13:56 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-02 10:39:15, 1367 ნახვა

საზოგადოება
უძრავი ქონების ამონაწერის შესახებ ინფორმაცია უკვე ბლოკჩეინშია

უძრავ  ქონებაზე ამონაწერის შესახებ ინფორმაცია ბლოკჩეინ სისტემაში აისახება.  

საჯარო რეესტრის ინფორმაციით, იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ  ელექტრონულ პროგრამებში შესაბამისი  ცვლილებები რეალურ რეჟიმში უკვე აამოქმედა. 

მათივე ცნობით, 2017 წლის 20 თებერვლიდან ნებისმიერ უძრავ ქონებაზე ამონაწერის შესახებ ინფორმაცია ბლოკჩეინის სისტემაში ავტომატურად იგზავნება. 

 ბლოკჩეინში მოხვედრილი მონაცმების  წაშლა,  შეცვლა,  გადაწერა თუ უკანონო მანიპულირება შეუძლებელია. 

აღნიშნული სიახლე საჯარო რეესტრის მხრიდან ამონაწერის ჰეშირებას ითვალისწინებს.  ჰეში სიმბოლოების წყობაა, რომელიც თითოეული დოკუმენტისთვის უნიკალურია.  

ამონაწერის უტყუარობას ბლოკჩეინსა  და  საჯარო რეესტრის ვებგვერდებზე არსებული ჰეშების იდენტურობა მოწმობს.      შესაბამისად,  ბლოკჩეინის მეშვეობით, საჯარო რეესტრი უძრავი ქონების შესახებ ინფორმაციას კიდევ უფრო მეტად დაცულს,  მსოფლიო მასშტაბით ხელმისაწვდომსა  და გამჭვირვალეს გახდის.  

ბლოკჩეინის ქსელში უძრავ ქონებაზე ამონაწერის ნამდვილობის გადამოწმება ნებისმიერ მოქალაქეს სპეციალურ ვებგვერდებზე: www.blockchain.info, www.blocktrail.com, www.btc.com შეუძლია.

აღნიშნული  სიახლე მიმდინარე სარეგისტრაციო ტრანზაქციებზე ვრცელდება და მოქალაქისთვის დამატებითი საფასურის გადახდას არ ითვალისწინებს.    

ძველი, ანუ 2017 წლის 20 თებერვლამდე მომზადებული ამონაწერების  ბლოკჩეინში ასახვა მხოლოდ ამონაწერის განახლების შემთხვევაშია შესაძლებელი. განახლებული ამონაწერის შესახებ ინფორმაცია, ავტომატურ რეჟიმში, ბლოკჩეინის გლობალურ ქსელში აისახება.  მოქალაქეებს ამონაწერის განახლება შეუძლიათ ინტერნეტით, ასევე საჯარო რეესტრის ტერიტორიულ სამსახურებში,  იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში. 

ბლოკჩეინი   მონაცემთა დეცენტრალიზებული ბაზაა. ტრადიციული მონაცემთა ბაზებისგან განსხვავებით,  იგი დაცულია როგორც კიბერშეტევებისგან, ისე ფიზიკური განადგურებისგან, რადგან მასში არსებული ჩანაწერები  არაერთ კონკრეტულ ადგილას, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ათიათასობით კომპიუტერში ინახება. რომელიმე მონაცემში საეჭვო მანიპულაციის  ნებისმიერ მცდელობას ქსელის ყველა კომპიუტერი ავტომატურ რეჟიმში ბლოკავს. 

საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელიც  ბლოკჩეინის ტექნოლოგიურ მიღწევას  უძრავი ქონების რეგისტრაციისას  იყენებს. 

სარეგისტრაციო   სერვისების   ბლოკჩეინში ინტეგრირების სამუშაოები 2016 წლიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც საჯარო რეესტრის საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარებული ინფრასტრუქტურით, ასევე, მსოფლიო ბანკის ბიზნესის წარმოების რეიტინგში (Doing Business) საქართველოს  წამყვანი პოზიციით კომპანია BitFury Group დაინტერესდა.  

“ბიტფური ჯგუფთან“ თანამშრომლობის პირველი ფაზა უძრავი ქონების რეგისტრაციის ბლოკჩეინ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული სისტემის საცდელი პროექტის შემუშავებას და  პროექტის რეალურ რეჟიმში ამოქმედებისთვის საჭირო  ტექნიკურ თუ სხვა მოსამზადებელ სამუშაოებს ითვალისწინებდა, რაც წარმატებით დასრულდა.  

2017 წლიდან  საჯარო რეესტრი ბლოკჩეინის დანერგვის მეორე ეტაპზე  გადავიდა, რაც, როგორც უძრავ ქონებაზე ამონაწერის შესახებ ინფორმაციის რეალურ რეჟიმში ამოქმედებას, ბიზნესის რეგისტრაციის საცდელი პროექტის  და სმარტ კონტრაქტების დანერგვას  ითვალისწინებს. 

(NS) 









ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში ჯაზის მსოფლიო დღე აღინიშნა
ფასების კომისიის მილიონერი თავმჯდომარე - რეგიონებში დისტრიბუციის ცენტრები უნდა შეიქმნას
TI: დამოუკიდებელი მედია ივანიშვილის რეჟიმის სამიზნეა
ივანიშვილის ფასების კომისიამ დასკვნა გამოაქვეყნა, სიძვირის მიზეზებზე მილიონერმა დეპუტატმა ისაუბრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics