06:53 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-21 16:21:23, 1140 ნახვა

საზოგადოება
სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლის კანდიდატურების შესარჩევად ახალი კონკურსი ცხადდება

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლის კანდიდატურების შესარჩევად დღეიდან კონკურსი ცხადდება. 

როგორც "ექსპრესნიუსს" იუსტიციის სამინისტროდან აცნობეს, მასში მონაწილეობის მიღება  30 წლიდან 65 წლამდე ასაკის საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეებს შეუძლიათ,  რომლებიც სრულყოფილად ფლობენ საქართველოს სახელმწიფო ენას, ევროპის საბჭოს ერთ-ერთ ოფიციალურ ენას (ინგლისური ან ფრანგული),  ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას, შესაბამის პრეცედენტულ სამართალს და აქვთ ამ სფეროში მუშაობის გამოცდილება, საერთაშორისო საჯარო სამართლის პრინციპებსა და საქართველოს  კანონმდებლობას.

უწყების ინფორმაციით, კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს მაღალი სამოსამართლო თანამდებობის დასაკავებლად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს ან უნდა იყოს კომპეტენტური და აღიარებული სამართალმცოდნე; ჰქონდეს პროფესიით მუშაობის არანაკლებ ხუთწლიანი გამოცდილება და მაღალი მორალური და პროფესიული რეპუტაცია. საბუთებისა და განაცხადების მიღება 2017 წლის 14 მარტამდე გაგრძელდება.

შემოსული განაცხადებიდან სამ კანდიდატურას სპეციალური სამთავრობო კომისია შეარჩევს, რომლის შემადგენლობაში იქნებიან: საქართველოს იუსტიციის მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე; საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე; საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი; საქართველოს მთავარი პროკურატურის პროკურორი წარმომადგენელი; საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე წარმომადგენელი; თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე წარმომადგენელი; ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე წარმომადგენელი; საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წარმომადგენელი; საქართველოს სახალხო დამცველი ან მისი წარმომადგენელი; საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენელი; „საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის“ („სიფა“) წარმომადგენელი; სსიპ „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ იურიდიული ფაკულტეტის დეკანი; კოალიციის − „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის“ − წარმომადგენელი.

ამის შესახებ მთავრობამ შესაბამისი დადგენილება 20 თებერვალს გამოსცა.

https://matsne.gov.ge/ka/document/view/3586117

კომისიის შემადგენლობა კიდევ უფრო გაფართოვდა წინა კონკურსთან შედარებით, ხოლო კანდიდატებისათვის საგამოცდო ეტაპები დარჩა იგივე.

უწყების განმარტებით, კერძოდ, კონკურსი რამდენიმე ეტაპად ჩატარდება:

 საბუთების მიღება და მათი საკონკურსო განაცხადთან შესაბამისობის დადგენა; პირველი ეტაპის შედეგად წარმატებული მოსამართლეობის მსურველები ჩააბარებენ გამოცდას უცხო ენაში; გამარჯვებულ კანდიდატებს კომისია გაესაუბრება; კომისიის თითოეული წევრი კანდიდატს გასაუბრების დღესვე შეაფასებს და მიანიჭებს მას ქულას. 

კომისიის წევრების მიერ მინიჭებული ქულების საფუძველზე, სამდივნო გასაუბრების დღესვე გამოიყვანს თითოეული კანდიდატის საშუალო ჯამურ ქულას, რომლის საფუძველზეც, კანდიდატთა სქესის შესაბამისად, შედგება ორი სია. ჯამური ქულების გამოყვანის პროცესზე დასწრება შეუძლიათ შესარჩევი კომისიის წევრებს, როგორც ეს იყო წინა კონკურსის დროსაც.

სამდივნოს მიერ კომისიის წევრების მიერ დაწერილი ქულების დაჯამების შედეგად შედგენილი ორი სიის საფუძველზე შედგება საბოლოო, 5-კანდიდატიანი სია,  რომელშიც ორივე სიიდან შევლენ საუკეთესო შედეგების მქონე კანდიდატი ქალები და მამაკაცები.

ევროპის საბჭოს სტანდარტის შესაბამისად, სია უნდა იყოს გენდერულად დაბალანსებული.
კანდიდატთა ხუთპირიან სიას სამდივნო გააცნობს კომისიის წევრებს, ხოლო კომისიის თავმჯდომარე კომისიის სახელით წარუდგენს საქართველოს მთავრობას. საქართველოს მთავრობა წარდგენილი კანდიდატებიდან შეარჩევს ნებისმიერ სამ კანდიდატს, რომელთა ვინაობა და საბუთები  თავდაპირველად წარედგინება ექსპერტებისგან შემდგარ მრჩეველთა პანელს, რომელიც შექმნილია ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეზოლუციის საფუძველზე და გასცემს რეკომენდაციას იმის შესახებ, აკმაყოფილებენ თუ არა წარდგენილი კანდიდატები კონვენციით დადგენილ მოთხოვნებს. ამის შემდეგ სია გადაეცემა შესაბამის კომიტეტს, რომელიც კენჭს უყრის სიის მისაღებობას და, დადებითი კენჭისყრის შემთხვევაში, მოუსმენს სამივე კანდიდატს.

გასაუბრებების შემდეგ კომიტეტი რეკომენდაციას გაუწევს ერთ-ერთ მათგანს. 

პროცედურის დასასრულ, კანდიდატთა სამპირიანი სია წარედგინება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას, რომელიც ირჩევს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეს. 

დაინტერესებულ კანდიდატებს განაცხადის ნახვა და კანდიდატურის დაყენება  შეუძლიათ იუსტიციის სამინისტროსა (http://www.justice.gov.ge/) და საჯარო სამსახურის ბიუროს (https://www.hr.gov.ge/) ვებგვერდზე. 

(NS) 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთში Starlink-ის ტერმინალების იმპორტი აიკრძალა
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics