22:52 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-14 14:33:24, 1705 ნახვა

საზოგადოება
მეუფე პეტრე კათოლიკოს-პატრიარქს და წმინდა სინოდის მღვდელმთავრებს წერილით მიმართავს

ჭყონდიდის მიტროპოლიტი, მეუფე პეტრე ცაავა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს, წმინდა სინოდის მღვდელმთავრებსა და 9 მარტს გამართული სინოდის სხდომის მდივანს, მიტროპოლიტ შიოს წერილით მიმართავს.

მეუფე წმინდა სინოდის სხდომაზე მის მიმართ მიღებულ გადაწყვეტილებას უსამართლოდ მიიჩნევს.

„მესმის, მძიმე იყო ჯვარი ამა წლის 9 მარტს გამართული წმინდა სინოდის სხდომისა. სინოდის სხდომაზე, რომელიც სამწუხაროდ აღმოჩნდა მიკერძოებული სამართლით, ისევე როგორც საქართველოს ეკლესიის მრავალრიცხოვანი მრევლისა და მორწმუნე საზოგადოებისათვის, ასევე ჩემი სიმდაბლისთვისაც. წარმოუდგენელი და მოულოდნელი იყო, რომ სინოდის სხდომა ისე ჩაივლიდა აქცენტი მხოლოდ ჩემი უღირსებისათვის ესოდენ მკაცრი და უსამართლო განჩინების გამოცხადებით დასრულდებოდა, რაც მდივნის მიერ წაკითხული და ვეჭვობ არა მის მიერ დაწერილი იქნა ყოველივე ეს. ნუთუ დღემდე ეკლესიის დისკრედიტაციის მძიმე ფაქტები არა გვაქვს, ან ჩემგან არ გსმენიათ სინოდის სხდომაზე? ან ჩემს წინააღმდეგ დაწყებული და დაუსაბუთებელი ცილისწამებები ბრალდების სახით თქვენთვის ეკლესიის დისკრედიტაციას არ ნიშნავს? წარმოუდგენელია, სინოდის სხდომა, რომელიც ესოდენ სკანდალური „ციანიდის საქმის“ შემდეგ იქნა ჩანიშნული და ამ განსაცდელზე და არც ამ განსაცდელის გამომწვევ მიზეზებზე არ გამოიკვეთა განსაკუთრებული ინტერესი. ხოლო მამაოს მიერ საპყრობილიდან გამოგზავნილი წერილის წაკითხვა და მოსმენაც არ ჩათვალეთ აუცილებლად, რადგან წინასწარ, თითქოს დაკვეთით, დაწერილი წინადადებით შემოვიფარგლეთ და სრული ნდობა გამოუცხადეთ გამოძიებას, რომელშიც როგორც მე სინოდის წევრი არ გეთანხმებით.

რაც შეეხება ჩემს მიმართ წაყენებული ბრალდების მუხლებს, კარგი იქნებოდა 34 კანონის განმარტება მოგეწოდებინათ საზოგადოებისთვის რომელშიც აშკარა მიკერძოება იკვეთება... ამ კანონში ასევე ვკითხულობთ: პირველმა პირმა არაფერი მოიმოქმედოს სხვებთან შეუთანხმებლად... ანტიოქიის მე-9 კანონი კი დამატებას წარმოადგენს 34 კანონისა, ასევე ტრულის კრების მე-20 კანონი რაც არასდროს დაგვირღვევია და უპირატესობას ყოველთვის ვაღიარებდით კათოლიკოსისა, მის შემავალ სამრევლოში კი არასდროს ჩავრეულვართ. უფრო მეტიც, ტელევიზიის ხელმძღვანელობა გვაძლევდა იმის საშუალებას, თუ ვინ მოგვეწვია სასაუბროდ და ეკრანიდან საქადაგებლად. ბალსამონის განმარტებით, „ნებადართულია სხვა ეპარქიაში მსახურება, თუკი თანხმობა განაცხადა ეპარქიის მმართველმა ეპისკოპოსმა“. დასამტკიცებლად ამისა, ბალსამონს მოჰყავს გრიგოლ ნაზიანზელისა და ეფესოს მიტროპოლიტ იოანეს მაგალითი. შეგახსენებთ, რომ სინოდის წევრის ვალდებულებაა დასმულ შეკითხვებს პასუხი გასცეს, აზრის დაფიქსირების უფლება კი სახარებაზეა დაფუძნებული. ზონარა უფრო მკაფიოდ განმარტავს: „მაგრამ ის არ შესცოდავს, თუკი კითხვით მიმართავს მას ვინმე სხვა ეპარქიიდან და იგი პირადულად უპასუხებს და დამოძღვრავს კიდეც“... ხოლო, 55 კანონით, კლირიკოსში ვის გულისხმობთ? ნუთუ თქვენ, წმინდა სინოდის სხდომის მდივანს, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს, ღვთისმეტყველების დოქტორს, წმინდა ალექსი სენაკელის საფლავის მცველს არ გესმით, რომ ჭყონდიდელი მიტროპოლიტი მსგავს ხარისხსა და ბრალდებას არ ექვემდებარება და მიმართულია განდგომილთადმი. უხერხულია მსგავსი შეცდომის დაშვება...

ხოლო, მეორე მსოფლიო კრების მე-6 კანონი სხვა რამეზე მეტყველებს: „. თუ მბრალდებელი არც მწვალებელია, არც განყენებული ან განკვეთილი, არც ბრალდებული ყოფილა რაიმე დანაშაულში და ეპისკოპოსს საეკლესიო საქმეებში ადანაშაულებს, წმინდა კრება მოითხოვს, რომ პირველ რიგში მან ეს საჩივარი სამთავროს ყველა ეპისკოპოსს წარუდგინოს და პასუხისმგებლობაში მიცემული ეპისკოპოსის მიმართ წარდგენილი ბრალდება თავისი არგუმენტებით განამტკიცოს; თუკი შეკრებილი ეპარქიის ეპისკოპოსები მცდელობის მიუხედავად ვერ შეძლებენ წესრიგის აღდგენას იმ საქმეებთან დაკავშირებით, რაშიც ეპისკოპოსს ბრალი ედება, მაშინ ბრალმდებელმა მიმართოს დიდ სამთავროს ეპისკოპოსთა დიდ კრებას“. ვაღიარებ, რომ არცერთი პროცედურა არ ჩატარებულა და სხდომაც კანონდარღვევით წარიმართა. მიუხედავად სინოდის სხდომაზე ჩემს მიერ მოყვანილი ეკლესიაში არსებული ფაქტებისა, რაზეც მოკვლევა უნდა დაწყებულიყო.

მივესალმებით რჯულის კანონის ამოქმედებას ეკლესიაში არსებულ მრავალრიცხოვან დარღვევათა გამოსასწორებლად, მაგრამ დიდი უსამართლობა იქნება, ეს ყველაფერი დაიწყოს ჩემით და ჩემითვე დასრულდეს, რისი პრეცედენტიც გამოიკვეთა.

რატომ გვიჭირს ვაღიაროთ ის სამწუხარო ფაქტი, რომ ჩვენს ეკლესიაში წმინდა მამათა კანონები დატევებულია და ყოველგვარი სიმკაცრე განდევნილი? ვშიშობ, რომ საეკლესიო საქმენი სრულ არეულობაში არ მოვიდეს, როდესაც ეს გულგრილობა და მიკერძოებულობა ნელ-ნელა თავის გზით წავა და ცუდ შედეგამდე მიგვიყვანს.

ეკლესიის დისკრედიტაციას რომ ემსახურებოდა ჩემი გამოსვლა ეს სრული ცილისწამებაა, რასაც სიმდაბლით ვღებულობ და ვიტოვებ მღვდელმთავრულ ვალდებულებას პასუხი გავცე ყველა ცრუ ბრალდებას. გთხოვთ, მომიტევოთ ჩემი კადნიერებისათვის და ვითხოვ თქვენს მღვდელმთავრულ ლოცვა-კურთხევას და ვიმედოვნებ თქვენს მართლმკვეთელობას!“, - ნათქვამია მეუფე პეტრეს ცერილში, რომელსაც  მარტვილის წმინდა ნინოს მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია თამარ გამყრელიძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე აქვეყნებს.

შეგახსენებთ, სინოდის სხდომის განჩინებაში აღნიშნულია, რომ მიტროპოლიტ პეტრეს განცხადებები ეკლესიის დისკრედიტაციისკენაა მიმართული.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics