2017-03-22 19:04:21, 1703 ნახვა
პოლიტიკა
ბესელია: ვისთან უნდა იყოს სააგენტო, პრეზიდენტმა გვიკარნახოს და მივიღოთ, ეს ჩვენს საქმიანობაში უხეში ჩარევაა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები გააკრიტიკა.
მისი თქმით, სრულიად ჩამოუყალიბებლები არიან, რა ტიპის პოლიტიკურ, თუ სამართლებრივ სისტემას სთავაზობენ პარლამენტს.
„გინდათ თუ არ გინდათ ამის აღიარება, ყველაფერი მიდის უნდობლობამდე. პერსონალური ნდობის საკითხებით მივიღოთ აქ გადაწყვეტილება?! თქვენ ჩვენზე მეტად ენდობით პრემიერ კვირიკაშვილს?! პრეზიდენტი ამბობს, რომ მე ინსტიტუტს არ ვენდობი, თუ ასეა თქვენივე ლოგიკას რომ გავყვეთ, საქართველოს პარლამენტი ნდობას უცხადებს მთავრობას, პრემიერს, ნდობას უცხადებს უსაფრთხოების სამსახურის უფროსს.თქვენ ზომავთ რა ხარისხის ნდობაა?! პარლამენტის ნდობის მანდატი არის ის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომლითაც იზომება სწორედ პასუხისმგებლობისა და უფლებამოსილების მანდატი. რამდენად სწორია, რომ პრეზიდენტი გვკარნახობს, რა ჩავწეროთ კანონში? ეს არის თუ არა პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლებამოსილება? ჩვენ ვართ კანონმდებლები და სააგენტოს სახელი რა დაერქმევა, ვისთან უნდა იყოს სააგენტო, ამას ჩვენ ვწერთ და არა პრეზიდენტი. შენიშვნები არის სხვა, მაგრამ ვისთან უნდა იყოს სააგენტო, პრეზიდენტმა გვიკარნახოს და ეს ჩვენ მივიღოთ, ეს მიმაჩნია საპარლამენტო საქმიანობაში ძალიან უხეშ ჩარევად. კარგად გავიაზროთ, რა არის კონსტიტუციური ინსტიტუციები. პირველი ვეტო როცა დაადეთ, მაშინ თქვით, რომ ერთი გასაღები იყოს შსს-ში, მეორე-სასამართლოში.წინა მოწვევის პარლაამენტში ვერ იპოვეთ ამ დარბაზში ადამიანი, რომელიც გაიზიარებდა პრეზიდენტის შენიშვნებს და ბოლოს უხერხულობის გამო, 3, თუ 4 ადამიანი აღმოჩნდა, მათ შორის სხვათაშორის „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არ დაუჭირა მაშინ მხარი, რადგან პრინციპულად იყო სრულიად გაუგებარი მოდელი შემოთავაზებული. პრეზიდენტს არ აქვს საკანონმდებლო ინიციატივის უფლება. რაც შეეხება კერძო კომპანიებთან ურთიერთობას, რას ნიშნავს სამართლიანი ანაზღაურება?! რას გვეუბნებით, ბატონო პრეზიდენტო, რომ სახელმწიფომ, რომელიც საკუთარ უფლებამოსილებას ახორციელებს, ამაში ფული გადაიხადოს?! ის ფულს იხდის იმაში, რაც სჭირდება ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და ინსტიტუციების მუშაობას. როცა ჭკუას გვასწავლით, პირველ რიგში, სახელი დავარქვათ კანონს, რა ქვია სამართლებრივად.ჩვენ ვნახეთ ძალიან ბევრი მოდელი, არც ერთ ქვეყანს არ აქვს ეს მოდელი, ყველა ქვეყანას აქვს სწორედ ძალოვან უწყებებში კონცენტრირებული მომეტებული საფრთხეების გამო ეს სამსახური, რადგანა არსებობს ძალიან მაღალი რისკები. თქვენ შინაარსზე უნდა გველაპარაკოთ, არა მხოლოდ ფორმაზე“,-განაცხადა ეკა ბესელიამ.
შეგახსენებთ, 1 მარტს მიღებული და ხელმოსაწერად წარდგენილი ე.წ. ფარულ მოსმენებთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტს შენიშვნებით 20 მარტს დაუბრუნდა. პლენარულ სხდომაზე სწორედ პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს განიხილავენ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან