|
2017-03-04 12:34:10, 2359 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ირაკლი კობახიძე: პრეზიდენტის განცხადება საკონსტიტუციო კომისიის დისკრედიტაციის შეგნებული მცდელობაა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებით, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა. კობახიძემ პრეზიდენტი არაკორექტულობაში დაადანაშაულა და მისი განცხადება საკონსტიტუციო კომისიის დისკრედიტაციისა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობად შეაფასა. „პირველ რიგში, ეს არის სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის დისკრედიტაციის სრულიად შეგნებული მცდელობა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა. სხვა შეფასება მე არ შემიძლია მივცე პრეზიდენტის ამ განცხადებას. ჩვენ ყველამ ვიცით, რა ტიპის განხილვა გვაქვს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში და ერთ-ერთი მთავარი საფუძველი იმისა, რომ ჩვენი მხრიდან გაჟღერდა პოზიცია პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით, ეფუძნებოდა იმას, რომ სუბიექტურ მოსაზრებებზე არ ყოფილიყო დაფუძნებული არც ერთი გადაწყვეტილება. ამ მოსაზრებიდან გამომდინარე, ჩვენ განვაცხადეთ, რომ ჩვენი პოზიციის თანახმად, შემდეგი საპრეზიდენტო არჩევნები უნდა ჩატარებულიყო პირდაპირი წესით და ამის შემდეგ უნდა გადავსულიყავით სხვა ტიპის არჩევნებზე. რაც შეეხება სტატუსს, პრეზიდენტის სტატუსს ჩვენ არ ვეხებით. ამასთან დაკავშირებითაც პრაქტიკულად არის შეთანხმება მიღწეული საკონსტიტუციო კომისიაში“, - აღნიშნა კობახიძემ. პარლამენტის თავმჯდომარემ პრეზიდენტის უფლებამოსილებებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ამ კუთხით ცვლილებები მინიმალურია: „რაც შეეხება პრეზიდენტის უფლებამოსილებებს, აქაც პრაქტიკულად მინიმალურია ცვლილებები, რომელიც შეიძლება განხორციელდეს. იმდენად არის შეზღუდული დღეს პრეზიდენტის უფლებამოსილებები 2010 წლის ცვლილებების საფუძველზე, რომ სულ რო მიზანი გვქონდეს დამატებით ვერანაირ ცვლილებას ვერ განვახორციელებთ პრეზიდენტის უფლებამოსილების შეკვეცის თვალსაზრისით. აქედან გამომდინარე, ის განცხადება, რომ თითქოს კომისიის მიზანი ერთადერთი მიზანი არის ერთი კონკრეტული პოლიტიკოსის უფლებამოსილებების შეზღუდვა თუ რაიმე ამდაგვარი, ეს არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანის სრულიად აშკარა მცდელობა და ჩვენ საქმე გვაქვს კომისიის დისკრედიტაციის შეგნებულ მცდელობასთან. არ შეიძლება საზოგადოება მოვატყუოთ ასეთი ფორმით“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. იგი პრეზიდენტის იმ განცხადებასაც გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, საზოგადოების აქტიურობის შედეგად, „მიზანი, პრეზიდენტის არჩევის წესი წაერთვათ ხალხისაგან, არ იქნა მიღწეული“. „რაც შეეხება იმას, რომ თითქოს პრეზიდენტის დახმარებით ჩვენ იძულებულები გავხდით, საზოგადოებამ გვაიძულა, რომ გადავსულიყავით არაპირდაპირი არჩევნების წესზე მხოლოდ მას შემდეგ, რაც მომავალ წელს პირდაპირი არჩევნები ჩატარდებოდა, აქ სრულიად სხვა მოვლენებთან გვაქვს საქმე. კიდევ ერთხელ, ჩვენ ანგარიში გავუწიეთ ძალიან ბევრ რამეს. სისტემური მიდგომიდან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ უმჯობესია, საქართველოს პრეზიდენტის არაპირდაპირ არჩევაზე გადავიდეთ. ეს ეფუძნება იმ სისტემის საერთო ხედვას, რომელიც წარმოვადგინეთ ჩვენი პოზიციიდან. ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ჩვენ ეს პოზიცია წარმოვადგინეთ, ჯერ პირდაპირი და შემდეგ არაპირდაპირი არჩევნები, იყო ის, რომ მათ შორის, ჩვენ პრეზიდენტის პოზიციასაც გავუწიეთ ანგარიში. პრეზიდენტის პოზიცია იყო ის, რომ მისი შეხედულებით, ჯობდა ჩვენ მომავალ წელს არ გაგვეუქმებინა პირდაპირი არჩევნები. ჩვენ გავუწიეთ ანგარიში პრეზიდენტის ამ პოზიციასაც და ესეც იყო საფუძველი იმისა, რომ არჩევანი შევაჩერეთ ორსაფეხურიან რეფორმაზე. თუ პრეზიდენტი გააგრძელებს არაკორექტული განცხადებების კეთებას, ამ შემთხვევაში, შეიძლება ვიფიქროთ ჩვენი პოზიციის გადახედვაზე და შეიძლება ვიფიქროთ იმაზე, რომ პირდაპირი არჩევნები არ ჩავატაროთ მომავალ წელს და პირდაპირ გადავიდეთ არაპირდაპირ არჩევნებზე. სხვა განცხადების გაკეთება მე პრეზიდენტის ამ არაკორექტულ განცხადებასთან დაკავშირებით უბრალოდ არ შემეძლო“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე საკონსიტუციო კომისიის საქმიანობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ რა გადაწყვეტილებებისკენაც მიდის კომისია პრეზიდენტის არჩევის საკითხზე, მისთვის დასანანია.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაშიზელენსკიმ „აღდგომის ზავის“ ფარგლებში ცეცხლის შეწყვეტის მზადყოფნა გამოაცხადა
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)