|
2017-02-25 16:45:39, 1763 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი: როდესაც ქვეყანა ოკუპირებულია, მნიშვნელოვანია, შევთანხმდეთ უსაფრთხოების ერთიან ხედვაზე
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანთან დავით რაქვიაშვილთან ერთად ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხთან დაკავშირებით საზოგადოების წარმომადგენელებს შეხვდა. პრეზიდენტმა საქართველოს ყველა რეგიონიდან მოწვეული საზოგადოების წარმომადგენლებს საკუთარი ხედვა გაუზიარა და ეროვნული უშიშროების საკითხებზე ფართო საზოგადოებასთან კონსულტაციების პროცესის დაწყების ინიციატივით გამოვიდა. გიორგი მარგველაშვილმა მიმართვაში ხაზგასმით ისაუბრა ეროვნული უსაფრთხოების სისტემის ახლებური მიდგომების და ერთიანი ეროვნული სტრატეგიის შემუშავების აუცილებლობაზე. ამ ხედვის შესაბამისად, პრეზიდენტმა დაავალა უშიშროების საბჭოს აპარატს დაიწყოს ფართო საზოგადოებრივი კონსულტაციები, რათა საზოგადოებასთან ერთად ჩამოყალიბდეს, რა არის ეროვნული უსაფრთხოების ამოცანები, როგორ მივაღწიოთ იმ მიზნებს, რომელზეც საზოგადოებრივი კონსენსუსი არსებობს. „დღეს როდესაც ჩვენი ქვეყანა ოკუპირებულია და არის მცდელობები ნაბიჯები გადაიდგას კიდევ უფრო შორს, მისი ანექსიისკენ, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ ვითათბიროთ, გავერთიანდეთ და შევთანხმდეთ ქვეყნის უსაფრთხოების ერთიან ხედვამდე. დაცული მოქალაქე, დაცული საზოგადოება, დაცული სახელმწიფო - ამ პარადიგმით ვმოქმედებთ ჩვენ და ამ პარადიგმის გაღრმავება გვინდა ჩვენი სახელმწიფოებრიობის დაცვის მიმართულებით. სახელმწიფოს უსაფრთხოება იწყება იმ განცდიდან, რომელიც აერთიანებს საზოგადოებას საკუთარი მიწა-წყლის, მაგრამ არამხოლოდ საკუთარი ცხოვრების წესის დაცვაში. ეს არის მზაობა დაიცვა, როგორც შენი ტერიტორია, ასევე დაიცვა ის ცხოვრების წესი, რომლის დათმობაც შენთვის შეუძლებელია. ეს თანხმობაა საზოგადოებაში იმის ირგვლივ, რომ სხვანაირად ცხოვრება ჩვენთვის მიუღებელია. ეს თანხმობა არის ის, რაც ქმნის ერთიან საზოგადოებას, ერთიან მდგრადობას და უნარს შევეწინააღმდეგოთ დაპყრობის ნებისმიერ ფორმას. ამ საზოგადოებრივ თანხმობას, ამ თანხმობას თავისუფალი ადამიანებისა, რომელსაც ჩვენც და ჩვენი წინაპრებიც ემსახურებოდნენ ახორციელებს სახელმწიფო მექანიზმი, ახორციელებს სახელმწიფო ყველა თავისი ინსტიტუტით, არამხოლოდ შეიარაღებული ძალებით, ბუნებრივია, არამედ ყველა პოლიტიკური, ლეგიტიმური ინსტიტუტით, რომლის მეშვეობითაც სახელმწიფო ამუშავებს ერთიან ქვეყანას. ერთი მხრივ, შეიარაღებული ძალები, ხოლო მეორე მხრივ, სახელმწიფო ინსტიტუტები უნდა გაერთიანდნენ იმ ერთი მდგრადობის ირგვლივ, რომელმაც ჩვენი ქვეყანა კიდევ უფრო თავდაცვისუნარიანი უნდა გახადოს. ქართულ შეიარაღებულ ძალებში, თავდაცვის სამინისტროში მიმდინარეობს რეფორმები. საერთაშორისო პარტნიორებთან კოორდინირებული მოქმედებით, ბევრად უფრო იზრდება როგორც ქვეყნის შეიარაღებული ძალების მდგრადობა, ასევე ჩვენი მოქმედებების არეალი საერთაშორისო პოლიტიკურ სიბრტყეებში. შეიარაღებული ძალები არ არის მხოლოდ ქვეყნის თავდაცვის ერთადერთი ფორმა, არამედ ყველა საზოგადოებრივ -პოლიტიკური ინსტიტუტი უნდა იყოს თანხმობაში, თუ როგორ დავიცვათ ჩვენი ქვეყანა. მათ შორის, შეიარაღებული ძალებიც მოქმედებენ ამ ერთიანი მხარდაჭერის, გაერთიანებული საზოგადოების მხარდაჭერის ფონზე და, მაშინ არის მათი მოქმედება ეფექტიანი და შედეგიანი. შესაბამისად, დისკუსია, რომელსაც ჩვენ ვიწყებთ, დისკუსია, რომლის ფარგლებშიც ჩვენ შევეცდებით ერთმანეთს გავუზიაროთ რანაირად და როგორ გაერთიანდეს საზოგადოებრივ -პოლიტიკური რესურსი, შეიარაღებული რესურსი ერთიან ძალიან მდგრად სისტემაში, რომელიც ნებისმიერ მტერს აფიქრებინებს, ღირს თუ არა საქართველოს წინააღმდეგ ნაბიჯების გადადგმა, არის ის, რის თაობაზეც მე მოგიწვიეთ სასაუბროდ და სათათბიროდ. ბუნებრივია, ეს დისკუსია არ და ვერ იქნება ჩაკეტილი მხოლოდ თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ექსპერტებისა და განათლებულ ხალხს შორის. ეს დისკუსია უნდა იყოს საჯარო და მასში უნდა გაერთიანდეს როგორც ექსპერტიზა და ცოდნა, ასევე ის დამოკიდებულება, რომელმაც სახელმწიფო უნდა შეკრას ერთიანი და მდგრადი ფრონტით. შესაბამისად, დისკუსია გაგრძელდება ყველა სიბრტყეში - რეგიონებში, დედაქალაქში; დისკუსია გაგრძელდება ამ სფეროს ექსპერტებთან, მაგრამ ამავე დროს მიზანი იქნება, რომ ყველა ერთად მივიდეთ იმ თანხმობამდე, რომელიც საქართველოს, მის მოსახლეობას ერთიანი თავდაცვის, ერთიანი უსაფრთხოების დარგში გააერთიანებს", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. დღევანდელ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ ასევე, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი და საქართველოს სტრატეგიული და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის წარმომადგენელი ნოდარ ხარშილაძე და საქართველოს მედია მონიტორინგის ცენტრის ხელმძღვანელი ია მამალაძე.
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)