშენებლობა და ენერგეტიკა.

მისივე თქმით, მომავალი ღირსეული პარტნიორობა ისტორიულ კავშირებს ემყარება, რადგან ათენი უდიდესი სიმბოლური დატვირთვის მატარებელია- აქ საქართველო თავს ევროპასთან უფრო ახლოს გრძნობს.

"ჰომეროსის ეპიკური ნაწარმოებებიდან დაწყებული და ბიზანტიის იმპერიით დამთავრებული, ათასწლეულების მანძილზე, ჩვენ უდიდესი ცივილიზაციის ნაწილი ვიყავით, ჩვენი წარსული ურთიერთდაკავშირებულია. ჩვენ ერთად ვიზრდებოდით როგორც ხალხები, კულტურები და ერები.  სწორედ ამიტომ ჩვენ ვბრუნდებით ევროპაში იმ ქვეყნიდან, რომელსაც ოჯახად მივიჩნევთ,"-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

საქართველოს პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველო იპოვის საკუთარ ადგილს ევროპულ ოჯახში და "ამ გზაზე ქართველების მოძრაობა დღეს ათენიდან იწყება".

სამეცნიერო კონფერენციას- „საქართველო ევროპიდან ევროპამდე" ქართველი და ბერძენი სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები დაესწრნენ.

კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდნენ: ათენის კაპოდისტრიას სახელობის ეროვნული უნივერსიტეტის რექტორი მელეტიოს-ათანასიოს  დიმოპულოსი,  თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის  ასოცირებული პროფესორი ირინე დარჩია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ლევან გიგინეიშვილი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი დავით ლორთქიფანიძე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გია შარვაშიძე. 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics