12:25 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-10 09:51:04, 1763 ნახვა

სხვადასხვა
დავით ქაჯაია: იმედი მაქვს, წელს უფრო მაღლა ავაფრიალებ საქართველოს დროშას

შსს-ს სპორტულ კლუბ „MIA Force“'-ის წევრი, ევროპის ჩემპიონი დავით ქაჯაია  ბაჰრეინის საერთაშორისო ტრეკზე ჩემპიონატის ჟიურთა კოლეგიამ სეზონის პირველივე “ფან ევარდის” ერთ-ერთ კანდიდატურად დაასახელა.
ძარიანი ავტომობილებით რბოლის საერთაშორისო ჩემპიონატის - TCR international-ის 2017 წლის სეზონის გახსნა საქართველოში, რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე 2 აპრილს გაიმართება. ჩემპიონატის პირველ ეტაპში მონაწილეობას 15-ზე მეტი ქვეყნის 25-მდე წარმომადგენელი მიიღებს.
საერთაშორისო ჩემპიონატი TCR International მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ავტოდრომებზე მთელი წლის განმავლობაში იმართება. ტურნირს რამდენიმე მილიონი გულშემატკივარი ჰყავს და წამყვან სპორტულ არხებზე გადაიცემა.
დათა ქაჯაია TCR International-ზე ახალი ავტომობილით იასპარეზებს. ქართველი ავტომრბოლელი ჩემპიონატის 2017 წლის სეზონზე „ალფა რომეოს“ მარკის მანქანით გამოვა. სპორტსმენმა TCR ახლო აღმოსავლეთის ეტაპზე ახალი ავტომობილით უკვე იასპარეზა და ორივე რბოლა მე-2 ადგილზე დაასრულა. გთავაზობთ ინტერვიუს დავით ქაჯაიასთან.

გვითხარით კლუბ „MIA Force“ -ს შესახებ, თქვენი წარმატება ამ კლუბში.

კლუბი არის შსს მომსახურების სააგენტოს სპორტული კლუბი, იგი 4 ავტომრბოლელს აერთიანებს, რომლებიც სხვადასხვა კლასებში ასპარეზობენ და წარმატებული მრბოლელები არიან, ერთ-ერთი მათგანი ვარ. ამ კლუბიდან გავედი საერთაშორისო ასპარეზზე 2012 წელს და 4-ჯერ მოვიპოვე ევროპის ჩემპიონის ტიტული, ხოლო შარშან მონაწილეობა მივიღე მსოფლიო სერიაშიც. 

2 აპრილს საერთაშორისო ჩემპიონატი TCR international გაიმართება საქართველოში, რატომ არის ეს მოვლენა მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის?

TCR international ეს არის მსოფლიო ჩემპიონატი ძარიან ავტომობილებში, სადაც შარშან ვმონაწილეობდი და ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა საქართველომ იასპარეზა ამ დონის ტურნირზე ავტოსპორტის ისტორიაში. წელს კი შსს-ს დიდი ჩართულობით და მონაწილეობით გამართული მოლაპარაკებების შედეგად ამ ჩემპიონატის პირველივე ეტაპი და საზეიმო გახსნის ცერემონია საქართველოში, რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე 1-2 აპრილს გაიმართება, რაც არა მარტო ქართული ავტოსპორტის, მთლიანად საქართველოს ტურისტული პოტენციალის განვითარებისათვის ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა.

TCR international -ში თქვენც ასპარეზობთ. როგორ მიდის მზადების პროცესი?

დიახ, წელსაც ვიღებ მონაწილეობას ამ სერიაში, ახალ გუნდთან ერთად, ახალი მანქანით. შესაბამისად პირველად მექნება შეხება „ალფა რომეოსთან“. ამიტომ მანქანასთან შესაგუებლად ვმონაწილეობTCR-ის ახლო აღმოსავლეთის რამდენიმე ეტაპზე. მანქანამ საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე, თუმცა წელს მანქანა მაინც სატესტო რეჟიმშია და ეტაპიდან ეტაპამდე იხვეწება. დიდი იმედი მაქვს ტექნიკური გუნდის, რომლებიც პროფესიონალებით არის დაკომპლექტებული და ძალიან მოტივირებულია მივაღწიოთ მაქსიმალურ შედეგს.

თუ გაქვთ ასპარეზობაში გამარჯვების იმედი, რამდენად რეალურია რომ გამარჯვება ჩვენს ქვეყანას დარჩეს?

დღეს ეს არის ჩემი მიზანი. ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემს მაქსიმუმს  გამოვიყენებ, და თუკი ერთი მხრივ ტექნიკურმა მხარემ და მეორე მხრივ იღბალმაც არ გვიღალატა, იმედი მაქვს შარშანდელთან შედარებით წელს უფრო მაღალ საფეხურზე ავაფრიალებ საქართველოს დროშას. 

მოგვიყევით თქვენზე,  რამდენი ხანია ასპარეზობთ ?

ქართული ავტოსპორტის განვითარების პირველივე დღეებიდან ვარ ამ სპორტში ჩართული. 2007 წლიდან მონაწილეობას ვიღებ ადგილობრივ ჩემპიონატებში სხვადასხვა კლასებში, ვარ სხვადასხვა ეტაპების და ტურნირების გამარჯვებული. ასევე 2012 წლიდან პარალელურად გამოვდივარ საერთაშორისო ასპარეზზე.

რა არის წარმატების მწვერვალი რომლის მიღწევაც გინდათ?

ამ ეტაპზე მაქვს ერთ კონკრეტული ოცნება - გავხდე მსოფლიო ჩემპიონი ტურინგის კლასში. 
როდის დაიწყო თქვენი სიყვარული ავტომობილებისადმი?    
შემიძლია ვთქვა, ადრეული ბავშვობიდან, ანუ მთელი ჩემი გაცნობიერებული ცხოვრების მანძილზე მაქვს ინტერესი ავტომობილების მიმართ, თან ეს ინტერესი ისეთი ძლიერია ამ დრომდე ვერაფერმა სხვამ ვერ დაჩრდილა. 
 

რა შეგიძლიათ უთხრათ ჩვენს მკითხველს რამდენად მნიშვნელოვანია მოძრაობის წესების დაცვა?

მოძრაობის წესების დაცვა არის უდიდესი მნიშვნელობის. ეს არ არის მხოლოდ კანონმორჩილება და წესების არ დარღვევა კონკრეტული ჯარიმის შიშით. ეს არის თითოეული ჩვენგანის, ჩვენი მომავალი თაობის და ჩვენი უსაფრთხო მომავლის დაცვა. მოვუწოდებ ყველას კარგად გააცნობიერონ, რა შეიძლება მოყვეს ერთი მხრივ თუნდაც ერთი შეხედვით ელემენტარული წესის უგულვებელყოფას, და მეორე მხრივ რა შეიძლება მოყვეს ყველას მხრიდან საგზაო მოძრაობის წესების დაცვას. ნუ ვიქნებით „ზემოხერხებულები“ და სხვებზე „ჭკვიანები“ ქალაქში, დავუთმოთ ერთმანეთს და  ვიყოთ უფრო პოზიტიურები. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დააკავეს არასრულწლოვანი, რომელმაც 32 წლის კაცს დანით მრავლობით ჭრილობები მიაყენა და ადგილიდან მიიმალა
საიტზე გამოქვეყნებული ჯარში გაწვევის უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება - უცხოეთში მყოფი წვევამდელი ვალდებული იქნება დაბრუნდეს
შსს 24-საათიანი პროტესტის უფლებას არ გვაძლევს – დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები
ტრამპი ირანს - გახსენით ორმუზის სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ იცხოვრებთ ჯოჯოხეთში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics