|
2017-03-11 14:20:34, 2437 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
კორნელი კაკაჩია: ე.წ გაბუტვის პოლიტიკის წარმოება მმართველი გუნდისთვის წამგებიანი ნაბიჯია
პოლიტოლოგ კორნელი კაკაჩიას განცხადებით, ხელისუფლების თითოეულმა შტომ გარკვეულწილად დამოუკიდებლობა უნდა შეინარჩუნოს იმისათვის, რომ ერთმანეთი დააბალანსონ და აკონტროლონ. კაკაჩიამ „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას მმართველ გუნდსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციას შორის ბოლო პერიოდში გაკეთებული ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადებები შეაფასა და აღნიშნა, რომ კონსტიტუციის გადასინჯვის პროცესში ჩართულობა ყველა მხრიდან მისასალმებელია, იქნება ეს მთავრობა, თუ პრეზიდენტი. მისივე თქმით, „ე.წ გაბუტვის პოლიტიკის წარმოება მმართველი გუნდისთვის წამგებიანი ნაბიჯია“. "თითქოს დასწრებაზე არის ორივე მხარე. ეს მთლიანობაში ხელს არ უწყობს პროცესის ჯანსაღ განვითარებას. ეს არ არის პარტიული კონფლიქტის საკითხი და აქედან გამომდინარე, უფრო კარგი იქნებოდა ერთიანი, კონსოლიდირებული პოზიცია ჰქონოდა როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს ასევე საკონსტიტუციო კომისიას. ჩვენ ეტყობა მაინც ვერ გავცდით ძველ წყენებს და ტოქსიკური ურთიერთობა, რომელიც არის პრეზიდეტსა და მმართველ პარტიას შორის, სამწუხაროდ გაგრძელდა. პროცესი რეალურად ორად გაიხლიჩა და შეჯიბრობითობის პრინციპის სახე მიიღო. პრინციპში ეს დიდი ტრაგედია არ არის. თუმცა, კონსტიტუცია ისეთი საკითხია, რომელიც ყველა პარტიასა და ხელისუფლების ყველა შტოს აერთიანებს, აქედან გამომდინარე უფრო საღი იქნებოდა, რომ არ ყოფილიყო ასეთი დაყოფა. მიუღებელია ის, რომ მმართველი პარტიიდან პრეზიდენტის შეხვედრაზე არ მოვიდნენ, იმიტომ, რომ ასეთი ჯიბრში დგომა მემგონი არავის არაფერს არ აძლევს. მითუმეტეს კონსტიტუცია არ არის პარტიული საკითხი, სადაც ვინმეს შეიძლება რამე განსხვავებული აზრი ჰქონოდა. მთლიანობაში ე.წ გაბუტვის პოლიტიკის წარმოება მმართველი გუნდისთვის წამგებიანი ნაბიჯია", - აღნიშნა კორნელი კაკაჩიამ. კითხვაზე - ხელისუფლებასა და ქვეყნის პრეზიდენტს შორის მუდმივი ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადებები, ხომ არ ნიშნავს, იმას რომ მმართველი გუნდი არა პრეზიდენტის ინსტიტუტს არამედ უშუალოდ გიორგი მარგველაშვილს უპირისპირდება, კაკაჩიამ აღნიშნა, რომ ძირითადი პრობლემა სწორედ ეს არის. "ჯერ კიდევ ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში იყო, სწორედ იქიდან დაიწყო, რომ მათ აქვთ პიროვნული შეუთავსებლობა, გარკვეული წყენა გიორგი მარგველაშვილისადმი. მათი მოლოდინი, რომ ის იქნებოდა პარტიიდან არჩეული, მათი მორჩილი და ნების გამტარებელი საპრეზიდენტო ინსტიტუტში, რეალურად არ გამართლდა და ამან ბუნებრივია გარკვეული წყენა გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილი ჩამოშორდა ხელისუფლებას, წყენა მმართველ ძალას მემკვიდრეობით გაჰყვა და მიუხედავად იმისა, რომ უკვე მეორე პარლამენტია და მისი შემადგენლობა ნაწილობრივ შეიცვალა, ტოქსიკური მემკვიდრეობა დარჩა. დარწმუნებული ვარ, აქ რომ ყოფილიყო ისეთი პიროვნება, რომელიც მათი პარტიის მხარდამჭერი იქნებოდა დღემდე, მგონი ეს საკითხი არც დადგებოდა დღის წესრიგში. შესაძლოა არ დამდგარიყო იმ კონსტიტუციური ცვლილებების შესახებ საკითხიც რაზეც საუბრობს უმრავლესობა. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ცვლილებები არის პიროვნებაზე მორგებული მიდგომა და არა ინსტიტუციონალური ხედვა. მომავალ არჩევნებში "ქართული ოცნებიდან" თუ გაიმარჯვებს კანდიდატი, არ გამოვრიცხავ მათ პოზიცია შეცვალონ", - განაცხადა კაკაჩიამ. ექსპერტის თქმით, ხელისუფლების კონსოლიდაციის პროცესი მიმდინარეობს და მმართველი ძალა ცდილობს დაიმორჩილოს, კონტროლი დაამყაროს იმ შტოებზე, რომელსაც ვერ აკონტროლებს . "ამ დროს ეს შეცდომაა, იმიტომ რომ ზუსტად ამავე მეთოდებს მიმართავდა ყველა ხელისუფლება საქართველოში და საბოლოოდ ეს ცუდად მთავრდებოდა. საჭიროა, რომ თითოეულმა შტომ გარკვეულწილად შეინარჩუნოს დამოუკიდებლობა, იმისთვის, რომ ერთმანეთი დააბალანსონ და აკონტროლონ", - აღნიშნა პოლიტოლოგმა. ცნობისთვის, პრეზიდენტის რეზიდენციაში გუშინ კამპანიის „კონსტიტუცია ყველასია“ პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას კონსტიტუციონალისტები, საკონსტიტუციო კომისიის წევრები, პოლიტიკური პარტიები, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები, დიპლომატიური კორპუსი, მედიის წარმომადგენლები და ახალგაზრდები დაესწრნენ. ღონისძიებაში მონაწილეობას არ იღებს საპარლამენტო უმრავლესობა. მათ აღნიშნულის მიზეზად პარლამენტში მიმდინარე პლენარული სხდომა დაასახელეს.
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
9 აპრილის მემორიალთან დაკავებულ მოქალაქეს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაშიზელენსკიმ „აღდგომის ზავის“ ფარგლებში ცეცხლის შეწყვეტის მზადყოფნა გამოაცხადა
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)