05:38 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-24 13:56:56, 1002 ნახვა

საზოგადოება
აფბა: ქართულმა ნავთობკომპანიებმა ფასები იმაზე ადრე გაზარდეს, ვიდრე აქციზი გაიზრდებოდა

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია - აფბა“ ქართული საწვავის ბაზარზე არსებულ მდგომარეობას აფასებს. როგორც „აფბას“ ანალიტიკოსი პაატა ბაირახტარი აცხადებს, კომპანიებმა ბოროტად ისარგებლეს აქციზის გადასახადის ზრდით და საწვავზე ფასები იმაზე ადრე გაზარდეს, ვიდრე აქციზის გადასახადი გაიზრდებოდა.

„ბოლო 2 თვის მანძილზე, ქართულ საწვავის ბაზარზე ფასების კორექტირება, ზრდის კუთხით 5 ჯერ მოხდა და საერთო ჯამში საწვავის ფასი 18 %- ზე მეტით გაიზარდა. ქართულ ბაზარზე ფასების ზრდის რამდენიმე ფუნდამენტური მიზეზი დასახელდა, ისეთები როგორებიც იყო, მსოფლიო ბირჟებზე ნავთობის ფასის მატება, ეროვნული ვალუტის დევალვაცია და ნავთობპროდუქტებზე აქციზის გადასახადის გაზრდა. 2016 წლის დეკემბერში მსოფლიო ბაზარზე მცირედით, მართლაც გაიზარდა ნავთობის ფასი და მან ბარელზე 58 დოლარს მიაღწია, რისი მიზეზიც „ოპეკის“ 10 დეკემბრის გადაწყვეტილება გახდა, რომლის მიხედვითაც „ოპეკის“ წევრი ქვეყნები მოპოვების შემცირებაზე კიდევ ერთხელ შთანხმდნენ. ამ პერიოდისთვის ქართულმა ნავთობიმპორტიორმა კომპანიებმა წინასწარ საშუალოდ 5 თეთრით გაზარდეს ერთი ლიტრი ბენზინის ფასი. (ლარის კურსი დროის ამ მონაკვეთში 2.58). ამის შემდეგ ეროვნულმა ვალუტამ დევალვაცია განიცადა და კომპანიებმა კიდევ 5 თეთრით გაზარდეს საწვავის ღირებულება. კიდევ ერთი პრევენციული ქმედება ნავთობპროდუქტების იმპორტიორმა კოპანიებმა 2016 წლის დეკემბრის მიწურულს მოახდინეს, როდესაც საწვავის ფასზე მოქმედი ყველა ძირითადი პარამეტრის უცვლელობის პერიოდში საწვავის ფასი კიდევ ერთხელ გაზარდეს 5 თეთრით. „აფბა“ მიიჩნევს, რომ კომპანიებმა ამ ქმედებით, აქციზის გადასახადის მოსალოდნელი ზრდა გამოიყენეს მოგების კიდევ უფრო გასაზრდელად და აქციზის გადასახადის მარჟა წინასწარ ჩადეს საწვავის ფასში.

რაც შეეხება დღევანდელ მდგომარეობას, დღეს ერთი ლიტრი პრემიუმის ტიპის საწვავის ღირებულება 2.19 ლარს აღწევს, ამის მთავარ განმაპირობებელ ფაქტორად კი აქციზის გადასახადის გაზრდა სახელდება. მაგრამ თუ გადავხედავთ ძირითად განმაპირობებელ ფაქტორებს ნათლად ჩანს რომ კომპანიებმა იმაზე გაცილებით მეტად გაზარდეს საწვავის ფასი, ვიდერე ამას აქციზის გადასახადი და სხვა ფუნდამენტური ფაქტორები განაპირობებს.

2017 წლის პირველი იანვრიდან, აქციზის ღირებულება ერთ ლიტრ საწვავში გაიზარდა 15 % -ით, 2016 წლის დეკემბრიდან დღემდე კი საწვავის ფასი ქვეყანაში გაიზარდა 18.26% -ით. ამას ემატება ბოლო ერთ თვეში თითქმის 10 % - მდე შემცირებული ნავთობის ფასი მსოფლიო ბაზრებზე და ბოლო 2 კვირაში თითქმის 8% - ით გამყარებული ლარი“ - აცხადებს ბაირახტარი.

მისივე თქმით, დღეს ნავთობკომპანიები უსამართლოდ გაბერილი ტარიფებით ოპერირებენ, რასაც სახელმწიფო ვერაფერს უპირისპირებს და ზიანდება ისედაც რთულ ეკონომიკურ მდგომარეობაში ჩავარდნილი მომხმარებელი. მსგავს სიტუაციაში მნიშვნელოვანია, რომ ნავთობკომპანიებმა იგრძნონ ის სოციალური პასუხისმგებლობა, რაც მათ საზოგადოების წინაშე გააჩნიათ და არ ისარგებლონ ბოროტად ყველა სიტუაციაში, როდესაც გარკვეული ობიექტური გარემოებების გამო ცვლილებების განხორციელება ხდება საჭირო ცალკეულ გადასახადებთან მიმართებაში.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics