19:45 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-05 20:21:31, 1186 ნახვა

საზოგადოება
"სოლიდარობის ფონდი" ანასტასია ზაალიშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და განცხადებას ავრცელებს

"სოლიდარობის ფონდი" ანასტასია ზაალიშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და მისი ოჯახის ტრაგედიას იზიარებს, - ამის შესახებ "სოლიდარობის ფონდის" განცხადებაშია აღნიშნული. 

ამასთან, ფონდი მის საქმიანობასთან დაკავშირებულ ცრუ ბრალდებებს გამოეხმაურა. 

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ასტასია ზაალიშვილის მკურნალობის, თურქეთში ტრანსპორტირებისა და შემდეგ გადმოსვენების ხარჯები სრულად საქართველოს სოლიდარობის ფონდმა და ჯანდაცვის სამინისტრომ დაფარეს.

"ექსპრესნიუსი" განცხადებას გთავაზობთ:

"ვინაიდან ბოლო დროს გახმაურებულ მოვლენებთან დაკავშირებით ძალიან ბევრი დეზინფორმაცია და ცრუ ბრალდება გავრცელდა "სოლიდარობის ფონდის" საქმიანობის გარშემო, გადავწყვიტეთ გვეპასუხა ყველა შეკითხვაზე. მინდა ვუპასუხო ბრალდებებს იმ ფონდის წინააღმდეგ, რომელმაც ასობით სიცოცხლე გადაარჩინა და ასობით ოჯახი სოციალური სიდუხჭირისგან იხსნა, ფონდი რომელსაც საერთაშორისო აღიარება აქვს 8 ქვეყნის 20 კლინიკის მიერ და ფონდი, რომლის საქმიანობაც გაეროს მაღალი დონის ტრიბუნიდან დადებითად შეფასდა.  

ანასტასია ზაალიშვილის მკურნალობის, თურქეთში ტრანსპორტირებისა და შემდეგ უკვე გადმოსვენების ხარჯები სრულად დაფარა საქართველოს სოლიდარობის ფონდმა და ჯანდაცვის სამინისტრომ. არცერთი წუთით სოლიდარობის ფონდის დაფინანსება თურქეთის კლინიკაში არ შეწყვეტილა.

ანასტასია ზაალიშვილის შესახებ სოციალურ ქსელში ინფორმაციის გავრცელებისთანავე 6 დეკემბერს, "სოლიდარობის ფონდი" ბავშვის დედას დაუკავშირდა, რისი დამადასტურებელი დოკუმენტაციას არსებობს. იმ დროისთვის, მშობელმა განაცხადა, რომ იაშვილის კლინიკაში ბავშვის მკურნალობა სრულად ფინანსდებოდა სახელმწიფოს მხრიდან და დამატებითი ფინანსური საჭიროების შემთხვევაში მოგვმართავდა. უკვე 20 დეკემბერს ფონდის წარმომადგენელი იაშვილის კლინიკაში ანასტასიას ჯანმრთელობის მდგომარეობის გადასამოწმებლად მივიდა. ოჯახმა იცოდა, რომ ბავშვის მკურნალობა დაფინანსდებოდა ფონდის მიერ, მაგრამ სოციალურ ქსელში არ წყდებოდა მოწოდებები ანასტასიას დახმარებისთვის. 

მოვლენები განვითარდა შემდეგი თანმიმდევრობით: ოჯახმა 23 დეკემბერს, ფონდში შემოიტანა განაცხადი სრული დოკუმენტაციით, მათ შორის ექსპერტული დასკვნაც. ანასტასიას მკურნალობის დაფინანსებაზე გერმანიაში „ჰელიოს“ კლინიკიდან, 90 ათასი ევროს მოცულობით. თანხა იმავე საღამოს 23 დეკემბერს ელექტრონული კომისიის მიერ იქნა დამტკიცებული, თუმცა გერმანიის კლინიკასთან შეიქმნა შემდეგი პრობლემა - ბავშვს ვერ მიიღებდნენ 10 იანვრამდე. აქედან გამომდინარე, ფონდმა დაიწყო მუშაობა ანასტასიას თურქეთში გამგზავრებაზე. რადგან ბავშვის მდგომარეობა იყო მძიმე და დრო არ იცდიდა, "სოლიდარობის ფონდმა" მყისიერად მოახდინა კოორდინაცია თურქეთის კლინიკასთან, ვინაიდან ბავშვს სასწრაფო რეჟიმში სამედიცინო დახმარება მიეღო.

აქვე განვმარტავთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ფონდი მხოლოდ მკურნალობას აფინანსებს და აქ ფონდის საქმიანობა და ლეგიტიმაცია წყდება, ეს ის შემთხვევა იყო, როდესაც ფონდი რიგი პრობლემების მოგვარებაში ჩაერთო.

ანასტასია ზაალიშვილი და მისი მშობლები თურქეთიდან დეპორტირებულები იყვნენ, თუმცა მანამდე ამის შესახებ ინფორმაცია არსად ვრცელდებოდა. მოგეხსენებათ, ბავშვი ავად ჯერ კიდევ თურქეთში ყოფნის დროს გახდა და გამომდინარე იქიდან, რომ ოჯახი თურქეთის რესპუბლიკაში არალეგალურად იმყოფებოდა, კლინიკამ ბავშვზე პასუხისმგებლობა არ აიღო და საქართველოში დეპორტაციით გამოუშვეს. გარდა ამისა, ისიც ცნობილია, რომ ბავშვს ურთულესი დიაგნოზი - მედულობლასტომა, მე-4 სტადია აღმოაჩნდა. 

რაც შეეხება იმ ბრალდებებს, რომ თითქოს ფორმალობების გამო დაგვიანდა რეაგირება, ამასთან დაკავშირებით გაცნობებთ - ბავშვის დაფინანსებაზე განაცხადი ფონდში შემოვიდა 2016 წლის 23 დეკემბერს, დაფინანსება ელექტრონული კომისიის წესით განხორციელდა იმავე დღეს 23 დეკემბერს, ხოლო ანასტასიას ტრანსპორტირება მოხდა განცხადების შემოტანიდან 48 საათში. ეს 48 საათი, განისაზღვრა შემდეგი გარემოებებიდან გამომდინარე: ამ პერიოდში ბავშვს იაშვილის კლინიკაში ჩაუტარდა ოპერაცია, ჩაედგა დრენაჟი, რათა უზრუნველყოფილიყო სტაბილური ტრანსპორტირება და ექიმები მდგომარეობის დასტაბილურებას ელოდებოდნენ, რომ პაციენტს ტრანსპორტირება შეძლებოდა. თურქეთის კლინიკა დათანხმდა ბავშვის მიღებას და ბავშვის და მშობლის დეპორტაციის საკითხი მოგვარდა.

აქვე განვმარტავთ ფონდის მუშაობის პროცედურებს და სპეციფიკას, რაც რეგულირდება შესამაბიმის საკანონმდებლო აქტებით და რაც პროცესს გამჭვირვალეს ხდის. "სოლიდარობის ფონდი" თითოეული ბენეფიციარის კომისიური წესით დაფინანსების შემდეგ მკურნალობისთვის საჭირო  თანხას კლინიკაში რიცხავს და არა ოჯახის ანგარიშზე, ბავშვის ანგარიშზე და რასაკვირველია ხელზე არ გასცემს. ფონდის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია სისტემატურად ქვეყნდება და დაინტერესების შემთხვევაში ნებისმიერ ადამიანს მიუწვდება ხელი.

მოგიწოდებთ, თავი შევიკავოთ დეზინფორმაციის გავრცელებისაგან, ვინაიდან "სოლიდარობის ფონდის" დახმარებას არაერთი პაციენტი ელის და მსგავსი ინფორმაციის გავრცელება, ფონდის რეპუტაციას საზღვარგარეთ კლინიკებში,  ქართველი პაციენტების მიღების შესაძლებლობებს მათი მხრიდან და ასევე ფონდში თანხების მობილიზებას აფერხებს.

კიდევ ერთხელ მადლობა თითოეულ ადამიანს, ფონდებს ანასტასიას და მისი ოჯახის გვერდში დგომისთვის“, - ნათქვამია "სოლიდრაობის ფონდის" აღმასრულებელი დირექტორის სოფიო კაკალიაშვილი-ძაგნიძეს განცხადებაში.

ცნობისთვის, „სოლიდარობის ფონდი" 2014 წლიდან ფუნქციონირებს და სიმსივნით დაავადებულ ბავშვებსა და 22 წლამდე ახალგაზრდების მკურნალობას აფინანსებს. დღეის მდგომარეობით, საქართველოს "სოლიდრაობის ფონდმა" 352 სიმსივნით დაავადებული ბავშვი და 22 წლამდე ასაკის ახალგაზრდა დააფინანსა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის ინტერესთა სექცია: დავასუფთავეთ კუკიის სასაფლაოზე მდებარე სამამულო ომის მემორიალი
ზურაბიშვილი პარტიების აკრძალვაზე: ოცნებას კონკურენციის და დემოკრატიის უნარი არ გააჩნია
ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე განაჩენი 6 მაისს გამოცხადდება
სასკოლო ფორმებზე 45 მილიონამდე ლარის ღირებულების გამარტივებული შესყიდვა გამოცხადდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics