04:22 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-01 13:53:10, 1807 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტმა ე.წ. მოსმენებთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი მესამე მოსმენით დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი მესამე მოსმენით დაამტკიცა.

კანონპროექტს მხარი 87-მა დეპუტატმა დაუჭირა, 2 კი, წინააღმდეგი იყო.

მიღებული საკანონმდებლო პაკეტის მთავარი სიახლე სსიპ-ის - ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შექმნაა, რომელიც სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში ჩამოყალიბდება. ფარული მოსმენა-მიყურადების ექსკლუზიური უფლებამოსილება სწორედ ამ სააგენტოს ექნება.

კერძოდ, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ კანონპროექტი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შექმნას ითვალისწინებს, განსაზღვრავს მის სტატუსს, საქმიანობის ძირითად პრინციპებს, ფუნქციებსა და უფლებამოსილებებს.

სააგენტოს ამოცანად კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლებამოსილი ორგანოს მიმართვის საფუძველზე, სპეციალური ტექნოლოგიური საშუალებების გამოყენებით, ფარული მეთოდებით საქართველოს კონსტიტუციური წყობილების, სუვერენიტეტის, თავდაცვისუნარიანობის, ტერიტორიული მთლიანობის, მართლწესრიგის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებათა შესახებ ინფორმაციის და სისხლის სამართლის საქმეზე ფაქტობრივი მონაცემების მოპოვება განისაზღვრება. აღნიშნული მიზნებისთვის უფლებამოსილი ორგანოს მიმართვის საფუძველზე სააგენტო სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული ცალკეულ ფარულ საგამოძიებო მოქმედებებს, სტრატეგიული და ინდივიდუალური მონიტორინგის ღონისძიებებს განახორციელებს.

პროექტით, ფარული მეთვალყურეობის ღონისძიებების განხორციელების წესი და საფუძველი განისაზღვრება. წესრიგდება სააგენტოს მატერიალულ-ტექნიკურ უზრუნველყოფასთან, მისი საქმიანობის კონტროლისა და ზედამხედველობის ფორმებთან დაკავშირებული საკითხები.

კანონპროექტით „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შესახებ“ სსიპ ოპერატიულ–ტექნიკური სააგენტო განისაზღვრება ისეთი ფარული საგამოძიებო მოქმედებების ექსკლუზიურად განმახორციელებელ ორგანოდ, როგორებიცაა სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადება და ჩაწერა, ინფორმაციის მოხსნა და ფიქსაცია კავშირგაბმულობის არხიდან, კომპიუტერული სისტემიდან, ასევე ამ მიზნით კომპიუტერულ სისტემაში შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებების ინსტალაცია, გეოლოკაციის რეალურ დროში განსაზღვრა, საფოსტო–სატელეგრაფო გზავნილის (დიპლომატიური ფოსტის გარდა) კონტროლი.

კანონპროექტით განისაზღვრება ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით პროკურორის შუამდგომლობის მოსამართლის მიერ განხილვის წესი.

„კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შესახებ კანონპროექტით განისაზღვრება ახალი ტერმინები, როგორიცაა ელექტრონული თვალთვალის ობიექტის ტექნიკური იდენტიფიკატორი, ელექტრონული თვალთვალის ობიექტი, მომხმარებლის, აგრეთვე, ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემი, კონტროლის ელექტრონული სისტემა.

კანონპროექტით „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ წესრიგდება სატელეფონო საუბრის ფარული მიყურადების და ჩაწერის ფარული საგამოძიებო მოქმედების პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მიერ კონტროლის მიზნით ელექტრონული სისტემის გამოყენების საკითხი.

კანონპროექტით „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ ოპერატიულ–სამძებრო ღონისძიების სახეებს გეოლოკაციის რეალურ დროში განსაზღვრა ემატება.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებით უფლებამოსილი ორგანოს მიერ კომუნიკაციის რეალურ დროში მოპოვების სტაციონარული ან ნახევრადსტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობის გამოყენებით წესი განისაზღვრება.

კანონის პროექტში „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, ძირითადად, ტექნიკური საკითხები ჩასწორდა.

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტის მიხედვით საჯარო სამსახურის შესახებ კანონის მოქმედება გავრცელდება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემის მოსამსახურეზე, თუ სპეციალური კანონმდებლობით ან მის საფუძველზე სხვა რამ არ არის დადგენილი. მოქმედი რედაქციისგან განსხვავებით, აღნიშნული ჩანაწერი, ასევე, უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ–ის თანამშრომლებს მოიცავს.

ცვლილება „საქართველოს კანონში „თავისუფლების ქარტია“ ითვალისწინებს თანამდებობრივ შეზღუდვებთან დაკავშირებული დათქმის გავრცელებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემის ოპერატიული დანაყოფების მოსამსახურეებზე.

„საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტის თანახმად, თავშესაფრის მაძიებელს უფლება აქვს, საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვის პერიოდში, მიმღებ ცენტრში დარჩეს გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფება.

კანონპროექტით „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ ლიცენზიების სახეთა ჩამონათვალს დაემატება ელექტრონული კომუნიკაციების მონიტორინგის სისტემების დამზადების, იმპორტის ან ექსპორტის ლიცენზია.

„ნდობის ჯგუფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტის მიხედვით სსიპ – ოპერატიულ–ტექნიკური სააგენტო ყოველწლიურად წარუდგენს ნდობის ჯგუფს სტატისტიკურ და მის მიერ გაწეული საქმიანობის განზოგადებულ ანგარიშს. შესაბამისად, კანონში აისახება, რომ ნდობის ჯგუფი შეიძლება შეიქმნას აღნიშნულის კონტროლის მიზნით.

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ტექნიკური სახის ცვლილება შევა, მთავრობის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული დაწესებულების ხელმძღვანელის ნორმატიული აქტი შეიძლება გამოიცეს საქართველოს საკანონმდებლო აქტით და საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებსა და ფარგლებში.

კანონპროექტში „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ძირითადად ტექნიკური სახის ცვლილება შედის. იმ საქმიანობათა ჩამონათვალს, რომელიც არ ჩაითვლება სამეწარმეო საქმიანობის კონტროლად, ემატება ოპერატიულ–ტექნიკური სააგენტოს მიერ განხორციელებული საინფორმაციო და სატელეკომუნიკაციო სისტემების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ინფორმაციული ტექნოლოგიების (სისტემების) აუდიტის ჩატარება.

კანონპროექტი „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ელექტრონული კომუნიკაციების მონიტორინგის სისტემების დამზადების, იმპორტის ან ექსპორტის ლიცენზიისთვის განსაზღვრავს სალიცენზიო მოსაკრებლის განაკვეთს 200 ლარის ოდენობით.

„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ ცვლილებით უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ან მისი მოადგილე წელიწადში ერთხელ პარლამეტს წარუდგენს სამსახურის მიერ წინა წელს გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშს, არაუგვიანეს 15 აპრილისა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics